ლეგიონერები/ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა ცინცაძემ. სერბეთში სადებიუტო შეხვედრა ჰქონდა ძამუნაშვილს
ქართველმა ლეგიონერებმა ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებში საწყისი ტურის მატჩები ჩაატარეს. მათ შორის რამდენიმე გამორჩეული შეხვედრაც შედგა.
სერბეთი
ქალთა სუპერლიგის პირველი ტურის მატჩში „ნაპრედაკმა“ საკუთარ მოედანზე „პარტიზანს“ უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში 23:22 დაამარცხა. ამ მნიშვნელოვან მატჩში მცირე დრო დაეთმო მასპინძელთა ქართველ ლეგიონერს, თეკლა ძამუნაშვილს. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა სადებიუტო შეხვედრაში კარისკენ ერთხელ დაარტყა (თუმცა უშედეგოდ) და თავის აქტივში ერთი ჩაჭრა ჩაიწერა.
ხორვატია
ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული სტარტის შემდეგ, „ზაგრებმა“ ქვეყნის ჩემპიონატის მეორე ტურში „ბელოვარს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით — 34:21 მოუგო. ითამაშა ზაგრებელთა ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ცხოვრებაძემ, რომელმაც 3 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
რუმინეთი
წარუმატებელი მატჩები ჰქონდათ რუმინეთის ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ჩვენს ხელბურთელებს. „პოტაისა ტურდა“, რომლის ღირსებასაც ირაკლი კბილაშვილი და თეიმურაზ ორჯონიკიძე იცავენ, საკუთარ მოედანზე 23:28 დამარცხდა „ბუქარესტთან“. კბილაშვილმა 5 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. უგოლოდ დატოვა მოედანი თეიმურაზ ორჯონიკიძემ, თუმცა 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა.
„ვასლუისთან“ გასვლითი მატჩი ჰქონდა ხაზეინ რუსტამოვსა და მის „კონსტანტას“. სტუმრები, პირველი ტურის მსგავსად, ამჯერადაც ერთბურთიანი სხვაობით — 23:24 დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრების წევრის აქტივში 1 გოლია.
საფრანგეთი
„სტარლიგის“ მეორე ტურში ერეკლე არსენაშვილის „ტრამბლეს“ წარუმატებელი გასვლითი შეხვედრა ჰქონდა „შარტრთან“, რომელთანაც 30:35 დამარცხდა. ქართველმა ლეგიონერმა დაახლოებით 12 წუთი ითამაშა, თუმცა შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.
გასვლითი ტური ჰქონდა ნიკოლოზ კალანდაძის „ექს-ან-პროვანსსაც“, რომელიც „ნანტთან“ 28:38 დამარცხდა. ქართველ ლეგიონერს ამ შეხვედრაში არ უთამაშია.
პოლონეთი
სუპერლიგაში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა ზურაბ ცინცაძის „ლეგიონოვომ“. საქართველოს ნაკრების მეკარის გუნდმა საკუთარ მოედანზე, დაძაბულ შეხვედრაში, „გუარდია“ 22:21 დაამარცხა. ცინცაძემ 6 ბურთი მოიგერია და 1 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.