ცხოვრება ხელბურთში: იმედო ფხაკაძე

ქართველ ხელბურთელთა პირველი თაობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, იმედო ფხაკაძე 75 წლის გახდა. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი თბილისის „ქარიშხალას“ შემადგენლობაში, მრავალგზის პრიზიორი, მსოფლიო ორი ჩეპიონატის მონაწილე თავისი დროის ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი იყო, მოთამაშის კარიერის დასრულებისთანავე „ქარიშხალას“ მწვრთნელი გახდა და ოლიმპიური ჩემპიონი, ალექსანდრე ანპილოგოვი დააოსტატა. 2012 წლიდან იმედო ფხაკაძე საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია.  

– ხელბურთელობამდე ვჭიდაობდი, თავისუფალი სტილით. სადღაც, 16-17 წლამდე, ასაკობრივ ტურნირებზე გარკვეული წარმატებები მქონდა. ხელბურთელი იმის წყალობით გავხდი, რომ თბილისის მეათე საშუალო სკოლაში ჩემთან ერთად საქართველოს ხელბურთელთა ჭაბუკთა ნაკრების წევრები სწავლობდნენ, ჩემი მეგობრები. მეც ვსინჯე და როდესაც 1960 წელს ჩვენი გუნდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა ჭაბუკებში, „ქარიშხალას“ მწვრთნელმა გიორგი შარაშიძემ მაშინათვე ამიყვანა.

ხელბურთი მაშინ ახალი სახეობა იყო, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი პირველად 1962 წელს გაიმართა, იქამდე გაიხსნა თბილისის სპორტის სასახლე, პირველი სპორტული შეჯიბრი კი ახალ არენაზე იყო საქართველო-უნგრეთის მატჩი 1961 წლის 19 მაისს, რომელიც ჩვენ მოვიგეთ 17-15, მეორე დღეს კი იგივე მეტოქე 14-13 დავამარცხეთ. ამ ორ მატჩში, რომელსაც 10-10 ათასი მაყურებელი დაესწრო და ამისი დამადასტურებელი ვიდეოფირიც არსებობს, მე არ მითამაშია, მაგრამ უკვე ნოემბერში, როდესაც ორჯერ დავამარცხეთ დანიის ნაკრები (ორივეჯერ 20-13), უკვე „ქარიშხალას“ ხელბურთელი ვიყავი.

ცაცია არა ვარ, მაგრამ რატომღაც მარჯვენა კუთხიდან უფრო მეხერხებოდა შეტევა, ჩვენი ცაცია, ლერი კარტოზია კი პირიქით, მარცხენა გარემარბი იყო. ამის გამო ისიც უკითხავთ: ალბათ, მაგ დროს ეგრე იყო მიღებული ხელბურთშიო, მაგრამ არა: მაშინაც ისე, იყო, როგორც ახლაა – ცაცია მისთვის უფრო მოსახერხებელ, მარჯვენა კუთხეში იდგა და მემარჯვენე – მარცხენაში. ერთადერთი, ჩეხეთის ნაკრების მარჯვენა გარემარბი მახსენდება, რომელიც ცაცია არ იყო. მეც ასე უფრო მეხერხებოდა და ბოლომდე მარჯვენა კუთხიდან ვთამაშობდი.

1962 წელს გაიმართა საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონატი, რომელიც წაუგებლად ჩავამთავრეთ – ოთხი მოგება და სამი ფრე, თუმცა, ჩემპიონობა გავინაღდეთ სულ ბოლო თამაშის  შემდეგ – კაუნასის „სპორტჰალეში“, მასპინძელთა გუნდთან, რომელიც მოგების შემთხვევაში თავად ხდებოდა ჩემპიონი, ჩვენ კი ფრეც გვყოფნიდა და 17-17 ვითამაშეთ. 1963 წელს მესამე ადგილი დავიკავეთ, 1964 წელს კი მეორედ გავხდით ჩემპიონები. ბოლო ტურის წინ აქაც წაუგებლები ვიყავით (9 მოგება და 1 ფრე), მაგრამ ზაპოროჟიეს „ალუმინსტროი“ ერთი ქულით ჩამოგვრჩებოდა და ბოლო მატჩიც მათთან გვქონდა – 25-17 მოვუგეთ.

ამავე წლებში, როგორც საქართველოს ნაკრებმა, თბილისის სპორტის სასახლეში ორიდან ერთი მატჩი მოვუგეთ მსოფლიოს მაშინდელ ჩემპიონს, რუმინეთს (15-14, 13-15) და მსოფლოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს,  შვედეთის ნაკრებს (27-24, 13-13). იმ წლებში, ჩვენს მატჩებზე, სპორტის სასახლე ყოველთვის სავსე იყო. 

მწვრთნელ გიორგი შარაშიძეს მართლაც უძლიერესი გუნდი ჰყავდა: ჯემალ ცერცვაძე, თამაზ ანთაძე, ჯემალ აბაიშვილი, ანზორ ექსეულიძე, ჯანო ბაგრატიონი, გარი მაჭავარიანი, ლერი კარტოზია, ბორის კოპალეიშვილი, თეიმურაზ ზარდალიშვილი, ილია შელეგია, არტურ რატიანიძე, ალექსანდრე ხუციშვილი…

რა თქმა უნდა, ჯემალ ცერცვაძე ჩვენს შორის გამორჩეული იყო. ახალგაზრდებს რამდენჯერმე უკითხავთ ჩემთვის: მართლა ასეთი მაგარი იყო ცერცვაძეო? კი, მართლა ძალიან მაგარი იყო! და მარტო თავისი დროის კი არა, მიმაჩნია, რომ მსოფლიო ხელბურთის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავია. მერე, როდესაც ცერცვაძემ კარიერა დაასრულა, რამდენჯერმე შევსწრებივარ, როგორი დიდი პატივით ხვდებოდნენ მას უცხოელები და შორს რომ არ წავიდეთ,  აგერ, წლეულს, თბილისში ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე ჩამოსულმა ჰასან მუსტაფამ, საერთაშორისო ფედერაციის  პრეზიდენტმა, ჩამოსვლისთანავე ჯემალ ცერცვაძე ახსენა და მასთან შეხვედრა ითხოვა. ძველი მეგობრები არიან, ჰასანი ეგვიპტის ნაკრებში თამაშობდა იმ დროს და აქაური მსოფლიო ჩემპიონატის დაჯილდოების ცერემონიალიც ერთად ჩაატარეს. დოქტორი მუსტაფა თან ახალგაზრდა მოთამაშეებს აცნობდა თავის მეგობარს – თქვენ იცით, ეს კაცი ვინაა, ვინც მედალი ჩამოგკიდათო?

გიორგი შარაშიძე იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელიც 1964 და 1967 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე. 1964 წელს მე რაღაცის გამო დისკვალიფიკაცია მქონდა, ნაკრებში ცერცვაძე, მეკარე აბაიშვილი და ექსეულიძე მოხვდნენ, 67 წელს მე და ჯემალმა ვითამაშეთ,  1970 წლის ტურნირზე კი ქართველებიდან მარტო მე ვიყავი. 1968 წელს მეკარე ალექსანდრე ხუციშვილთან ერთად მსოფლიო სტუდენტური ჩემპიონატი მოვიგე.

1964 წლის შემდეგ საკავშირო ჩემპიონატში კონკურენცია ძალიან გაიზარდა. რუსებმა პირველი სამი ჩემპიონატი როგორღაც გაატარეს – ორჯერ ჩვენ მოვიგეთ ტიტული და ერთხელ ლიტველებმა, მაგრამ სამოციანი წლების მეორე ნახევარში ხელბურთი უკვე შეიტანეს 1972 წლის ოლიმპიადის პროგრამაში და მოსკოვს უკვე ორი ძალიან სერიოზული კლუბი ჰყავდა – ცსკა და მაი. მათ კარგა ხანი აღარ დაუთმიათ პირველობა, ოთხმოვიან წლებამდე, როცა უკვე მინსკის გუნდი გახდა ჩემპიონი, თუმცა,“ქარიშხალამ“ ამ კონკურენციაში ზედიზედ სამჯერ (1965, 66, 67) მოიპოვა ვერცხლის მედლები, შემდეგ კი, თაობათა ცვლაც დაგვეწყო.

1972 წელს, მიუნხენში, ხელბურთი პირველად იყო ოლიმპიადაზე, და, სამწუხაროდ, უქართველებოდ. ამ დროს ნაკრების მწვრთნელი უკვე იყო ანატოლი ევტუშენკო. მე სულ 30 წლის ვიყავი და მგონია, რომ ამ ოლიმპიადისთვის ნაკრებში ადგილს ვიმსახურებდი, მაგრამ მწვრთნელმა სხვაგვარად გადაწყვიტა. სსრკ ნაკრებმა მიუნხენში მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა, მე კი, განაწყენებულს, ხელბურთიდან წასვლა მინდოდა, თუმცა, „ქარიშხალას“ ახალი მწვრთნელი ჰყავდა, ჩემი მეგობარი ჯანო ბაგრატიონი და მისი ხათრით, კიდევ ორი სეზონი ვითამაშე.

სწორედ ამ პერიოდში გარი მაჭავარიანმა მოიყვანა გუნდში ახალგაზრდა ალექსანდრე ანპილოგოვი, რომლის საჭირო ფიზიკურ კონდიციებში მოსაყვანად, ბევრი შრომა დაიხარჯა. 1974 წლიდან უკვე „ქარიშხალას“ მთავარი მწვრთნელი ვიყავი, 1975 წელს მესამე ადგილი დავიკავეთ სსრკ ხალხთა სპარტაიადაზე, ანპილოგოვი კი, 22 წლისა, 1976 წლის ოლიმპიადაზე მოხვდა და ფინალში, რუმინეთთან ორი უმნიშვნელოვანესი გოლიც გაიტანა მეორე ტაიმში. ამის შემდეგ ის კარგა ხანი იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების ლიდერი, გახდა მსოფლიო ჩემპიონიც. ის უკვე ახალი ტიპის მოთამაშე იყო და სწორედ მისი გამოჩენის შემდეგ გაჩნდა ხელბურთში ორ მეტრზე მაღალი მოთამაშეების დაწინაურების ტენდენცია.

„ქარიშხალაში“ ორი სეზონი ვიყავი, შემდეგ კი გუნდი გადაიბარა ჩემმა კიდევ ერთმა თანაგუნდელმა გარი მაჭავარიანმა, რომელმაც რამდენჯერმე მოიპოვა საკავშირო ჩემპიონატის მედლები, მოიგო საბჭოთა კავშირის თასის პირველი გათამაშება 1978 წელს და რამდენჯერმე ახლოს იყო ჩემპიონობასთანაც.

მე, რა თქმა უნდა, ხელბურთში  დავრჩი და თითქმის მთელი ცხოვრება აქ ვარ. ჯერ ვიყავი ე.წ. სახელმწიფო მწვრთნელი, 1976 წელს რამდენიმე თვით მიმავლინეს იორდანიაში, ამ ქვეყნის ნაკრებმა კი პირველად, ყველა სათამაშო სახეობაში, არაბულ თამაშებზე მესამე ადგილი დაიკავა. შემდეგ ორი წლით აფრიკაში, მალიში მიმავლინეს, მაგრამ მაინცდამაინც დიდი პერსპექტივა ვერ შევატყვე ამ ქვეყნის ხელბურთს და შევეშვი. ჩემი სპეციალობით, ეკონომისტად ვმუშაობდი სპორტის სამინისტროში, 1994 წლიდან ვიყავი განათლების სამინისტროს სპორტსკოლის დირექტორი, 2007-08 წლის იანვარში ცოტა ხნით ვიყავი მწვრთნელი საქართველოს ნაკრებისა, რომელმაც ჩელენჯ ტროფი მოიპოვა, 2012 წლიდან კი ზურაბ კაკაბაძემ ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტობა შემომთავაზა.

ბოლოს შევეცდები, რომ ქართული ხელბურთის მომავალზე და პერსპექტივაზე ვისაუბრო. ქართველებს ზოგადად მოგვდგამს სათამაშო სახეობების ნიჭი, ეს ცნობილი ამბავია. დიდი ტრადიციებზე, ტიტულებზე და მსოფლიო ხელბურთის ქართველ ვარკვლავებზე უკვე ვისაუბრე. რამდენიმე შესანიშნავი მოთამაშე და ძალიან რიგიანი ნაკრები გვყავდა უკვე დამოუკიდებლობის პერიოდში, 90-იან წლებში. ორიათასიან წლებში უკვე ჩავარდნა დაგვეწყო, რაც იმით იყო განპირობებული, თუ, რა ხდებოდა ქვეყანაში და, ზოგადად სპორტში, 90-იან წლებში. და იმ უმძიმესი პირობების მიუხედავად აქ მაინც გაიზარდა რამდენიმე საერთაშორისო დონის ხელბურთელი, რომლებიც უკვე ვეტერანები არიან. ფედერაციაში გადავწყვიტთ, რომ აქცენტი მომავალზე ავიღოთ და მთელი ყურადღება გადავიტანეთ ახალგაზრდა თაობებზე. მათ არ გამოუტოვებიათ არცერთი ოფიციალური ტურნირი, შინაურ არენაზე ითამაშეს ახალგაზრდული ოლიმპიადა, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები, მიიღეს უდიდესი გამოცდილება.  სპორტული თვალსაზრისით, დიდი შედეგი არ გვქონია, მაგრამ ეს  კი არაა ასაკობრივი ნაკრებების მთავარი ამოცანა,  არამედ ეროვნული გუნდისთვის მოთამაშეების გაზრდა.  2017 წლის ბოლოსთვის საინტერესო ვითარება შეიქმნა: ერთი ჭაბუკი მოთამაშე ფრანგულმა  კლუბმა აიყვანა, ორი დანიაში წავიდა, ერთი – ესპანეთში და კიდევ გვყავს რამდენიმე ძალიან პერსპექტიული ხელბურთელი. ანუ უკვე ჩვენი მუშაობის შედეგიც გამოჩნდა, ჯერჯერობით ამ სახით. თუ ასე გაგრძელდა და ხელბურთში  თუ რამე დამეჯერება, ეს ორ-სამ წელიწადში აუცილებლად აისახება ჩვენი ეროვნული ნაკრებების შედეგებზეც. 

ვიდეო: ძველი ხელბურთი თბილისის სპორტის სასახლეში:

https://www.youtube.com/watch?v=hZ9a8bFQCNE

იმედო ფხაკაძე (დაიბადა 20.11.1942), თამაშობდა თბილისის ქარიშხალასა (1962-74) და სსრკ ნაკრებში (1963-71). საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1962, 64), ვერცხლის (1965, 66, 67) და ბრინჯაოს პრიზიორი (1963). მსოფლიოს ორი ჩემპიონატის მონაწილე (1967, 70), მსოფლიოს სტუდენტური თამაშების ჩემპიონი (1968). ხელბურთელის კარიერის შემდეგ იყო თბილისის ქარიშხალას მთავარი მწვრთნელი (1974-77, მისი აღზრდილია ოლიმპიური ჩემპიონი ალექსანდრე ანპილოგოვი), წვრთნიდა იორდანიის (1976)  და საქართველოს ნაკრებებს (2008). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. 2012 წლიდან საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტია

Leave a Reply