07/02/15 ოთხეულისთვის 6 გუნდი იბრძოლებს
ხელბურთის ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი წრე დასრულდა. 7 მოგებით ლიდერობს სტუ, ხოლო მომდევნო 5 გუნდი ერთქულიანი შუალედითაა განლაგებული, რაც ფინალური ოთხეულისთვის ძალიან დაძაბულ ბრძოლას მოასწავებს.
დღის მთავარ მატჩში სამტრედიამ 37-28 დაამარცხა ბათუმი და მესამე ადგილზე გადაინაცვლა. სამტრედიელებმა მძლავრად დაიწყეს თამაში. შეტევას კარგად უძღვებოდნენ თევზაძე და წივწივაძე, შედეგიანად თამაშობდნენ იობაშვილი და ნიკურაძე, ხოლო დაცვაში მათ კარგად ენაცვლებოდნენ ღაღანიძე და კობახიძე. მე-20 წუთისთვის თასის მფლობელი 17-9 დაწინაურდა და ბათუმს წუთშესვენება დასჭირდა. ტაიმის ბოლომდე, გამთამაშებლად მოთამაშე ილია გოგალაძისა და მარცხენა გარემარბ აბრამიშვილის წყალობით, სხვაობა შემცირდა – 16-21.
შესვენების შემდეგ კარგად ჩაერთო თამაშში სურმავა და ბათუმმა ჩამორჩენა ოთხამდე შეამცირა (23-27), მაგრამ ამის შემდეგ სამტრედიამ მოუმატა. ზედიზედ გაიქცა სწრაფ შეტევაში ნარსია და გამარჯვებულის ვინაობა სირენამდე ათიოდ წუთით ადრე უკვე ცნობილი იყო. სამტრედიამ 37-28 მოიგო და ბათუმმა მეოთხე ადგილზე ჩაინაცვლა.
თბილისურ გუნდებს, ქარიშხალასა და პეგასსაც პრინციპული თამაში ჰქონდათ. გამარჯვების შემთხვევაში პეგასი მეოთხე ადგილზე ადიოდა, თავის მხრივ კი ქარიშხალასაც შეეძლო ოთხეულისთვის ბრძოლაში ჩაბმა.
თამაშის დაწყებისთანავე პეგასი შეზღუდული იყო გიორგი ქობელაშვილის მიერ არჩეული 5+1 დაცვით, ხოლო შეტევაში ბრწყინვალე იყო ცაცია ინსაიდი ლუკა ბულბულაშვილი (9 გოლი პირველ ტაიმში). ქარიშხალა თავიდანვე დაწინაურდა (9-4) და ტიტე კალანდაძის გუნდმა იქამდე ვერ შეამცირა სხვაობა, სანამ მეკარე ცინცაძემ არ მოიგერია 3 შვიდმეტრიანი და 2 პირისპირ გასვლა. 14-15, მაგრამ ტაიმის ბოლო 2 წუთი მაინც ქარიშხალასი იყო – მამულაშვლის ჩაჭრილი ბურთისა და გარღვევის შემდეგ ანგარიში 17-14 გახდა.
მომდევნო ორი შვიდმეტრიანი ქარიშხალამ უკვე ააცილა, ამასობაში კი იყოჩაღა პეგასის პივოტმა კოხრეიძემ – ჯერ ძალიან რთული ბურთი მიიღო და გაიტანა, მერე რიბაუნდიდან შეაგდო, მაგრამ პეგასს გათანაბრების საშუალება მეკარე ხანდოლიშვილმა არ მისცა – დიხამინჯიას პირისპირ გასვლა მოიგერია. 20-19 ქარიშხალას სასარგებლოდ, სირენამდე 15 წუთით ადრე.
ქარიშხალას რესურსი ეწურებოდა. თითქმის შეუცვლელად მოთამაშე გუნდი დაიღალა, მეტოქის დაცვა კი გააძლიერა მოთამაშე-მწვრთნელმა სახვაძემ. პეგასი ხუთი-ექვსჯერ წავიდა ანგარიშის გასათანაბრებლად, მაგრამ ვერ შესძლო. მამა-შვილ ფერაძეებისა და პივოტ არსენაშვილის გოლებით, აგრეთვე მამულაშვილის რამდენიმე მნიშვნელოვანი ჩაჭრის წყალობით ქარიშხალა ინარჩუნებდა 1-3 ბურთიან უპირატესობას, მაგრამ დასრულებამდე ზუსტად 4 წუთით ადრე კოხრეიძემ გაათანაბრა (26-26), მომდევნო შეტევა სახვაძემ დაბლოკა და ცინცაძემ ერთი-ერთზე გაუშვა დიხამინჯია, მაგრამ მან კუთხიდან ვერ დაუბზრიალა ხანდოლიშვილს.
კვანძი გაიხსნა მას შემდეგ რაც უფროსმა ფერაძემ კუთხიდან თავზე გადაუგდო მეკარეს, ხოლო ბულბულაშვილმა თავისი მეთოთხმეტე გოლი შეაგდო 9 მეტრიდან. 28-26 – ქარიშხალამ მოიგო და ოთხეულითვის ბრძოლაში ჩაერთო.
გლდანის ტური სამ-სამი მოგებით დაასრულეს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და ქუთაისმა. სტუ-მ დაამარცხა იმედი (42-26), ხოლო ქუთაისმა – ფოთის ოქროს ვერძი (42-31).
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. გლდანი
7 თებერვალი
ქუთაისი-ფოთი 42-31
ქუთ: ანდრიაძე, კუპატაძე – მათნაძე 10, კბილაშვილი 8, კვერნაძე 6, მერკვილაძე 6, ჩიხლაძე 5, უ. მაისურაძე 3, ჯუღელი 2, მამასახლისი 2, ქუთათელაძე, უ. კობახიძე
ფოთ: ჭანტურია, ზარგინავა – ალანია 13, მიქაძე 5, ბაჯალაძე 4, ჟვანია 3, ა. ხუნჯუა 3, ბიბილეიშვილი 2, ბერაია 1
ბათუმი-სამტრედია 28-37
ბათ: ცერცვაძე – გოგალაძე 7, აბრამიშვილი 5, სურმავა 5, ვინოგრადსკი 3, გამზარდია 2, გრიშიკაშვილი 2, ქარდავა 2, ბერძენიშვილი 1, ამირანაშვილი 1, ჯორბენაძე, გოგიჩაიშვილი, ვარშანიძე
სამ: სამყურაშვილი – თევზაძე 10, ი. ნარსია 7, ნიკურაძე 6, გ. იობაშვილი 5, წივწივაძე 3, გ. კობახიძე 3, ხაჟომია 2, ღაღანიძე 1, ზურაბიანი
სტუ-იმედი 42-26
სტუ: ა. სამიტაშვილი, მღებრიშვილი – ჭელიძე 10, სტურუა 8, ი. სამიტაშვილი 5, ბეჟანიშვილი 4, მაისაშვილი 4, გვაზავა 3, გოგოლაძე 2, ჩაკვეტაძე 2, მ. კობახიძე 2, ოსიყმაშვილი 2, აბდულაევი
იმ: ხარაიშვილი, ლორია, ლილუაშვილი – რუსტამოვი 5, ბაინაზიშვილი 4, მიქავა 3, ზ. იობაშვილი 3, ჰუსეინოვი 2, ბაზანოვი 2, მელაშვილი 2, ყორიაული 1, მღებრიშვილი 1, ფურცელაძე 1, თურქაძე 1, გოგუა 1, ზაალიშვილი
პეგასი-ქარიშხალა 26-28
პეგ: ცინცაძე – კოხრეიძე 7, ბაძაღუა 5, ცხვარაშვილი 4, დიხამინჯია 3, აბჟანდაძე 3, გაწერელია 2, გიორგაძე 1, ნ. მაისურაძე 1, ზარნაძე, სახვაძე
ქარ: ხანდოლიშვილი – ბულბულაშვილი 14, გ ფერაძე 5, მამულაშვილი 3, კორაშვილი 2, არსენაშვილი 2, ზ. ფერაძე 2, დოლმაზაშვილი, შევჩენკო, სხვიტარიძე
მსაჯები: ა. კომახიძე – გ. ბარათაშვილი, ე. არაბული – ი. ჭკუასელი
1 წრის შემდეგ–თ–მ–ფ–წ——ბ——ქ
სტუ————–7—7—0—0–251-196-14
ქუთაისი———7—5—0—2–226-196-10
სამტრედია——7—4—1—2–246-207–9
ბათუმი———-7—4—0—3–215-201–8
პეგასი————7—3—1—3–201-186–7
ქარიშხალა——-7—3—0–4–211-224–6
ფოთი————-7—0—1–6–210-267–1
იმედი————7—0—1—6–162-245—1
მეორე წრე
27-28 თებერვალი, ქუთაისი
13-14 მარტი, ბათუმი
2-4 აპრილი, თბილისი
5-8 ადგილები
3-5 მაისი, თბილისი
ოთხთა ფინალი
15-16 მაისი, თბილისი
ფოტო: გიორგი ქობელაშვილი