27/03/15 ქართველები ჩელენჯ კაპის ნახევარფინალში

ქართველი ხელბურთელები, ვლადიმერ რუსია და შოთა თევზაძე რანგით მესამე ევროტურნირის, ჩელენჯ კაპის ნახევარფინალში ითამაშებენ. რუმინეთის ოდორჰეიმ საპასუხო ნახევარფინალშიც დაამარცხა ZTR ზაპოროჟიე – 22-20.

რუმინელებს პირველი მატჩი სტუმრად 26-18 ჰქონდათ მოგებული და შინ ცოტათი გაუჭირდათ. ტაიმი ზაპოროჟიემ 13-9 მოიგო, მაგრამ შესვენების შემდეგ მასპინძლები წინ გავიდნენ. რუსიამ, ისევე როგორც პირველ მატჩში, 7 გოლი გაიტანა და ისევ ყველაზე შედეგიანი იყო.ჯამში მას წლევანდელ ტურნირზე 27 გოლი გაუგროვდა. ნახევარფინალში ოდორჰეის მეტოქე იქნება ლისაბონის ბენფიკა. პირველი მატჩი 11 აპრილსაა რუმინეთში, ხოლო საპასუხო – 19 აპრილს პორტუგალიაში. 4-5 აპრილს ოდორჰეის რუმინეთის თასის ოთხთა ფინალიც უწევს. ჩელენჯ კაპის ნახევარფინალის მეორე წყვილში არიან პორტუგალიის კიდევ ერთი კლუბი, ბრაგა და ნორვეგიის სტორდი.

რუმინეთის ჩემპიონატში ოდორჰეიმ პირველი ადგილი შეინარჩუნა, თუმცა, საკუთარ არენაზე წაუგებელი სერია შეწყვიტა. ბუქარესტის დინამომ ლიდერს 25-22 მოუგო. რუსია აქაც საუკეთესო იყო 6 გოლით და რეგულარულ სეზონში 83 დაუგროვდა. ოდორჰეის 45 ქულა აქვს 21 მატჩიდან და 3-3 ქულით უსწრებს კონსტანცასა და ბაია მარეს. რვაგუნდიან პლეიოფში გასვლის თეორიულ შანსს ისევ ინარჩუნებს ირაკლი ჩიქოვანის კლუბი, ტიმიშოარის პოლიტექნიკა, ვისაც ამ კვირაში არ უთამაშია.

მეორე ევროტურნირზე, EHF თასზე გამოსვლა დაასრულა სერგო დათუკაშვილის სერბულმა კლუბმა, ვოივოდინამ. კლუბმა მეექვსე თამაშიც წააგო, ამჯერად შინ, ფუხსე ბერლინთან – 25-30. ფუხსე ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, და დარგანაც ოთხთა ფინალი ბერლინში იმართება, პირდაპირ ნახევარფინალში დაუშვეს, მეოთხედფინალში კი სულ სამი წყვილი იქნება: ესკილსტუნა (შვდ) – ჰამბურგი (გერ), სკიერნი (დან) – მელზუნგენი (გერ), გორენიე (სლნ) – ჰოლსტებრო (დან). ჯგუფური ეტაპის მეორეადგილოსანთაგან უარესი შედეგი აღმოაჩნდა ესპანეთის გრანოლერსს და პლეიოფის მიღმა დარჩა.

სერგო დათუკაშვილი დაშავებულია, მკურნალობს და საქართველო-ლუქსემბურგის მატჩისთვის, რომელიც 30 აპრილს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება, მწყობრში უნდა იყოს. ვოივოდინა გამოეთიშა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ლიგის გათამაშებასაც, სადაც რეგულარული სეზონი 18 მატჩიდან 10 ქულით მე-9 ადგილზე დაასრულა. ამ შეჯიბრებაზე 1-2 ადგილებზე გასული ვესპრემი და ვარდარი პირდაპირ ნახევარფინალში გავიდნენ, ხოლო მეოთხედფინალში ზაგრებმა დაამარცხა სლოვაკეთის ტატრან-პრეშოვი (33-26), ხოლო ბელარუსის მეშკოვ-ბრესტმა – ხორვატიის ნექსე 28-24. ნახევარფინალის წყვილებია ვესპრემი-ზაგრები, ვარდარი-ბრესტი. პლეიოფი ვესპრემის არენაზე იმართება, ჩემპიონი კი 29 მარტს გამოვლინდება. პირველი სამი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიცაა გასული. დათუკაშვილმა ევროტურნირი – 18, ხოლო სეჰა-ლიგის გათამაშება 39 გოლით დაასრულა, სეზონის ბოლოს კი მისი კლუბი სერბეთის ჩემპიონის ტიტულს დაიცავს, ხოლო ქვეყნის თასზე ნახევარფინალშია გასული.

მაკედონიის ჩემპიონატჩი მე-17 გამარჯვება მოიპოვა ზომიმაკ-სტრუმიცამ – კლუბმა სტუმრად დაამარცხა რადოვიში, 30-23, რევაზ ჭანტურიამ კი 3 გოლი გაიტანა. რეგულარული სეზონის დასრულებამდე ერთი ტურია სათამაშო, 4 კლუბი კი გავა ფინალურ ტურნირში, სადაც მათ დაემატებათ სკოპიეს ორი გრანდი – ვარდარი და მეტალურგი.

თურქეთში რატი მსხვილიძისა და გიგა ტორონჯაძის კლუბი ტრაბზონსფორი სტუმრად 30-31 დამარცხდა ქაისერისთან, თუმცა, რეგულარული ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მეოთხე ადგილზე რჩება. პლეიოფში კი 8 გუნდი გადის.

თურქეთის პირველ ლიგაში ფინალურ ოთხეულში გასასვლელად ბრძოლას აგრძელებენ ირაკლი ხიდეშელი, ლექსო წითელიშვილი, ზურაბ სიმონია და მათი კლუბი, თუთუნსფორ აქჩაბათი. წინა კვირაში გუნდს არ უთამაშია, ხოლო წითელიშვილი და სიმონია საქართველოს ნაკრების კანდიდატთა სიაში არიან ლუქსემბურგთან ორი მატჩის წინ – 30 აპრილს ქუთაისში და 3 მარტს, ლუქსემბურგში.

ფოტო: ვლადიმერ რუსია ზაპოროჟიესთან საპასუხო მატჩში

 

Leave a Reply