საქართველოს ნაკრებმა E ჯგუფი წაგებით დაასრულა
საქართველო დასკვნით ტურს ორი წაგებით შეხვდა, ასეთივე მდგომარეობაში იყო ნიდერლანდები. ევროპის ჩემპიონატის E ჯგუფში გასარკვევი იყო, მათ შორის რომელი იზეიმებდა პირველ გამარჯვებას, რომელი დაასრულებდა ევროთავგადასავალს ამაღლებული განწყობით და ვინ დაიკავებდა მესამე ადგილს. ასე რომ, სასწორზე ბევრი რამ იყო დადებული, ეს კი დაძაბული მატჩის წინაპირობა იყო. გარდა ამისა, საქართველოს ევრო-2024-ზე ნიდერლანდებთან წაგებისთვის (29-34) რევანშიც ამოძრავებდა.
ერთი სიტყვით, ნიდერლანდებთან მატჩს აუცილებლად მოსაგების სტატუსი ჰქონდა, მაგრამ მოვლენები ჩვენთვის საპირისპიროდ განვითარდა. საქართველო ხუთბურთიანი სხვაობით დამარცხდა და ჯგუფი ბოლო ადგილზე დაასრულა. რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ შესარჩევში შედარებით დიდი გზის გავლა მოგვიწევს.
სამწუხაროდ, მესამე ადგილისთვის შეხვედრას საქართველოს ნაკრები დანაკლისით შეხვდა. მეორე ტურში შვედეთთან შეხვედრაში დაშავდნენ ერეკლე არსენაშვილი და ზურაბ გოგავა.
მატჩში ანგარიში ნიდერლანდელებმა გახსნეს, რასაც მალევე ნიკოლოზ კალანდაძის გოლი მოჰყვა. დაახლოებით ათი წუთი თამაში ბურთი ბურთში წავიდა. მდევრის როლში საქართველო იყო. ამ ხნის განმავლობაში ზურაბ ცინცაძემ ოთხი ბურთი მოიგერია, მათ შორის ერთი პენალტი, რამაც საშუალება მოგვცა სტატისტიკა ჩვენს სასარგებლოდ შემოგვეტრიალებინა. გიორგი ცხოვრებაძის გოლით საქართველო მე-11 წუთზე პირველად დაწინაურდა – 7-6. მე-18 წუთისთვის საქართველოს ორბურთიანი უპირატესობაც ჰქონდა, მაგრამ 25-ე წუთიდან მეტოქემ იგდო ხელთ მატჩის სადავეები. დაწინაურდნენ და პლუს სამი ბურთიც მიაყოლეს. ტაიმი 15-18 დავთმეთ.

ცუდად დავიწყეთ მეორე ტაიმი. შეტევებში დიდ დროს ვხარჯავდით და არც კარში დარტყმები წაგვივიდა. შვიდ წუთზე ცოტა მეტ ხანს გაგვიგრძელდა უგოლო სერია, რამაც ფაქტობრივად გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი. მეტოქემ უპირატესობა შვიდამდე გაზარდა. საქართველოს ნაკრებმა კი გარდატეხის შეტანა ვეღარ შეძლო და 26-31 დამარცხდა.
ორივე გუნდიდან ყველაზე მეტი – 11 გოლის ავტორი, ისევე როგორც ეს იყო შვედეთტან მატჩში, გიორგი ცხოვრებაძე გახდა. 6 ბურთით ჩვენი გუნდიდან მეორე საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა გიორგი დიხამინჯიას.

გიორგი ცხოვრებაძემ ევროპის ჩემპიონატზე 29 გოლი გაიტანა
ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც სახელბურთო სამყარო საკუთარ პროგრესზე აალაპარაკა, მისთვის მეორე ევროპის ჩემპიონატი მოუგებლად დაასრულა და ამასაც თავის მიზეზი აქვს, პირველ რიგში კი მოკლე სკამი, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემი ხდებოდა მეორე ტაიმში.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტიტე კალანდაძე კონტინენტის პირველობაზე ყველაზე ახალგაზრდული გუნდით წარსდგა, საშუალო ასაკით 24 წელი.
როგორც არ უნდა იყოს, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა შეძლო და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მეორედ მოიპოვა, რაც უდავოდ მნიშვნელოვანი მიღწევაა.
საქართველოს ნაკრები: ზურაბ ცინცაძე (6 სეივი), დავით ნიქაბაძე (1 სეივი), გიგი რუხაძე, გიორგი ლაპიაშვილი (4), ვახტანგ ხელისუფალი, ხაზეინ რუსტამოვი, ვახტანგ ხარებაშვილი, გიორგი არეშიძე, ირაკლი კბილაშვილი (2), გიორგი ცხოვრებაძე (11), ერეკლე არსენაშვილი, ზურაბ გოგავა, ნიკოლოზ კალანდაძე (2), დავით გრიშიკაშვილი, მირიან გავაშელიშვილი (1), გიორგი დიხამინჯია (6),
მთავარი მწვრთნელი: ტიტე კალანდაძე
მწვრთნელები: მერაბ მეტრეველი, შოთა თევზაძე