IHF-ის თასის ნახევარფინალში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მეტოქე ბულგარეთი იქნება
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა IHF-ის თასზე ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე ბულგარეთის ნაკრები იქნება, რომელიც B ჯგუფში გამოდიოდა და დასკვნითი ტურის შეხვედრაში მოლდოვა 30:27 დაამარცხა.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე სამი შეხვდერა ჩაატარა და სამივე მოიგო – ქართველმა ხელბურთელებმა კვიპროსი 44:24 დაამარცხეს, ალბანეთს 43:23 სძლიეს, ხოლო დიდ ბრიტანეთს – 33:25 და პირველ ადგილზე გავიდნენ.
საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებების ნახევარფინალური შეხვედრა 17 იანვარს 20:00 საათზე გაიმართება. მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ტურნირის მასპინძელი კოსოვო დიდ ბრიტანეთს ეთამაშება.
18 იანვარს მესამე ადგილისათვის მატჩი და ფინალი გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის გამარჯვებული ინტერკონტინენტალურ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას და წარმატების შემთხვევაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.