165-ე საჯარო სკოლაში ხელბურთის აკადემია გაიხსნა

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია ბარსელონას აკადემიასთან ერთად აგრძელებს სასკოლო ხელბურთის განვითარების მასშტაბურ პროგრამას. შესაბამისი პროგრამის ფარგლებში საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვახტანგ მეიფარიანი, ვიცე-პრეზიდენტი ლევან სალუქვაძე და ფედერაციის სხვა წარმომადგენლები თბილისის 165-ე საჯარო სკოლას სტუმრობდნენ. სტუმრობის მიზეზი ხელბურთის აკადემიის გახსნა, სპორტის ამ სახეობით გატაცებული მოზარდების საქმეში ხილვა და მათი წახალისება გახლდათ.

ფედერაციის წარმომადგენლებს თავისებურ მეგზურობას უწევდნენ 165-ე სკოლის დირექტორი მაია ჯაბაური და ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშე და ამავე სკოლის მოსწავლე სესილი სალუქვაძე.

სკოლაში, სადაც რამდენიმე ათეული ბავშვი გაწევრიანდა ხელბურთის აკადემიაში, საკუთარი სათამაშო ოსტატობა შესთავაზეს საპატიო სტუმრებს. მოსწავლეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ საქართველოს ვაჟთა ნაკრების კაპიტნით თეიმურაზ ორჯონიკიძით, რომელმაც მომავალ ხელბურთელებს საკუთარ გამოცდილება გაუზიარა და არც ავტოგრაფების დარიგებაზე უთქვამს უარი.

ვახტანგ მეიფარიანმა თავის მხრივ, მოსწავლეებს სკოლებში ხელბურთის განვითარების შესახებ მცირე ექსკურსი ჩაუტარა და ამცნო, რომ საამისოდ ერთ-ერთი უმთავრესი იქნება სასკოლო, შემდგომ რეგიონულ ფესტივალებში მონაწილეობა, საიდანაც შეიქმნება რეგიონული ნაკრებები, რომლებიც იასპარეზებენ საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებში.

დასასრულს, ფედერაციის პრეზიდენტი მოზარდებს ხელბურთის ინვენტარით უზრუნველყოფას და დიდი ხელბურთისკენ მიმავალ გზაზე მხარდაჭერას დაჰპირდა. ასევე აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში ხელბურთის აკადემიები სხვა სკოლებშიც ეტაპობრივად გაიხსნება.

Leave a Reply