იტალიამ სერია შეგვიწყვიტა
ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მეორე მატჩიც წააგო იტალიასთან, 25-28 და დაკარგა ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში პირველობის შანსი. ევრო 2020-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში მოსახვედრად ახლა მეორე შესაძლებლობა გვექნება – 2017 წლის ჩელენჯ ტროფიზე წარმატებით გამოსვლა.
საქართველოს ნაკრებს 2013-15 წლებში ზედიზედ 5 ოფიციალური მატჩი ჰქონდა ჰქონდა მოგებული საკუთარ მოედანზე, მაგრამ ამ სერიის იტალიასთან გაგრძელება ვერ მოახერხა. სირაკუზაში წაგებული თამაშის შემდეგ დაგვემატნენ მსხვილიძე და დათუკაშვილი, საუკეთესოდ ითამაშა ირაკლი ჩიქოვანმა, რომლის 16 დარტყმიდან თერთმეტმა მიზანს მიაღწია, მაგრამ იტალია უფრო დაბალანსებული და თანაბარი გუნდი გამოდგა და ბოლოში მაინც გაგვტეხა.
იტალიასაც ჰყავდა ლიდერები, ტურკოვიჩი და რადოვჩიჩი, მაგრამ მათი მონაგარი ბევრად უფრო თანაბრად გადანაწილდა – სტუმრებმა ყველა პოზიციიდან გაგვიტანეს რამდენიმე გოლი: ორივე კუთხიდან, 6 და 9 მეტრიდან, სწრაფი გარღვევებიდან, საქართველოს ნაკრები კი ზედმეტად აღმოჩნდა დამოკიდებული ორ ლიდერზე, მსხვილიძესა და ჩიქოვანზე, და, რა თქმა უნდა, საბოლოოდ ორივე დაიღალა.
იტალია 3 ბურთით გვიგებდა პირველ ტაიმში, მაგრამ თამაშის ნახევარი 13-13 მორჩა, მეორეში კი რამდენჯერმე ერთი ბურთითაც დავწინაურდით. გადამწყვეტი გამოდგა 51-54 წუთები, როდესაც გარემარბმა კარლო სპერტიმ ზედიზედ ორი გოლი შეგვიგდო, შემდეგ კი დეან ტურკოვიჩმა შვიდმეტრიანი გაიტანა. 22-25 და ამ სიტუაციიდან ვეღარ გამოვედით.
ჯგუფში მომდევნო მატჩები იანვარშია: ჯერ საქართველო და ლუქსემბურგი ითამაშებენ ორჯერ, შემდეგ კი – ლუქსემბურგი და იტალია.
ხელბურთი. ევრო 2020, კაცები. პირველი შესარჩევი ეტაპი
3 ჯგუფი: იტალია, ლუქსემბურგი, საქართველო
6 ნოემბერი, თბილისი, სპორტის სასახლე, 1500 მაყურებელი
საქართველო-იტალია 25-28
საქ: თევზაძე (ტორონჯაძე, ცინცაძე) – ჩიქოვანი 11, მსხვილიძე 6, გრიშიკაშვილი 2, ორჯონიკიძე 2, წითელიშვილი 1, ჭანტურია 1, დათუკაშვილი 1, რუსტამოვი 1, აბრამიშვილი (სიმონია, გვაზავა, დიხამინჯია) – მწვ. ორჯონიკიძე
იტა: ფოვიო (პოსტონია, როსი) – ტურკოვიჩი 7, რადოვჩიჩი 6, სკატარი 4, ჯანოკარო 3, სპერტი 3, პარიზინი 2, ვოლპი 2, იბალი 1, ზონერერი, დარიპანი, მორეტი, ვენტური, კოლაზუონო – მწვ. რადოიკოვიჩი
მსაჯები: იაკუპ ერლეცკი, მაჩეი ლაბუნი (პოლ), დელეგატი: ქენან გიოქმენი (თურ)
2 ნოემბერი. იტალია-საქართველო 26-19
4 იანვარი. საქართველო-ლუქსემბურგი, 7 იანვარი. ლუქსემბურგი-საქართველო
11 იანვარი. ლუქსემბურგი-იტალია, 14 ან 15 იანვარი. იტალია-ლუქსემბურგი
2 ჯგუფი: თურქეთი, ესტონეთი, კოსოვო
02.11.16 თურქეთი – კოსოვო 26-22, 06.11.16 კოსოვო – თურქეთი
1 ჯგუფი: საბერძნეთი, კვიპროსი, ფარერები – გაიმართება იანვარში
თითო გამარჯვებული გადის მეორე ეტაპზე
დანარჩენი 6 გუნდი მეორე შანსს მიიღებს ჩელენჯ ტროფიზე, 2017 წლის ივნისში.
მეორე ეტაპი: ნოემბერი 2018-ივნისი 2019. გათამაშდება ფინალური ტურნირის 20 საგზური. პირდაპირ დაშვებულები არიან: დანია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვენია, ისლანდია, რუსეთი, მაკედონია, ბელარუსი, სერბეთი, მონტენეგრო, ბოსნია, შვეიცარია, პორტუგალია, რუმინეთი, ჰოლანდია, უკრაინა, ლატვია, სლოვაკეთი, ლიტვა, ბელგია, ფინეთი, ისრაელი.
დაემატება 3 გუნდი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან და ჩელენჯ ტროფის გამარჯვებული.
ჩელენჯ ტროფი, ივნისი, 2017. აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, მალტა, ალბანეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, ანდორა, ირლანდია, სომხეთი. დაემატება 6 გუნდი პირველი შესარჩევი ეტაპიდან.
ფინალური ეტაპი: 2020 წლის იანვარი – შვედეთი, ნორვეგია, ავსტრია. მასპინძელთა გარდა პირდაპირ დაიშვება 2018 წლის ევროპის ჩემპიონი.