კახეთის რეგიონის სპორტის პედაგოგებს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის სასკოლო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ინიციატივით, სასკოლო ხელბურთის განვითარების პროგრამის ფარგლებში საქართველოში იმყოფება ხელბურთის გერმანელი ექსპერტი ჰელმუტ მარტინი, რომლის მეცადინეობითაც თელავში, 8-10 ოქტომბრის ჩათვლით, თეორიულ და პრაქტიკულ სემინარებს ეცნობოდნენ კახეთის რეგიონის ფიზიკური აღზრდის პედაგოგები და მწვრთნელები.

ხელბურთთან ზიარებამ, სწავლებამ ნაყოფიერად ჩაიარა. კახეთის რეგიონის ოცდაათზე მეტ სპორტის პედაგოგს და მწვრთნელს სამდღიანი სემინარის, შემსწავლელი კურსის დასრულების და შესაბამისი ცოდნის მიღების ნიშნად ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) სასკოლო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

 “ჩვენი მიზანია ხელბურთის სწავლების თანამედროვე მეთოდების სკოლებში დანერგვა და მოზარდებში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია. სწორედ ამ მიზნით, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან ერთად, სამი წლის წინ შევუდექით აღნიშნული პროგრამის განხორციელებას, – ვითარებაში გვარკვევს საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვახტანგ მეიფარიანი. –  საგანგებოდ შემუშავებული პროგრამით გადამზადდა 300-მდე სკოლის 500-მდე მასწავლებელი. მათ შორის, 200-მდე მასწავლებელმა მიიღო საერთაშორისო D კატეგორიის ლიცენზია, რაც მათ უფლებას აძლევთ საგანმანათლებლო სივრცეში ხელბურთი შეასწავლონ მოსწავლეებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართული სკოლები ჩაერთვებიან სახელბურთო რეგიონულ ფესტივალებში. გაკეთდება რეგიონული ნაკრებები, რომლებიც შემდგომ იასპარეზებენ საქართველოს ჩემპიონატში. მონაწილე გუნდებიდან ასევე შეირჩევიან საუკეთესო ბავშვები. შერჩეული მოსწავლეებიდან ჩამოყალიბდება სასკოლო ნაკრები, რომელიც „ბარსელონას“ აკადემიის მწვრთნელების მეთვალყურეობით გაივლის საერთაშორისო კემპს.

ჩვენი იდეა არის, რომ შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში შეიქმნას ახალგაზრდული ნაკრები.“

სწავლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის შესაბამისი ვარჯიშების შერჩევას, მათში სხვა აუცილებელი უნარების განვითარებას.

პროექტი ხორციელდება ხელბურთის განვითარების პროგრამა იცხოვრე ხელბურთით“ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, გადამზადებას, ფესტივალებისა და მასტერკლასების რეგულარულ ორგანიზებას.

პროგრამის ფარგლებში D კატეგორიის საერთაშორისო ლიცენზია უკვე მიიღო ასამდე ფიზიკური აღზრდის პედაგოგმა და მწვრთნელმა, რაც უდავოდ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ხელბურთის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და სკოლებში სპორტის განვითარების მიმართულებით.

პროექტი ასევე ითვალისწინებს სპორტის ხელმისაწვდომობის, მოზარდთა ფიზიკური აქტივობის გაზრდას, საქართველოს სკოლებში ხელბურთის განვითარების, ახალი სტანდარტების დამკვიდრებას და სპორტის გაკვეთილების გამრავალფეროვნებას.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტი, რომლის თაოსანიც საქართველოს ხელბურთის ფედერაციაა, მიმდინარეობს საქართველოს სპორტის სამინისტროს და ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით და განათლების სამინისტროს ჩართულობით.

13-16 ოქტომბრის ჩათვლით გერმანელი სპეციალისტის სემინარებს უმასპინძლებს თბილისი, 18-21 ოქტომბერს კი ესტაფეტას გორი ჩაიბარებს.

Leave a Reply