
ლეგიონერი | გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი ბურთების რაოდენობა გაზარდა [ვიდეო]
ევროპის ხელბურთის მოედნებზე ჩემპიონთა ლიგა განახლდა. საქმეში ვიხილეთ პრესტიჟული გათამაშების ერთადერთი ქართველი მონაწილე გიორგი ცხოვრებაძე და მისი „ზაგრები“.
უძლიერეს ხორვატიულ კლუბს მესამე ტურში მისთვის კარგად ნაცნობ „ბარსელონასთან“ მოუწია ურთიერთობის გარკვევა, რომელთანაც კარგი სტატისტიკით ვერ დაიკვეხნის. ჩემპიონთა ლიგაზე დღემდე „ზაგრებისა“ და „ბარსელონას“ გზები თექვსმეტჯერ გადაკვეთილა. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც გამარჯვება ხორვატებს დარჩათ და ისიც 2012 წელს. ასე რომ, ხორვატულ კლუბს სტატისტიკა კარგს არაფერს უქადდა.
ანგარიში „ბარსელონამ“ გახსნა და დროთა განმავლობაში უპირატესობა უფრო გაზარდა.
ჩემპიონთა ლიგაზე მისთვის მესამე მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების ლიდერმა გიორგი ცხოვრებაძემ. ხორვატთა დამრიგებელმა ველიმირ პეტკოვიჩმა ქართველ ლეგიონერს სათამაშო წუთები მეორე ტაიმში დაუთმო. ეს მაშინ, როდესაც მატჩს ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო.
შეიძლება ითქვას, ცხოვრებაძემ მისთვის დათმობილი დრო ნაყოფიერად გამოიყენა. „ბარსელონის“ დანიელ მეკარე ემილ ნილსენს, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ორი ეფექტური გოლი გაუტანა.
„ბარსელონასთან“ 25:32 წაგების შემდეგ, „ზაგრები“ ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში კვლავაც უქულოდ არის და ბოლო ადგილზეა. ხორვატები მომდევნო მატჩს „პარი სენ ჟერმენთან“ 9 ოქტომბერს ჩაატარებენ.