ლეგიონერები/ქართველებს არცთუ წარმატებული ტური ჰქონდათ, გიორგი ცხოვრებაძეს კი ახალი მწვრთნელი ჰყავს

ქართველმა ლეგიონერებმა ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები ჩაატარეს, მათ შორის რამდენიმე გამორჩეულ შეხვედრას აქვე გთავაზობთ.

ხორვატიის პრემიერ ლიგის მე-11 ტურის მატჩამდე ერთი დღით ადრე გიორგი ცხოვრებაძის „ზაგრები“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრია ნიკოლიჩმა დატოვა.

ზაგრებელთა მთავარ მწვრთნელად 66 წლის ხორვატი ნენად შოშტარიჩი დაინიშნა, რომელიც თავის დროზე იუგოსლავიის ასაკობრივ და უმთავრეს ნაკრებებში თამაშობდა. სამწვრთნელო კარიერიდან გამოსარჩევია ხორვატიის ქალთა ნაკრების მწვრთნელობა, რომელსაც 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოაპოვებინა. ცოტა ხანი მუშაობდა იორდანიის ქალთა და ვაჟთა გუნდებშიც. საკლუბო კარიერიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების კლუბ „ალ ჯაზირას“ და ჩინეთის „ანჰუი ჰეფეის“ თუ არ ჩავთვლით, ხორვატიულ კლუბებში მუშაობდა. მათ შორის, 2023-24 წლებში „ზაგრებსაც“ ედგა სათავეში.

„ზაგრებმა“ ამჯერად უკვე ნენად შოშტარიჩის ხელმძღვანელობით „გორიცას“ ეწვია და 43-39 დაამარცხა. არ უთამაშია ზაგრებელთა ქართველ ლეგიონერს. იმედი ვიქონიოთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ქართველ ლეგიონერთან ერთად შოშტარიჩი პირველ გამარჯვებას მოიპოვებს.

სტარლიგის მე-11 ტურში ნიკოლოზ კალანდაძეს და „პროვანს ექსს“ გასვლითი მატჩი ჰქონდათ „ნანტთან“. მასპინძლებმა 34-28 გაიმარჯვეს. სტუმართა ქართველმა ლეგიონერმა თავი ექვსი ასისტით გამოიჩინა.

ზედიზედ ოთხი წაგებული შეხვედრის შემდეგ გამარჯვება მოიპოვა „ბუტელე სკოპიემ“ და მისმა ქართველმა ლეგიონერმა დავით გრიშიკაშვილმა. სკოპიელებმა ჩრდილოეთ მაკედონიის სუპერ ლიგის მე-13 ტურში „რადოვიში“ მიიღეს და დამაჯერებლად – 36-20 გაიმარჯვეს.

მასპინძელთა გამარჯვებაში ორი გოლით და ორი ასისტით საკუთარი წვლილი შეიტანა დავით გრიშიკაშვილმაც.  

ქვეყნის სუპერლიგის მე-12 ტურში “ოსტროვიასა” და მირიან გავაშელიშვილს გასვლითი შეხვედრა ჰქონდათ მელეცის “სტალთან”. სტუმრებმა მასპინძლებს 28-21 მოუგეს. საქართველოს ნაკრების წევრმა ორი ბურთი გაიტანა.

ამავე ტურში ითამაშა ზურაბ ცინცაძის „ლეგიონოვომ“. ქართველი ლეგიონერის გუნდმა „კელცეს“ უმასპინძლა, მაგრამ 21-34 დამარცხდა. ცინცაძემ ექვსი სეივი შეასრულა.

ისლანდიის პრემიერლიგურ დერბიში გიორგი დიხამინჯიას „აკიურეირმა“ მე-11 ტურში „თორ აკიურეირი“ საკუთარ კედლებში მიიღო და 32-28 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მოთამაშემ ორი ბურთი გაიტანა.

რუმინეთის ეროვნული ლიგის მე-9 ტურში ხაზეინ რუსტამოვი და „კონსტანტა“ „ბუქარესტს“ ეწვია და ხუთბურთიანი სხვაობით – 21-26 დამარცხდა. ითამაშა საქართველოს ნაკრების წევრმაც. რუსტამოვმა დედაქალაქურ კლუბს ორი ბურთი გაუტანა და ამდენივე ასისტი შეასრულა.

ამავე ტურში ითამაშა ირაკლი კბილაშვილმაც. მისი „პოტაისა“ გასვლით მატჩში „სუჩავას“ დაუპირისპირდა. დაძაბულ შეხვედრაში მასპინძლებმა 27-26 გაიმარჯვეს. კბილაშვილმა ორი ბურთი გაიტანა.

Leave a Reply