24-24, ბრძოლა ფინეთში გაგრძელდება

საქართველოს ნაკრებმა ფრედ, 24-24 ითამაშა ევრო 2022-ის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი ფინეთთან. საპასუხო შეხვედრა 19 იანვარს გაიმართება რიიჰიმიაკიში. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გადის მთავარ შესარჩევ რაუნდში, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში იწყება.   

ჩვენმა გუნდმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყო: თევზაძე, რუსტამოვი, ორჯონიკიძე, ჩიქოვანი, ცხოვრებაძე, ჭანტურია, არსენაშვილი (წითელიშვილი დაცვაში, პირველ ტაიმში გამოვიდნენ კბილაშვილი და მაისურაძე, მეორეში – დიხამინჯია და აბრამიშვილი.).

თავიდან ფინეთი დაწინაურდა. მეტოქის ლიდერს, უკანახაზელ ნიკო რონბერგს პირველ ტაიმში თამაშიდან ბურთი არ გაუტანია, თუმცა ფინელები უფრო წარმატებულები იყვნენ 6 მეტრიდან. ჩვენი ნაკრები პირველ ტაიმში ძირითადად შორიდან უტევდა, მაგრამ 13 დარტყმიდან შედეგიანი მხოლოდ 4 იყო, დანარჩენებს კი მეკარე მაკელა (ჯამში 16 მოგერიება) გაუმკლავდა. 3-6 ჩამორჩენის შემდეგ ხაზზე სამჯერ კარგად გაიხსნა არსენაშვილი, გავათანაბრეთ (6-6), მაგრამ ისევ ჩამოვრჩით სამით – 7-10.

ტაიმის ბოლოსკენ ჩვენგან მხოლოდ 3 მოთამაშეს ჰქონდა გოლი გატანილი (ცხოვრებაძე 4, არსენაშვილი 3, ორჯონიკიძე 2), თუმცა ბოლოში რუსტამოვმა გაათანაბრა და ჩიქოვანმა წინაც გაგვიყვანა – 11-10 შესვენებაზე, შოთა თევზაძეს კი 7 მოგერიება დაუგროვდა (სულ – 15).  

თამაშის განახლებისთანავე ფინეთმა ლიდერობა დაიბრუნა, მაგრამ ჯერ ცხოვრებაძემ უპასუხა ორჯერ, ხოლო  ჩიქოვანმა და ორჯონიკიძემ სამით დაგვაწინაურეს: 15-12 და ფინელებს წუთშესვენება დასჭირდათ. მალე ანგარიში 16-16 გახდა და ტაიმაუტი უკვე ნიკოლა მაქსიმოვიჩმა აიღო – 41-ე წუთი.

შემდეგ გაგვიმართლა: ჩიქოვანმა შიგ ზონაში აუგდო პასი ცხოვრებაძეს, ამან ვერ დაიჭირა, მაგრამ ბურთი მიუგორდა დიხამინჯიას, რომელმაც კუთხიდან გაიტანა – 17-16. დასრულებამდე 14 წუთით ადრე კიდევ ერთხელ დაგვაწინაურა ორჯონიკიძემ – 18-17, მაგრამ დიხამინჯიას ორწუთიანი გაძევების შემდეგ ჩამოვრჩით და მალე ფინეთი 2 ბურთით გავიდა წინ – 18-20, რჩება 10 წუთი.

ჩიქოვანმა სხვაობა შეამცირა და უკვე რიცხვობრივ მეტობაში არსენაშვილს ორჯერ გააქვს ცარიელ კარში 21-20, თუმცა, წითელიშვილი ორწუთიანში მიდის – რჩება 8 წუთი. ფინეთი ისევ წინ გადის და ცხოვრებაძე ათანაბრებს – 22-22 და მეტოქის გაძევების შემდეგ ორჯონიკიძეს გააქვს ცარიელ კარში – 23-22, რჩება 4.

სირენამდე 3 წუთით ადრე  ანგარიში თანაბარია, დაცვაში უხეშობისთვის ირაკლი ჩიქოვანი იღებს წითელ ბარათს. მეტოქე ისევ წინაა – 23-24 და ცხოვრებაძე ნაკლებობაში ათანაბრებს. 24-24. ბოლო შეტევაში დარტყმა ვერ მოვახერხეთ და სირენამდე 16 წამით ადრე მეტოქის მწვრთნელმა ლინდგრენმა ტაიმაუტი აიღო.

ბოლო შეტევაში ტამინენმა კუთხიდან ძელს გაარტყა, ბურთი საწინააღმდეგო ფრთაზე მიიღო შომანმა და მას თევზაძემ აუღო, მეორე რებაუნდიც ფინელებს ერგოთ, მაგრამ ტამინენმა ზონაში დააბიჯა და მატჩიც ფრედ დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ხვალ, გვიან ღამით მიემგზავრება ფინეთში.

ევროპის ჩემპიონატი 2022. კვალიფიკაციის მეორე ეტაპი, პლეიოფი

16 იანვარი, თბილისი, სპორტის სასახლე. პირველი თამაში

საქართველო-ფინეთი 24-24

საქ:  თევზაძე (15 მოგერიება), ცინცაძე – ცხოვრებაძე 8, არსენაშვილი 5, ორჯონიკიძე 5, ჩიქოვანი 3, რუსტამოვი 1, წითელიშვილი 1, დიხამინჯია 1, ჭანტურია, კბილაშვილი, მაისურაძე, აბრამიშვილი, კალანდაძე, მიქავა, გოგოლაძე, , 

ფინეთი: მაკელა (16) როსლანდერი –  ტამინენი 6, რონბერგი 5, სიურიალა 4, შომანი 3, მარტინი 3, მ. გრანლუნდი 1,  კოლიონენი 1, სუნდბერგი 1, კილსტედტი, ფორსი, ჰელანდერი, რ. გრანლუნდი, საკინენი

მსაჯები: იარონ ბენ-დანი, ასაფ ფარანი (ისრ), დელეგატი: ქენან გიოქმენი (თურ)

საპასუხო მატჩი, 19 იანვარი, რიიჰიმიაკი, კოქს არენა

18:00 ფინეთი – საქართველო

მსაჯები: ჰოფერი, შმიდჰუბერი (ავს), დელეგატი: მიკუჩონისი (ლიტ)

https://www.ehftv.com/int/livestream/finland-georgia/1865054

16, 19 იანვარი. ლუქსემბურგი – ესტონეთი, 15, 19 იანვარი. ბელგია – კვიპროსი 24-7

სამი გამარჯვებული გავა მთავარ შესარჩევ რაუნდში

მთავარი შესარჩევი რაუნდი: ოქტომბერი 2020 – ივნისი 2021

მონაწილეობს 32 გუნდი, თამაშდება ფინალის 20 საგზური

(უკვე ცნობილია 20 მონაწილე: საფრანგეთი, დანია, სერბეთი, მონტენეგრო, მაკედონია, უკრაინა, ჰოლანდია, ლატვია, ბოსნია, რუსეთი, შვეიცარია, პოლონეთი – რუმინეთი,  ლიტვა, იტალია, თურქეთი, ფარერები, საბერძნეთი, ისრაელი, კოსოვო + ევრო 2020 მეორე ეტაპის 11 მონაწილიდან 9, გარდა მომავალი ჩემპიონისა და ფინალისტისა: ხორვატია, ესპანეთი, ავსტრია, ჩეხეთი, გერმანია, ბელარუსი, ნორვეგია, სლოვენია, შვედეთი, პორტუგალია, ისლანდია + 3 წყვილის გამარვებული: საქართველო-ფინეთი, ბელგია-კვიპროსი, ლუსემბურგი-ესტონეთი)

ევრო 2022: იანვარი 2022, უნგრეთსა და სლოვაკეთში

მონაწილეობს 24 გუნდი (კვალიფიკაციას არ თამაშობს 2 მასპინძელი, ევროპის ჩემპიონი და ფინალისტი)

Leave a Reply