საქართველოს ნაკრები ისრაელთან პირველ მატჩში დამარცხდა

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, რომელსაც თელავის სპორტის სასახლემ უმასპინძლა, ფავორიტად საქართველოს ნაკრები იყო შერაცხილი, შესაბამისი მოლოდინი არ გამართლდა. ისრაელის ნაკრებმა საქართველოსთან ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა მეტად გაიუმჯობესა. საქართველოს ნაკრები 29-32 დამარცხდა.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს და საწყისი 15 წუთი საქართველო მდევრის როლში იყო, ვიდრე გიორგი ცხოვრებაძემ არ გაათანაბრა და იმავე ცხოვრებაძის გადაცემით გიორგი დიხამინჯიამ არ დაგვაწინაურა. ტაიმის ბოლომდე უპირატესობა შევინარჩუნეთ და შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით – 16-15 გავედით.

მეორე ტაიმი ჩვენთვის ცუდად დაიწყო. საწყის ხუთ წუთში ისრაელის ნაკრებმა ხუთ ბურთიანი გაქცევა შეძლო და თითქმის სრული ტაიმი ინარჩუნებდა ასეთ უპირატესობას.

საქართველოს ნაკრები ბოლო წუთებზე შედარებით უკეთ ჩაერთო თამაშში, ზურაბ ცინცაძემ ზედიზედ სამი ბურთი მოიგერია, გოლებიც გავიტანეთ, მაგრამ ისრაელი სტატუსკვოს მაინც ინარჩუნებდა. შედეგად საქართველოს ნაკრები სამი ბურთით 29-32 დამარცხდა და შემდეგ ეტაპზე გასვლას განმეორებით მატჩში შეეცდება, რომელსაც 21 მარტს ასევე თელავი უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდიდან საუკეთსო იყო გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც 12 გოლი გაიტანა.

ისრაელთან ორივე მატჩის საქართველოში ჩატარების მიზეზი, 28 თებერვალს აშშ-ის და ისრაელის მხრიდან ირანში დაწყებული საომარი მოქმედებებია.

საქართველოს ნაკრები: ზურაბ ცინცაძე (8 მოგერიება), დავით ნიქაბაძე (1 მოგერიება), გიორგი ლაპიაშვილი (4), ვახტანგ ხელისუფალი (1), ხაზეინ რუსტამოვი (3), ვახტანგ ხარებაშვილი, გიორგი არეშიძე, ირაკლი კბილაშვილი (3), გიორგი ცხოვრებაძე (12), ნიკოლოზ ბიბლაია, ნიკოლოზ კალანდაძე (4), დავით გრიშიკაშვილი, ლუკა ლანჩავა, მირიან გავაშელიშვილი, ლევან იმნაძე, საბა ბუიგლიშვილი, ნიკოლოზ მამულაშვილი, გიორგი დიხამინჯია (2)

მთავარი მწვრთნელი: ტიტე კალანდაძე

მწვრთნელები: მერაბ მეტრეველი, შოთა თევზაძე

Leave a Reply