ხელბურთის ფედერაციის დელეგაციის ნაყოფიერი ვიზიტი ესპანეთში

საქართველოს ხელბურთის ფედერაციის დელეგაცია, პრეზიდენტ ვახტანგ მეიფარიანის ხელმძღვანელობით, ესპანეთში იმყოფებოდა, სადაც ჟირონას პროვინციის ქალაქ ბორდილსის ხელბურთელთა კლუბის პრეზიდენტ კუიმ პოუს შეხვდა. მოხდა მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარება და დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობის საკითხები.

მოგეხსენებათ, 6-12 აპრილის განმავლობაში, საქართველოს ვაჟთა და გოგონათა ნაკრებები ესპანეთში ბორდილსის გუნდებთან ერთად ერთობლივ მზადებას გადიოდნენ და აქტიურად მონაწილეობდნენ სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებში.

აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში ბორდილსში ჩვენი ნაკრებების მეოთხე ვიზიტია, რომელთაგან  გუნდები ორჯერ შეკრებაზე იმყოფებოდნენ და ორჯერ საერთშორისო ტურნირში მიიღეს მონაწილეობა.

აღნიშნული შეკრების ფარგლებში გაიმართა საერთშორისო ტურნირი, სადაც კატალონიის სხვადასხვა რეგიონიდან 16-წლამდე ასაკის ბიჭებისა და გოგონების გუნდები შეიკრიბნენ საერთო ღირებულებების, თამაშისა და მეგობრობის გასაზიარებლად.

ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვახტანგ მეიფარიანმა შეხვედრა გამართა კატალონიის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ჟაუმე ფორტთან – მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს.

საქართველოს ხელბურთის ფედერაციის მიზანია, ესპანურ მხარესთან ურთიერთობა ახალი ერთობლივი საინტერესო პროექტებითა და ინიციატივებით გააგრძელოს და გააფართოვოს.

ხელბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის ესპანურ მხარეს, ბორდილისის კლუბის ხელმძღვანელობას, მასპინძლობისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ ეს მეგობრობა და თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდება.

Leave a Reply