გიორგი ცხოვრებაძე საქართველოს მიუძღვება
ისრაელთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩამდე ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (IHF) საკუთარ ვებ-გვერდზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერზე, გიორგი ცხოვრებაძეზე სტატიას აქვეყნებს. საკმაოდ ვრცელ მასალაში საუბარია ცხოვრებაძის პირველ ნაბიჯებზე, განვლილ გზაზე, საქართველოს ნაკრებზე.
IHF-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას სრული სახით ჩვენც გთავაზობთ, რაც ხელბურთის ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო უნდა იყოს.
2019 წელი იყო და საქართველო ისტორიას წერდა: შვიდი მატჩი და ამდენივე გამარჯვება. შესანიშნავი და შეუჩერებელი სვლა, რომელიც ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) მზარდი ქვეყნების ჩემპიონატის თასის აღმართვით დაგვირგვინდა. არადა, ორი წლით ადრე, ამავე გათამაშებაზე საქართველოს ნაკრებმა მერვე ადგილი დაიკავა. მოკლე დროში ამგვარი გარდაქმნა მართლაც გასაოცარი იყო.
თუმცა, ამ ისტორიული ტრიუმფის ტალღაზე მყოფ გუნდში ერთი მოთამაშე ყველაზე მეტად ბრწყინავდა. შეუძლებელი იყო არ შეგემჩნიათ 18 წლის გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც მეტოქეებს 51 გოლი გაუტანა, ამასთან შვიდიდან ექვს შეხვედრაში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშის (MVP) ტიტულიც დამსახურებულად ჩაიბარა.

ხელბურთის სამყარო მას ადრეც აკვირდებოდა. 2017 წელს ცხოვრებაძემ ხელშეკრულება გააფორმა „მონპელიესთან“ – სპორტის ამ სახეობის ერთ-ერთ ყველაზე სახელოვან კლუბთან. ის ფრანგული გრანდის აკადემიაში ირიცხებოდა, რომლის მთავარმა გუნდმაც, ერთი წლით ადრე, 2018 წელს, ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა.
ორი წლის შემდეგ, საქართველო წარმოდგენილი იყო IHF/EHF-ის თასზე და აქაც გაიმარჯვა. გუნდმა მეორე ტიტული მოიპოვა, ცხოვრებაძემ კი კიდევ ერთხელ დაამკვიდრა თავისი სახელი გათამაშების ისტორიაში: 36 გოლით იგი შეჯიბრის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ასევე შეიყვანეს სიმბოლურ ნაკრებში, როგორც საუკეთესო მარჯვენა ინსაიდი. საქართველოს ნაკრების ეს წარმატება შემთხვევითობა არ ყოფილა და არც ცხოვრებაძის.
ევროპის ჩემპიონატის ბოლო ორ გათამაშებაში საქართველო 24 საუკეთესო გუნდს შორის იყო; საქართველოს ნაკრებმა 2024 წელს მე-18, ხოლო 2026 წელს მე-20 ადგილი დაიკავა. თუ სადებიუტო ევროპირველობაზე საქართველომ ისტორიული პირველი გამარჯვება მოიპოვა (ბოსნია და ჰერცეგოვინასთან), წლეულს იანვარში სამივე შეხვედრაში დამარცხდა: ხორვატიასთან (29:32), შვედეთთან (29:38) და ნიდერლანდებთან (26:31).

მიუხედავად ამისა, ცხოვრებაძემ კვლავ ბრწყინვალე თამაში აჩვენა: ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ხორვატებს 7 ბურთი გაუტანა, შვედეთს, სადაც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა – 11 და ამდენივეჯერ აიღო ნიდერლანდების კარი. შედეგად, სამ მატჩში მის ანგარიშზე დაგროვდა 29 გოლი, რაც ევრო-2026-ის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მაჩვენებელია პორტუგალიელ ფრანსიშკუ კოსტასთან ერთად.
„ხელბურთი საქართველოში ნელ-ნელა უფრო მეტ აღიარებას იძენს, თუმცა, მართალი გითხრათ, ჯერ იმ დონეზე არ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ. ჩვენ და ხორვატია მოსახლეობის რაოდენობითა და ცხოვრების წესით გარკვეულწილად ვგავართ ერთმანეთს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ხორვატიაში ხელბურთი უზომოდ პოპულარულია – იქ მთელი ქვეყანა თითოეულ ხელბურთელს იცნობს. საქართველოში ჯერ ასე არ არის. ჩვენ კვლავ არ გვაქვს ისეთი ძლიერი შიდა ჩემპიონატი, სადაც მოთამაშეები განვითარებას შეძლებენ. თუ გვსურს, რომ მართლაც კარგი გუნდი გვყავდეს, აუცილებელია, ახალგაზრდა მოთამაშეები წავიდნენ და გამოცდილება ევროპულ კლუბებში – საფრანგეთში, ხორვატიაში ან სხვაგან შეიძინონ; იქ, სადაც მაღალი დონის ხელბურთს ისწავლიან. ეს ის არის, რაც საქართველოში გვაკლია, – ხორვატიასთან პარალელებს ავლებს გიორგი ცხოვრებაძე. – თუმცა ვხედავ, რომ ფედერაცია და მთავრობა გარკვეულ ნაბიჯებს დგამენ ქართული ხელბურთის წინსვლისთვის. ჯერ კიდევ შორს ვართ მიზნისგან, მაგრამ გვყავს მართლაც კარგი მოთამაშეები და როგორც გუნდი, უფრო დავღვინდით. უკვე ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია ღირსეული თამაში.
ხანდახან სათადარიგოთა სკამის სიღრმის პრობლემა გვაქვს. რადგან პატარა ქვეყანა ვართ, არც მსაჯები არიან ხოლმე ჩვენ მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობილნი. თუმცა, ესეც მესმის. ვფიქრობ, დიდ პროგრესს მივაღწიეთ და განვითარებისთვის კიდევ ბევრი სივრცე გვაქვს“.
საქართველოში ფეხბურთი და რაგბი უფრო პოპულარული სახეობებია. საფეხბურთო ნაკრებმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო ასპარეზობისას მერვედფინალს მიაღწია და მე-15 ადგილი დაიკავა. რაგბის ნაკრებმა კი მსოფლიო თასზე ექვსჯერ იასპარეზა და აქედან ოთხჯერ მინიმუმ ერთი მატჩის მოგება მოახერხა.
მიუხედავად ამისა, ცხოვრებაძეს ხელბურთი ბავშვობიდანვე შეუყვარდა. მან ვარჯიში ექვსი წლისამ, თანაგუნდელ ნიკოლოზ კალანდაძესთან ერთად დაიწყო, რომელიც მასზე ერთი წლით უმცროსია და ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ტიტე კალანდაძის შვილია.
„ჩემი ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელის შვილთან ერთად დავიწყე ხელბურთის თამაში. როდესაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით, თანაგუნდელები ვიყავით. მაშინ დაახლოებით ექვსი წლის ვიყავი. ყველაფერი სკოლაში დაიწყო, სადაც სპორტის გაკვეთილები გვქონდა: ხან ფეხბურთს ვთამაშობდით, ხან – კალათბურთს. ერთხელ კალათბურთის გაკვეთილი მქონდა, რომელსაც ჩემი მწვრთნელის მეუღლე ატარებდა. ერთ დღეს ის ვარჯიშზე მოვიდა, დამინახა და მოგვიანებით ჩემს ოჯახს დაელაპარაკა. სწორედ იმ მომენტიდან გადავედი ხელბურთზე. ჩვენი ნაკრების ამჟამინდელი მოთამაშეების უმეტესობა ბავშვობაში საქართველოში, ერთ კლუბში ვთამაშობდით. ამ კლუბს „პეგასი“ ერქვა – ის საქართველოში დაარსებული პირველი კერძო კლუბი იყო და მას დღემდე ის (ტიტე კალანდაძე) ხელმძღვანელობს. ჩვენ ერთად გავიზარდეთ და ეს მოედანზე ერთმანეთთან უკეთ გაგებაში გვეხმარება“, – პირველ ნაბიჯებს იხსენებს ცხოვრებაძე.
25 წლისას ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 56 მატჩში 400-გოლიან ნიშნულამდე 4 ბურთი აკლია. ეს ნიშნავს, რომ ცხოვრებაძეს საქართველოს სახელით საშუალოდ თამაშში შვიდზე მეტი გოლი გააქვს, რაც საოცარი, თითქმის არარეალური მაჩვენებელია.

ეს ტალანტი საქართველოს ნაკრების იმ მიდგომის შედეგია, რომელიც მოთამაშეებს მოედანზე საკუთარი თავის გამოხატვისა და გამბედაობისკენ უბიძგებს. ეს არის „ცეცხლში გამოწრთობის“ გზა, რომელმაც შექმნა გუნდი, რომელსაც სჯერა საკუთარი თავის და მებრძოლი ბუნების – გუნდი, რომელიც მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებებსაც კი თამამად უტევს და გოლები გააქვს.
„ვფიქრობ, როდესაც პატარები ვიყავით, გვქონდა სივრცე ექსპერიმენტებისთვის. ჩვენი მწვრთნელი ამ მხრივ ძალიან შემოქმედებითი იყო. ბევრი რამ იმაზეც არის დამოკიდებული, თუ რა გარემოში იზრდები. ზოგიერთ მწვრთნელს არ სურს, რომ მოთამაშეებმა შემოქმედებითი მიდგომა გამოიჩინონ – მათ უნდათ, რომ ბიჭები რობოტებივით იყვნენ და მხოლოდ სისტემას დაემორჩილონ. ჩვენ კი საკმარისი თავისუფლება გვქონდა საკუთარი იდეების გამოსაცდელად. ყოველთვის ვუყურებდი სხვა მოთამაშეებს და მინდოდა მათთვის მიმებაძა, ოღონდ ჩემებურად. რასაც ვაკეთებ, ჩემი ხელწერაა – ყველას თავისი გზა აქვს. მაღალ დონეზე თამაში 15-16 წლის ასაკში დავიწყე, როდესაც „მონპელიეში“ გადავედი. ვფიქრობ, იქ შესანიშნავი სკოლა დამხვდა. სანამ საფრანგეთში ჩავიდოდი, დარტყმის ტექნიკური ელემენტები უკვე მქონდა – ვარჯიშებზე ყოველთვის ვმუშაობდით დარტყმის მექანიკაზე: როგორ დაგვერტყა ზემოდან, ქვემოდან, როგორ ავმხტარიყავით სწორად“, – იხსენებს მარჯვენა ინსაიდი.
რაც შეეხება ორივე ფეხით ახტომის შემდეგ შესრულებულ დარტყმას, ეს სრულიად განსხვავებული ისტორიაა, რომელსაც ცხოვრებაძე ღიმილით ჰყვება.
„ორივე ფეხით ახტომის ისტორია საკმაოდ სახალისოა. ამ მოძრაობას ბავშვობაშიც ვიყენებდი, მაგრამ არა ისე ეფექტურად და ხშირად, როგორც ახლა. სინამდვილეში, ეს ყველაფერი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაიწყო. მთელი ტურნირი დაშავებული კუნთით ვითამაშე. ფიზიკურად არ შემეძლო ცალი ფეხით ახტომა – ყოველ მცდელობაზე საშინელ ტკივილს ვგრძნობდი. ამიტომ, ორივე ფეხით დავიწყე ახტომა, რამაც გაამართლა. ეს ბუნებრივად, აუცილებლობიდან გამომდინარე მოხდა. აი, ეს არის ამ ნახტომი ნამდვილი საწყისი“.
თუმცა, გიორგის ყველაფერში იოლი გასეირნება არ ჰქონია. 17 წლისა იგი „მონპელიემ“ აიყვანა. მოზარდისთვის, რომელიც ხელბურთში მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამდა, სრულიად უცხო გარემოში მოხვედრა, სადაც ენა არ იცოდა, უდიდესი გამოცდა აღმოჩნდა. სწორედ ამ გამოწვევამ აქცია ცხოვრებაძე ბრძოლებში გამოწრთობილ მოთამაშედ, რომელმაც ნელ-ნელა ევროპულ ხელბურთში სახელი დაიმკვიდრა.
„როდესაც ჩავედი, ფრანგულად ერთი სიტყვაც არ ვიცოდი. ენა იქ ყოფნისას ვისწავლე და ახლა თავისუფლად ვსაუბრობ. საფრანგეთში, განსაკუთრებით სპორტულ გარემოში, ინგლისურად არავინ ლაპარაკობს. მათ სურთ, რომ ფრანგული რაც შეიძლება სწრაფად ისწავლო – მით უმეტეს, როცა ახალგაზრდა, უცნობი მოთამაშე ხარ, რომელსაც ჯერ არაფრისთვის მიუღწევია. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ენა მალე აითვისო. რა თქმა უნდა, რთული იყო. იქ საკმაოდ მძიმე პერიოდები გამოვიარე. ზოგიერთ მოთამაშეს ჩემ გამო საკუთარი პოზიციის დაკარგვის ეშინოდა და ხელის შეშლას ცდილობდა. თუმცა, მართალი გითხრათ, ეს ყველაფერი რომც მცოდნოდა, იქ წასვლის შანსი კიდევ რომ მქონდეს, მაინც წავიდოდი. იქ ბევრი რამ ვისწავლე – მენტალურად, ფიზიკურად, ყველანაირად. ამ გამოცდილებამ ისე მომამზადა, როგორც სხვაგან არსად მომზადებდნენ“, – ამბობს ცხოვრებაძე.
ამ გამოცდილების შემდეგ, რაც შვეიცარიულ „პფადი ვინტერტურში“ ერთსეზონიან იჯარასაც მოიცავდა, საქართველოს ნაკრების მარჯვენა ინსაიდმა ხელშეკრულება გერმანული, ბუნდესლიგის კლუბ „გუმერსბახთან“ გააფორმა. სადებიუტო სეზონში მან 92 გოლი გაიტანა, მეორეში – 69, რასაც ევროპის ლიგაზე დამატებული 36 გოლიც დაემატა.
შარშან ზაფხულიდან გიორგი ხორვატიაში, ზაგრების „ზაგრებში“ ასპარეზობს. მან გუნდის მაისურით უკვე 46 გოლი შეაგდო და ჩემპიონთა ლიგაზე თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირთა შორის მეოთხე ადგილს იკავებს.

„ყველგან, სადაც მიდიხარ, სხვადასხვა სტილის ხელბურთს სწავლობ. ფრანგული ხელბურთი ერთი სტილისაა, გერმანული – სრულიად სხვა. თუ გსურს, უმაღლესი დონის მოთამაშე გახდე, ადაპტაციის უნარი უნდა გქონდეს. ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის ამის გაგება ხშირად რთულია. ზოგჯერ დიდ გუნდში პოზიციას გიცვლიან ან დიდი ხნით სათადარიგოთა სკამზე გსვამენ და შენ ამისთვის მზად უნდა იყო. თუ ხუთი წუთი მოგცეს, ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოიყენო, რადგან შეცდომებს არავინ გაპატიებს. ეს არის რეალობა – ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და მენტალურად ძალიან მძიმეა, – დასძენს ცხოვრებაძე. – თუმცა, ვფიქრობ, ხელბურთი სწორედ ასეთია. ეს მომთხოვნი სპორტია. ფიზიკურად ძლიერი და ჭკვიანი უნდა იყო. მე არ ვარ ორი მეტრის სიმაღლის და არ მაქვს გარკვეული ფიზიკური უპირატესობები, ამიტომ საკუთარი გზა უნდა ვიპოვო. ვფიქრობ, ეს ყველას ეხება – სწორედ ეს განასხვავებს სუპერვარსკვლავს ჩვეულებრივი მოთამაშისგან. სუპერვარსკვლავი რთულ დროსაც კი პოულობს გამოსავალს, რომ გუნდს დაეხმაროს“.
მიუხედავად წარმატებებისა, საქართველოდან ყოფნას თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს – ყოველ შემთხვევაში, გიორგი ასე ფიქრობს. ის გრძნობს, რომ საკუთარი თავის დასამტკიცებლად ორმაგი შრომა სჭირდება.
„დიახ, ეს რეალობაა. თუ დიდი ქვეყნიდან ხარ, განვითარებისთვის გაცილებით მეტი სივრცე გაქვს და გრანდებში მოხვედრის მეტი შანსიც გეძლევა. იქ გზა უფრო ნათელია. თუმცა, მჯერა, რომ თუ რაღაც ძალიან გინდა, მნიშვნელობა არ აქვს, საიდან ხარ. უბრალოდ, სხვებზე მეტი უნდა იშრომო, ზოგჯერ – ბევრად მეტი. არასოდეს უნდა დანებდე და უკან არ უნდა დაიხიო შენი ოცნებებისკენ მიმავალ გზაზე. ახლაც კი, 25 წლის ასაკში, ყოველთვის არის ახალი გამოწვევა – ახალი მწვრთნელი, ახალი გუნდი თუ სხვა რამ. იმის გამო, რომ საქართველოდან ვარ, ხანდახან ვგრძნობ, რომ რაც უნდა კარგად ვითამაშო, მაინც სათანადო ყურადღების მიღმა ვრჩები. მაგრამ ეს ჩემი გამოცდილებაა და მე მას ვუმკლავდები“, – ამბობს საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი.
თუმცა, ცხოვრებაძე განსაკუთრებულად სწორედ ეროვნული ნაკრების დონეზე ბრწყინავს. ის ახლაც საქართველოს გასაძღოლად ემზადება. საქართველოს ნაკრებს 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები ელის.
ისრაელთან ამ ორმატჩიან დაპირისპირებაში ფავორიტად საქართველო მიიჩნევა, თუმცა „გერმანია 2027“-ისკენ მიმავალი გზა მომდევნო ეტაპზე მნიშვნელოვნად გართულდება: იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გაიმარჯვებს, შემდეგ ეტაპზე ესპანეთის ნაკრებთან მოუწევს შეხვედრა.
„ვიტყოდი, რომ დიახ – ევროპის ბოლო ორ ჩემპიონატზე ვითამაშე და ძალიან მინდა, რომ მსოფლიო პირველობაზეც გამოვიდე. გუნდში რამდენიმე დაშავებული გვყავს, მაგრამ ჯერ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ორ შეხვედრაში მათ (ისრაელს) დავამარცხებთ. წინ ეტაპობრივად მივიწევთ. არ მინდა ბევრი ვილაპარაკო მომავალზე – იმაზე, თუ რა მოხდება ან რა არა. ნაბიჯ-ნაბიჯ ვივლით. რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ჩვენი თაობისთვის ძალიან დიდი მოვლენა იქნება“, – ამბობს ცხოვრებაძე.
შესაძლოა, 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოსთვის ჯერ ნაადრევი იყოს, თუმცა ძლიერი ბირთვითა და გამოცდილი გუნდით მათ შეუძლიათ მომავალზე იოცნებონ. ცხოვრებაძე კი იქ იქნება, რათა თავისი დაუღალავი შრომის ნაყოფი მოიმკას.
„ყოველი მცირე მიღწევა მაინც წარმატებაა და მას ევროპაში ამჩნევენ. თუმცა, ცხადია, უფრო დიდი წარმატებები, როგორიცაა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში მოხვედრა ან ოლიმპიური თამაშების კვალიფიკაცია, გაცილებით ფართოდ აღიქმება და ფასდება. განვითარებადი ქვეყნების ჩემპიონატში გამარჯვება წინ გადადგმული პატარა ნაბიჯი იყო. ყოველი მცირე მოგება ჩვენთვის წინსვლისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“, – ასკვნის მარჯვენა ინსაიდი.