16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის პირველობა გამარჯვებით დახურა

საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიოტებორგის ევროპის პირველობაზე გამოსვლა გამარჯვებით დაასრულა. ჩვენმა გოგოებმა მე-17–მე-18 ადგილებისთვის შეხვედრაში ფინეთის გუნდი დამაჯერებლად დაამარცხეს.

საქართველო – ფინეთი 23:19 (12:8)

საქართველოს ნაკრებმა ევროპის პირველობის დასკვნით დღეს, ფინეთთან მატჩში, ანგარიში გახსნა და მალევე სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა კომფორტული სხვაობით მეტოქე მდევრის როლში ამყოფა და ტაიმი ოთხბურთიანი უპირატესობით მოიგო.

ფინელებმა ჩვენს გოგოებს ვერც მეორე ნახევარში გაუწიეს სათანადო წინააღმდეგობა – ტაიმის შუაწელში 7-ბურთიანი უპირატესობაც გვქონდა. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და 20 ნაკრებს შორის გამოსვლა მე-17 ადგილზე დაასრულა. რომ არა ფარერის კუნძულებთან დასანანი მარცხი, შესაძლებელი იყო ათეულშიც ვყოფილიყავით. როგორც უნდა იყოს, ჩვენ გვყავს მოთამაშეები, რომლებიც წლებია ერთად იზრდებიან, ქმნიან ბირთვს და აქვთ წინსვლა. ახლა მთავარია მეტი საერთაშორისო გამოცდილება, რაც „მომავლის გუნდს“ უდავოდ წაადგება.

საქართველოს ნაკრები: სესილი სანიკიძე, თამარ ბერუაშვილი, ანასტასია კუჭაშვილი; ნინო მუშკუდიანი (9), მარიამ ქათამაძე (6), მარიამ დანელია (3), ლიზი კვესელავა (2), ნინო ქებურია (1), თეკლა ჩუბინიძე (1), მართა ბარნაბიშვილი (1), ანასტასია ლაგვილავა, ნინო ნაგერვაძე, ბარბარე გამგებელი, სესილი სალუქვაძე, ნინო დვალიშვილი, ანასტასია ესართია.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი გვაზავა

მწვრთნელები: ინა ჭკუასელი, მარიამ ჩავჩიძე

ექიმი: მარიამ როსტიაშვილი

Leave a Reply