ჯემალ ცერცვაძის სახელობის დარბაზმა სასკოლო ფესტივალს უმასპინძლა
ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის ოლიმპიური მზადების აკადემიის დარბაზმა უმასპინძლა თბილისის სასკოლო ფესტივალის განახლებულ პირველ ეტაპს, რომელშიც თბილისის ოცი საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ფესტივალი გაიმართა საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ამჯერად ახალ, განსაკუთრებულ ფორმატში – ბარსელონას აკადემიასთან თანამშრომლობით!

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ მოზარდთა ფიზიკური აქტივობის გაზრდა, საქართველოს სკოლებში ხელბურთის განვითარება, სპორტის გაკვეთილების გამრავალფეროვნებაა.
ფესტივალი, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, საჯარო სკოლების გოგონათა და ვაჟთა გაერთიანებულმა გუნდებმა ითამაშეს.
ზეიმი შედგა. მოსწავლეებმა იმხიარულეს, ითამაშეს, ბურთები გაიტანეს და თასებითაც დაჯილდოვდნენ. გარდა ამისა, ფესტივალის ყველა გუნდს, თითოეულ მონაწილეს ფესტივალში ჩართულობის დასტურად სერტიფიკატები გადაეცათ.

სასკოლო ფესტივალები გაგრძელდება როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, რათა უფრო მეტ სკოლას მიეცეს მასში მონაწილეობის შესაძლებლობა.
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია ბარსელონას აკადემიასთან ერთად აგრძელებს სასკოლო ხელბურთის განვითარების მასშტაბურ პროგრამას.