ერთბურთიანი წაგება ისრაელთან

ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ახალ სპორტის სასახლეში 37-38 წააგო პირველი ამხანაგური მატჩი ისრაელის ეროვნულ გუნდთან. ოთხშაბათ დილას, 10 საათზე, მეორე მატჩია. 4 იანვარს  ამავე არენაზე უკვე ევრო 2020-ის შესარჩევი თამაში გვაქვს ლუქსემბურგთან.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში გამარჯვების შანსები იტალიასთან ორი მარცხის შემდეგ აღარა აქვს და მიზნის მიღწევას, ანუ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მთავარ შესარჩევ რაუნდში მოხვედრაას, 2017 წლის ივნისში, ჩელენჯ ტროფიდან შეეცდება.  ახალმა მწვრთნელმა ბექა ორჯონიკიძემ შემადგენლობის გაახალგაზრდავება დაიწყო და ამაში ისრაელთან და ლუქსემბურგთან 4 მატჩსაც იყენებს.

ნაკრებს ლიდერებიდან ისრაელთან მხოლოდ თევზაძე და ჩიქოვანი იყვნენ. მწვრთნელმა თითქმის ყველას მისცა შანსი და შეტევაში გუნდმა საკმაოდ დაბალანსებული თამაში აჩვენა. გოლი 9 ხელბურთელმა გაიტანა, ყველაზე შედეგიანები კი იყვნენ 18 წლის კბილაშვილი და 19 წლის დიხამინჯია.  

დაცვაში ჩავარდნის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ისრაელის ნაკრების მწვრთნელი შაჰარ ჰაბერი მთელი მატჩის განმავლობაში იყენებდა შეტევაში ცარიელი კარის ტაქტიკას – სტუმრების მეკარე გუტერმანი ადგილს მეშვიდე მოთამაშეს უთმობდა და ისრაელი ორი პივოტით უტევდა, დაცვაში კი მწყობრად ბრუნდებოდა.  შედეგად, მარტო მათმა ძირითადმა ხაზის მოთამაშემ შკალიმმა 9 გოლი გაგვიტანა 6 მეტრიდან. ისრაელი თავიდანვე დაწინაურდა და სხვაობამ კრიტიკულს პირველი ტაიმის ბოლოს უწია – 11-20, თუმცა, შესვენების წინ დიხამინჯიამ სხვაობა ხუთამდე შეამცირა – 15-20.

შესვენების შემდეგ ჩვენმა გუნდმა მოუნახა გასაღები ისრაელის 3-2-1 დაცვასაც და ორმაგ ხაზსაც – მეორე ტაიმში უკვე 3 გოლი გავიტანეთ მეტოქის ცარიელ კარში და სხვაობამ კლება იწყო. ბოლო 5 წუთში ანგარიში სამჯერ დავიდა ორ ბურთამდე – დასრულებამდე 2 წუთით ადრე 35-37 ვაგებდით და შეტევაში დავკარგეთ ბურთი, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. ბოლო წუთზე ირაკლი კბილაშვილმა ორჯერ გაიტანა და საბოლოოდ მინიმალური სხვაობით დავმარცხდით, 37-38.

ხელბურთი, ამხანაგური მატჩი. ეროვნული ნაკრებები

საქართველო – ისრაელი 37-38

თბილისი, ახალი სპორტის სასახლე.  27 დეკემბერი

საქ: თევზაძე – კბილაშვილი 8, დიხამინჯია 7,  ჩიქოვანი 6, ორჯონიკიძე 4, გრიშიკაშვილი 4, წითელიშვილი 3, სიმონია 2, რუსტამოვი 2, აბრამიშვილი 1, მიქავა (ტორონჯაძე, ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი – ცხოვრებაძე, გოგავა) – მწვ. ორჯონიკიძე

ისრ: გუტერმანი (ბარ გილი) – ჰერშკოვიცი 10, შკალიმი  9, ტურკენიცი 5, კალდერონი 4, კუშმარო 4, ზიტლერი 4, კაცი 2, კორდოვა, ჰარარი, პერესი, ნაგარი – მწვ. ჰაბერი

მსაჯები: ვ. ბაძაღუა, ლ. ოსიყმაშვილი

მეორე მატჩი: 28 დეკემბერი, 10:00

ევრო 2020, კაცები. პირველი შესარჩევი ეტაპი

3 ჯგუფი: იტალია, ლუქსემბურგი, საქართველო

2 ნოემბერი. იტალია-საქართველო 26-19, 6 ნოემბერი. საქართველო-იტალია 25-28

4 იანვარი. საქართველო-ლუქსემბურგი, 7 იანვარი. ლუქსემბურგი-საქართველო

11 იანვარი. ლუქსემბურგი-იტალია, 15 იანვარი. იტალია-ლუქსემბურგი

ჯგუფი: თურქეთი, ესტონეთი, კოსოვო

02.11.16 თურქეთი – კოსოვო 26-22, 06.11.16 კოსოვო – თურქეთი 24-24

ჯგუფი: საბერძნეთი, კვიპროსი, ფარერები – გაიმართება იანვარში

თითო გამარჯვებული გადის მეორე ეტაპზე

დანარჩენი 6 გუნდი მეორე შანსს მიიღებს ჩელენჯ ტროფიზე, 2017 წლის ივნისში.

 

Leave a Reply