20/09/14 ევროპის ჩემპიონატზე 24 გუნდი ითამაშებს
დუბლინში, ევროპის ხელბურთის ფედერაციის კონგრესზე, გადაწყდა, რომ ევროპის კაცთა ჩემპიონატი 24 გუნდამდე უკვე 2020 წლიდან გაფართოვდება. ტურნირს უმასპინძლებს 3 ქვეყანა – ავსტრია, შვედეთი და ნორვეგია.
შეიქმნება 6 ჯგუფი, საიდანაც მეორე ეტაპზე გავა 2-2 საუკეთესო. პირველი ეტაპის თამაშები გაიმართება გრაცსა და ვენაში (ავსტრია), ტრონჰეიმში (ნორვეგია), მალმესა და გეტებორგში (შვედეთი). მეორე ეტაპი გაიმართება ვენასა და შვედეთში (მალმე ან გეტებორგი), ხოლო ფინალური მატჩების მასპინძელი შვედეთის დედაქალაქი სტოკჰოლმი იქნება. დარბაზების ტევადობა გრაცის 6-ათასიანი არენიდან სტოკჰოლმის 24-ათასიან სასახლემდე ადის.
ევროპის ფედერაციამ კაცთა ჩემპიონატის გაზრდა ამ გაზაფხულზე გადაწყვიტა, ოღონდ, 2022 წლიდან, 2020 წლის ტურნირის საკითხი ღია იყო მასპინძელი ქვეყნის არჩევამდე. ჯერ უცნობია, რა ფორმატით გაიმართება შესარჩევი ტურნირი.
დუბლინშვე გადაწყდა 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლის ვინაობა – 16 გუნდს უმასპინძლებს ხორვატია. საქართველოს ნაკრები ამ შეჯიბრების საკვალიფიკაციო ეტაპზე უკვე ამ შემოდგომაზე ჩაებმება ესტონეთთან 2 მატჩით.
ევროპის ქალთა ჩემპიონატები ერგოთ საფრანგეთს (2018), დანიასა და ნორვეგიას (2020). ევროპული კონგრესმა ფედერაციის 50-ე წევრად მიიღო კოსოვოს ხელბურთის ფედერაცია.
დუბლინში გადაწყდა, რომ 2016 წლიდან შეიცვლება ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების სტრუქტურა. შეიქმნება ორი დივიზიონი. პირველში ითამაშებს 16 უძლიერესი გუნდი, ხოლო მეორეში – დანარჩენი ქვეყნები, რომელთა შორის 4 საუკეთესო ზედა დივიზიონში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
დაბოლოს, როგორც უკვე გაცნობეთ, კონგრესზე გაიმართა ევროპის 2015 წლის 17-წლამდელ გოგონათა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა, რომელმაც საქართველოს გოგონთა ნაკრებს მეტოქეებად არგუნა ნორვეგიის, ჰოლანდიისა და ლიტვის გუნდები. ტურნირი გაიმართება 20-22 მარტს და ფინალურ ეტაპზე 2 გუნდი გავა. ამ ტურნირის მასპინძლობის პრიორიტეტი ერგო საქართველოს ხელბურთის ფედერაციას, რომელიც ამ უფლებას აუცილებლად გამოიყენებს.