მარცხის მიუხედავად — საქართველოს U18 ნაკრები EHF-ის ჩემპიონატის ფინალშია

თელავში მიმდინარე 18-წლამდელ ხელბურთელთა EHF-ის ჩემპიონატის (Men’s 18 EHF Championship) ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში საქართველოს ნაკრები, რომელსაც ოთხიდან ოთხი გამარჯვება ჰქონდა, ბელგიას დაუპირისპირდა. ბელგიელებს ამ მატჩამდე სამი მოგება და ერთი წაგება ჰქონდათ. იმ შემთხვევაში, თუ ბელგია 4 ბურთის უპირატესობით გაიმარჯვებდა, საქართველო მესამე ადგილზე დაქვეითდებოდა და ფინალში თამაშის უფლებას დაკარგავდა. ასეთ სცენარში ფინალის საგზურს პირველ-მეორე ადგილოსნები — ბელგია და ბულგარეთი (რომელმაც დღე ოთხი მოგებითა და ერთი წაგებით დაასრულა) მოიპოვებდნენ.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებმა ბეწვის ხიდზე გაიარა: მართალია, შეხვედრა წააგო, მაგრამ პროგრამა-მინიმუმს მაინც მიაღწია.

თუ პირველ ტაიმში მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და სხვაობის კომფორტულამდე გაზრდა ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო, მეორე ნახევარში მეტოქემ მნიშვნელოვანი გაქცევა მოახერხა. მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ბელგიელები 6-ბურთიანი სხვაობითაც კი იგებდნენ (33:27). როდესაც შეხვედრის ბედი თითქოს გადაწყვეტილი იყო, შოთა თევზაძისა და გიორგი ქობელაშვილის გუნდმა მობილიზება შეძლო და სასურველ შედეგს მიაღწია: ჯერ ვახტანგ ხარებაშვილმა გაიტანა, შემდეგ კი ზედიზედ ორი გოლი ნიკოლოზ მამულაშვილმა მიითვალა (მათგან ერთი — სირენამდე ნახევარი წუთით ადრე), ამას მოჰყვა ის, რომ თამაშის დასრულებამდე შვიდი წამით ადრე ბურთი მოიგერია გიორგი ქევხიშვილმა. საბოლოოდ, მატჩი 30:33 დასრულდა, ეს კი ჩვენი გუნდისთვის ფინალში გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა.

შედეგად, გატანილ-მიღებული ბურთებისა და ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით, ჯგუფში პირველ ადგილზე ბულგარეთი გავიდა, მეორეზე კი — საქართველო.

9 აგვისტოს, ერთგვარ ფინალში საქართველო და ბულგარეთი შეეცდებიან ერთმანეთში ურთიერთობის გარკვევას. ეს ის მეტოქეა, რომელსაც საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში 35:32 მოუგო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, 9 გატანილი გოლით, ნიკოლოზ მამულაშვილი დასახელდა. 9 ბურთი მიითვალა ვახტანგ ხარებაშვილმაც.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი შოთა თევზაძე: „ასეთ თამაშში წნეხი დავძლიეთ და ფინალში გავედით, რასაც ყველას ვულოცავ, განსაკუთრებით კი — მეკარეებს. მთელი გუნდის სახელით მინდა მათ მადლობა გადავუხადო, რადგან ბოლოსკენ ძალიან მნიშვნელოვანი ბურთები მოიგერიეს.

მძიმე თამაში გვქონდა, ზედმეტად მონდომებულებიც ვიყავით და ალბათ ამის გამო ბევრი ბურთი დავკარგეთ. იმედია, აქედან დასკვნებს გამოვიტანთ და მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, ხვალ იგივე შეცდომებს აღარ დავუშვებთ.

მეტი დისციპლინა გვჭირდება, განსაკუთრებით — შეტევაში. ბულგარეთი ერთხელ დავამარცხეთ, მაგრამ იგივე გუნდის მეორედ დამარცხება იოლი არ იქნება. თუმცა მჯერა, რომ ამას შევძლებთ.“

საქართველოს ნაკრები: საბადიასამნიძე (9 მოგერიება),გიორგი ქევხიშვილი (5 მოგერიება), ლევან ტვილდიანი; ვახტანგ ხარებაშვილი (9), ნიკოლოზ მამულაშვილი (9), გიორგი კაპანაძე (4), ნიკოლოზ ნარიმანიძე (3), ნიკოლოზ ბიბლაია (2), ნიკოლოზ ბოჟაძე (1), საბა ბუიღლიშვილი (1), ვანო გურგენიძე (1), ალექსანდრე ბოჟაძე, დემეტრე თორია, შოთიკო ახვლედიანი, ანდრია ბურჯალიანი

მთავარი მწვრთნელი: შოთა თევზაძე

მწვრთნელი: გიორგი ქობელაშვილი, პაბლო კამპოს სუნენი, ჩავიერ სალვადორ ჟაუმა

M18 EHF Championship II 2026 (თელავი, საქართველო)

9 აგვისტოს გაიმართება ფინალური მატჩები საბოლოო ადგილების დასაკავებლად.

Leave a Reply