ხელიდან გაშვებული შანსი კოსოვოსთან
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დრამატულ ბრძოლაში 21-22 დამარცხდა მასპინძელ კოსოვოსთან ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო თასზე, რომელიც მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირიცაა, თუმცა, პირველობის შანსი ჯერაც შერჩა.
ქართველებმა მატჩი შთამბეჭდავად დაიწყეს – 5-1 მე-8 წუთზე. კოსოვომ ტაიმის შუაში გაათანაბრა, 7-7 – და პირველი ნახევარიც ფრედ, 12-12 დასრულდა. მეორე ნახევრის დასაწყისში ზედიზედ 4 ბურთი მოიგერია მეკარე ხანდოლიშვილმა, ზარნაძემ და კუხალაშვილმა 14-12 დაგვაწინაურეს და მე-40 წუთზე არსენაშვილის დარტყმის შემდეგ სხვაობა 3 ბურთი იყო – 17-14, მაგრამ კოსოვოელთა ლიდერებმა, ტაჰირუკაიმ და მუჩოლიმ ანგარიში ისევ გაათანაბრეს – 17-17.
აქ ტრავმა მიიღო მერკვილაძემ, რომელიც პირველ ტაიმში 3 გოლით ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ნიაზაშვილმა ისევ გაგვიყვანა წინ, მაგრამ მსაჯებმა ზედიზედ გაგვიძევეს არსენაშვილი და ყორიაული, რომელიც ტრავმით თამაშობდა და მხოლოდ ეპიზოდურად ეხმარებოდა გუნდს. კოსოვოელთა ლიდერებმა, ტაჰირუკაიმ და მუჩოლიმ თავისი გუნდი დააწინაურეს, მაგრამ აქ ლიდერობა იტვირთა ირაკლი კბილაშვილმა. დასრულებამდე 8 წუთით ადრე მან გაათანაბრა და მეტოქე ორწუთიანში გაუშვა – 19-19. ტაჰირუკაიმ ისევ გაიყვანა წინ კოსოვო და კბილაშვილმა ისევ გაათანაბრა – 20-20.
თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ჯონ მუჩოლი 2 ბურთით აწინაურებს კოსოვოს – 22-20. კბილაშვილი სხვაობას ამცირებს (21-22, რჩება 3 წუთი). დაცვაში კარგად თამაშობენ მეკარე სილაგაძე, ყორიაული და კუხალაშვილი, კბილაშვილი კი კიდევ ერთ მეტოქეს ისტუმრებს ორწუთიანში. ანგარიში უცვლელია და დასრულებამდე წუთნახევრით ადრე ჩვენები ბოლოსწინა შეტევაში გადადიან, მაგრამ ჩვენი უკანა ხაზი (კბილაშვილი, ზარნაძე, კუხალაშვილი), რომელიც თითქმის შეუცვლელად თამაშობდა, დაღლილია, შეტევა იჭედება და წუთშესვენებაც იგვიანებს – ტაიმაუტის სირენა მხოლოდ მას შემდეგ ისმის, როცა მსაჯებს პასიური თამაში აქვთ დაფიქსირებული და სამი პასის უფლებაღა გვრჩება. ბოლოსწინა შანსს ვერ ვიყენებთ და ბოლო წუთის დაწყებისთანავე კოსოვო ბოლო შეტევაში გადადის.
დასრულებამდე 14 წამით ადრე კოსოვოელი დუგოლი გარბენს აკეთებს და ჩვენებს თამაშის განახლებაში ხელს უშლის, რის გამოც, ბოლო 30 წამის წესის თანახმად, მსაჯები შვიდმეტრიანს ნიშნავენ. კბილაშვილის დარტყმას იგერებს მეკარე ბეჩირაი, ბურთი ჩვენ გვრჩება, მაგრამ კოსოვოელთა გოლკიპერი იღებს ბოლო, იმნაძის დარტყმასაც მარცხენა კუთხიდან. კოსოვო გადარჩა – 22-21.
3 ტურის შემდეგ 6-6 ქულით ლიდერობენ მოლდოვა და კოსოვო. საქართველოს ნაკრები 4 ქულით მესამეა და ხვალ კიდევ ერთი პრინციპული მატჩი აქვს მოლდოვასთან. გამარჯვების შემთხვევაში უნდა დაველოდოთ ბოლო დღეს, კოსოვო-მოლდოვას მატჩის შედეგს. მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად საჭიროა ევროპული ზონისა და შემდეგ ინტერკონტინენტალური ფინალის მოგება. 21-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 2019 წლის ივლისში გაიმართება ესპანეთში.
ხელბურთი. IHF მსოფლიო თასი (ევროპის ზონა). 23-28 ოქტ, 2018
ასაკობრივი კატეგორია: 20წ, 1998 წელს და გვიან დაბადებულები. წრიული ტურნირი
26 ოქტ. კოსოვო-საქართველო 22-21
კოს: ბეჩირაი, ლუჟა – მუჩოლი 8, ტაჰირუკაი 8, გუბეტინი 2, დუგოლი 2, შაბანი 2, აბაზი, ტაფილაი, ჰოჯა, მუსტაფა, რუდარი, ბაშოლი, ბაიჩინოვჩი – მწვ. ბრანუში, მუჰაჯერი
საქ: სილაგაძე, ხანდოლიშვილი – კბილაშვილი 7, ზარნაძე 5, მერკვილაძე 3, კუხალაშვილი 3, იმნაძე 1, არსენაშვილი 1, ნიაზაშვილი 1, ძნელაძე, გველესიანი, ყორიაული, იობაშვილი, გავაშელიშვილი – მწვ. გვაზავა, რაშიჩი, დათუკაშვილი
მსაჯები: ჰერმანი-მადსენი (დანია), დელეგატი: მოურე (ესპ)
ირლანდია-მალტა 29-29, ბრიტანეთი-მოლდოვა 21-33
24 ოქტომბერი. მოლდოვა-მალტა 41-7, ირლანდია-კოსოვო 22-35, ბრიტანეთი-საქართველო 17-35
23 ოქტ. მალტა-საქართველო 16-32, მოლდოვა-ირლანდია 37-21, ბრიტანეთი-კოსოვო 38-17
—————–თ—მ—ფ—წ—–ბ——ქ
მოლდოვა——3—3—0—0–111-49—6
კოსოვო———3—3—0—0—95-60—6
საქართველო—3—2—0—1—88-55—4
ირლანდია——3—0—1—2—72-101–1
მალტა———–3—0—1—2—52-102–1
ბრიტანეთი—–3—0—0—3—55-106–0
27 ოქტ. 16:00 საქართველო-მოლდოვა, 18:00 ირლანდია-ბრიტანეთი, 20:00 მალტა-კოსოვო
28 ოქტ. 13:00 საქართველო-ირლანდია, 15:00 მალტა-ბრიტანეთი, 17:00 კოსოვო-მოლდოვა
ყველა თამაშის პირდაპირი სტრიმი: http://stream.itprishtina.com/pallatiirinis/u20/
გამარჯვებული გადის ინტერკონტინენტალურ ფინალში (გაზაფხული, 2019), რომლის მოგებულიც იღებს 21-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს (ივლისი, 2019).