ჩიქოვანის გუნდი ნახევარფინალშია

რუმინეთის სახელბურთო ჩემპიონატზე, ნახევარფინალში გავიდა ირაკლი ჩიქოვანის გუნდი, ტიმიშოარას პოლიტექნიკა, რომელმაც მეოთხედფინალური სერია 2-1 მოუგო ბუქარესტის სტიაუას. ნახევარფინალში, ორ მოგებამდე, ტიმიშოარა ბუქარესტის დინამოს შეხვდება, თუმცა, ქართველ ხელბურთელს ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს. 

პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე სტიაუამ 29-26 მოიგო, ხოლო მეორე, ტიმიშოარაში – პოლიტექნიკამ, 30-27. ჩიქოვანმა აქ მხოლოდ ორი გოლის გატანა მოასწრო, შემდეგ კი შელაპარაკება მოუვიდა სტიაუას ესტონელ მოთამაშესთან, იოჰანსონთან, რისთვისაც ორივემ წითელი ბარათი მიიღო. სადისციპლინო კომისიამ ესტონელს ფულადი ჯარიმა აკმარა, ჩიქოვანს კი ოთხმატჩიანი სასჯელი გამოუტანა იმ მოტივით, რომ ქართველისთვის ეს პირველი მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა.

გადამწყვეტი მატჩი ბუქარესტში იყო და ჩიქოვანს არ უთამაშია, მისმა გუნდმა კი პირველი ტაიმი 13-7 მოიგო და მეორეში უპირატესობა შეინარჩუნა – 24-23. ნახევარფინალი ასევე ორ მოგებამდეა. ტიმიშოარას მეტოქეა ბუქარესტის დინამო, რომელმაც რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა და მესამე შეხვედრაში საკუთარი მოედნის უპირატესობა აქვს.  პირველი მატჩი 8 მაისსაა ბუქარესტში. ნახევარფინალის მეორე წყვილია CSM ბუქარესტი – პოტაისა ტურდა.

ირაკლი ჩიქოვანი: – იოჰანსონს დიდი ხანია ვიცნობ. ჯერ კიდევ ოდორჰეიში ვთამაშობდით ერთად და ვმეგობრობდით კიდეც, სანაკრებო დონეზეც შევხვედრივართ ერთმანეთს. ჩხუბი არ ყოფილა, ჩვეულებრივი შელაპარაკება მოგვივიდა სათამაშო ეპიზოდის შემდეგ, ამიტომაც გაკვირვებული ვარ, რატომ დავისაჯე ოთხი მატჩით. კლუბმა საჩივარი შეიტანა, სადაც სასჯელის ორ თამაშამდე შემცირებას ითხოვს. თუ ასე მოხდა, მაშინ ბუქარესტის დინამოსთან მეორე მატჩში თამაშის საშუალება მექნება, თუ არა და, ნახევარფინალის მთლიანად გამოტოვება მომიწევს.

ვიდეო: ჩიქოვან-იოჰანსონის ინციდენტი

http://www.digi24.ro/Stiri/Regional/Digi24+Timisoara/Stiri/Chikovani+patru+etape+pe+margine

რაც შეეხება ქართველი ხელბურთელების სხვა კლუბებს, ვლადიმერ რუსიას ოდორჰეი და შოთა თევზაძის რეშიცა მე-5-8 ადდგილებისთვის პლეიოფს ითამაშებენ და პირველ წრეში ერთმანეთს ხვდებიან. პირველი თამაში აქაც 8 მაისსაა.

Leave a Reply