საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩი საუდის არაბეთთან საკონტროლო შეხვედრით და ამხანაგური შედეგით – 28-28 (14-13) დახურა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ, პირველი მატჩისგან განსხვავებით, სადაც საქართველოს B ნაკრები ათამაშა, ამჯერად მოედანზე უმთავრეს გუნდი გაიყვანა, თუმცა არა ოპტიმალური შემადგენლობის.

არ უთამაშიათ ვირუს გადატანილ გიორგი ცხოვრებაძეს და ერეკლე არსენაშვილს. რაც შეეხება საქართველო-საბერძნეთის მატჩის დროს მაისში დაშავებულ ნაკრების კაპიტანს თეიმურაზ ორჯონიკიძეს, ის ჯერაც რეაბილიტაციას გადის და ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მოუწევს. ასე რომ, საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო შეხვედრა იძულებითი ცვლილებებით ჩაატარა.

საუდის არაბეთთან მეორე შეხვედრა აგრესიული და დაძაბული გამოდგა. მთლიანობაში თამაში ბურთი ბურთში წავიდა. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც მატჩის დასრულებამდე ათი წუთით საქართველომ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ბოლო წამებზე შეგვეძლო გამარჯვებამდეც მიგვეყვანა საქმე, მაგრამ არ გაგვიმართლა.

ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო გიორგი დიხამინჯია, რომელმაც 15 (!) ბურთი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე სლოვენიაში გაემგზავრება, სადაც ქუვეითთან და ალჟირთან ორი ამხანაგური შეხვედრა ექნება.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს მალმოში (შვედეთი), 17 იანვარს ხორვატიასთან შეხვედრით დაიწყებს, 19 იანვარს მასპინძელ შვედეთს დაუპირისპირდება, ხოლო 21 იანვარს ნიდერლანდებთან მატჩია ჩანიშნული.

საქართველოს ნაკრები: რუხაძე, ლაპიაშვილი (3), ხელისუფალი, რუსტამოვი, ხარებაშვილი, არეშიძე (3), კბილაშილი (1), ზარნაძე, ცინცაძე, მამულაშვილი (1), ბიბლაია, გოგავა (1), იმნაძე, კალანდაძე, გრიშიკაშვილი (1), გავაშელიშვილი (3), დიხამინჯია (15), მელიავა.

მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვახტანგ მეიფარიანმა და სტუმრებმა სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს

Leave a Reply