წაგება ბოლო წამზე და დარჩენილი შანსი

საქართველოს ნაკრები დრამატულ მატჩში 24-25 დამარცხდა კვიპროსთან ევრო 2022-ის პირველ შესარჩევ ეტაპზე და  პლეიოფის საგზური პირველი ცდით ვერ მოიპოვა, თუმცა, ამის გაკეთების შანსი ისევ აქვს. 

კვიპროსი და მეორე ჯგუფის გამარჯვებული, ლუქსემბურგი უკვე გავიდნენ კვალიფიკაციის მეორე რაუნდში, პლეიოფში, ხოლო პირველი ეტაპის მონაწილე დანარჩენ 6 გუნდს ამის  საშუალება ჩელენჯ ტროფიზე ექნება. ეს ტურნირი 2019 წელს გაიმართება და მისი გამარჯვებული მესამე საგზურს მიიღებს.

თამაში: https://www.facebook.com/MaltaHandballQualifiers/videos/373971710073074/

საქართველოს ნაკრები ძალიან ახლოს იყო იმასთან, რომ მიზნისთვის პირველივე ეტაპიდან მიეღწია. მატჩის ბოლო წამზე კვიპროსის ნაკრების კარში შვიდმეტრიანი დაინიშნა და ფრე ჩვენ გვაწყობდა, მაგრამ შანსი ვერ გამოვიყენეთ.

ჯორჯე რაშიჩმა შეხვედრა განსხვავებული შემადგენობით დაიწყო: თევზაძე, აბრამიშვილი, ორჯონიკიძე, კბილაშვილი, ცხოვრებაძე, ჭანტურია, მაისურაძე. ხაზზე პოზიცია უჩა მაისურაძემ დაიკავა, გამთამაშებელი ირაკლი კბილაშვილი იყო, ხოლო ირაკლი ჩიქოვანი მოედანზე მე-15 წუთისთვის შემოვიდა. დაცვაში კბილაშვილს სერგო დათუკაშვილი ცვლიდა. 

პირველ წუთებში რვაჯერ დავწინაურდით და კვიპროსმა რვაჯერ გაათანაბრა ანგარიში – 8-8. მაისურაძის ორწუთიანი გაძევების შემდეგ მეტოქემ ორი გოლი გაგვიტანა და აქ მოედანზე გამოვიდნენ მეკარე ტორონჯაძე, ხაზზე  – არსენაშვილი და ჩიქოვანი, რომელმაც მარცხენა ინსაიდის პოზიცია დაიკავა. ჩიქოვანმა მყისვე შეამცირა სხვაობა, მაგრამ აქ დაგვიდგა კრიტიკული მომენტი – ზედიზედ სამჯერ დავკარგეთ ბურთი შეტევაში და მეტოქე 4 ბურთით გავიდა წინ – 10-14. ჭანტურიამ და ჩიქოვანმა გაქვითეს ორი გოლი და ამ მონაკვეთში ძალიან შეგვეშველა გიგა ტორონჯაძე, რომელმაც მოიგერია შვიდმეტრიანი და ერთი-ერთზე გასვლა. ტაიმი 12-14 მორჩა.

მეორე ნახევარში ჩიქოვანი გამთამაშებლად დადგა და თამაში თავის თავზე აიღო. 35-ე წუთზე მოედანზე პირველად გამოვიდა ლექო წითელიშვილი, რომელმაც საგოლე პასი მიაწოდა არსენაშვილს, 16-17, შემდეგი შეტევა ტორონჯაძემ მოიგერია და ცხოვრებაძემ, რომელსაც ამ მომენტისთვის მეტოქე უკვე მჭიდროდ იყვანდა, სწრაფ გარღვევაში გაათანაბრა – 17-17, 38-ე წუთი.

მალე დავწინაურდით კიდეც: ჩიქოვანმა კიდევ ერთხელ გაათანაბრა, არსენაშვილმა სწრაფი გარღვევის შემდეგ დიდი ხნის შემდეგ გაგვიყვანა წინ, 19-18, ცხოვრებაძემ შვიდმეტრიანი შეაგდო 20-18,  მერე კი შორიდან გაიტანა (21-19), თუმცა, ისევ დავკარგეთ კონცენტრაცია, რამდენიმე შეტევა უშედეგო იყო და ზედიზედ მივიღეთ სამი ბურთი – 21-22.

მალე ცხოვრებაძემ მეტოქე ორწუთიანში გაისტუმრა, მაგრამ ზუსტად ამ მონაკვეთში კვიპროსმა ორი გოლი შეგვიგდო და მდგომარეობა კრიტიკული გახდა – 21-24.  სამი წუთი რჩებოდა, როდესაც კვიპროსი ისევ 3 ბურთით იგებდა – 25-22.

აქ კბილაშვილის პასის შემდეგ უჩა მაისურაძემ მოიპოვა შვიდმეტრიანი რომელიც შეაგდო ცხოვრებაძემ და ჩიქოვანის გოლის შემდეგ სხვაობა ერთამდე დავიდა, 24-25. ფრე, ბურთების უკეთესი სხვაობის გამო, საქართველოს ნაკრებს აწყობდა, დარჩენილი კი ზუსტად ერთი წუთი იყო.

კვიპროსმა ტაიმაუტი აიღო, მაგრამ კარში ვერ დაარტყა და სირენამდე ათიოდ წამით ადრე ბურთი ჩვენებს დარჩათ, მაისურაძემ მცველებთან ჭიდილში შვიდმეტრიანი დაიმსახურა და დროც ამოიწურა.

დასარტყმელად გამოვიდა 17 წლის გიორგი ცხოვრებაძე, რომელსაც ამ მატჩში უკვე 11 გოლი ჰქონდა გატანილი, მათ შორის – ექვსიდან ექვსი შვიდმეტრიანი, მთლიანად ტურნირზე კი – 28 გოლი, მაგრამ კვიპროსელთა მეკარემ ნუნგოვიჩმა დარტყმა მოიგერია. კვიპროსმა 25-24 მოიგო და პლეიოფში გავიდა, ჩვენ კი მეორე შენსის იმედად დაგვტოვა. ეს იყო საქართველოს ნაკრების პირველი აცილებული შვიდმეტრიანი დარტყმა ამ ტურნირზე.

ხელბურთი. ევრო 2022. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი. 11-13 იანვარი, 2019

მეორე რაუნდში, პლეიოფში გადიან ჯგუფების გამარჯვებულები

B ჯგუფი, მალტაში

კვიპროსი———3—3—0—0—88-61—6

საქართველო—–3—2—0—1–102-71—4

აზერბაიჯანი—–3—1—0—2—69-79—2

მალტა————-3—0—0—3—65-113–0

კოსპიკვა. კოტონერას სპორტკომპლექსი, 13 იანვარი

კვიპროსი – საქართველო 25-24

კვი: ნუნგოვიჩი, ა. სტილიანუ – არგირუ 9, ნიკიფორუ 4, პარასკევა 3, კოსტა 3, იოანუ 3, ხრისანტუ 2, ხრისტოდულუ 1, ფოტიუ, პრუნძუსი, გეორგიუ, გ. სტილიანუ, კიპრიანუ, კოსტანტინუ, სოფოკლეუსი – მწვ. აპოტოლოსი

საქ: თევზაძე, ტორონჯაძე – ცხოვრებაძე 11, ჩიქოვანი 5, ჭანტურია 3, არსენაშვილი 2, ორჯონიკიძე 1, კბილაშვილი 1, აბრამიშვილი 1, დათუკაშვილი, მაისურაძე, წითელიშვილი, დიხამინჯია, გოგოლაძე, მსხვილიძე, იმნაძე

მსაჯები: იან კარმოს, ჟულიენ მიურშ (საფრანგეთი)

დელეგატები: სტეფან პარტემიან (საერძნეთი), ლარს ბერნდტსონ (შვედეთი)

აზერბაიჯანი – მალტა 27-24

აზე: გაფაროვი, სკრებცოვი – ე. აიდამიროვი 9, ასქეროვი 6, ნაზარალიევი 4, მამადოვი 3, ჰ. აიდამიროვი 2, ი. ვალიევი 2, ი. სლემანოვი 1, ისმაილოვი, სალიმოვი, რ. სლემანოვი, აზიზოვი, სერგუნინი – მწვ. ფარაჯოვი  

მალ: დ. ტანტი, კ. მიფსუდი – დი პილატო 6, ფენეჩი 4, ბორგი 3, მაგრო 3, მელი 3, ფ. მიფსუდი 3, მაკქლინი 1, ნაუდი 1, ბალდაკინო, გარგანო, რიცო, ბენ მუსა, ა. ტანტი, კარუანა – მწვ. ატარდი

მსაჯები: დანიელო ბოჟინოვსკი, ვიქტორ ნაჩევსკი (მაკედონია)

11 იანვარი. კვიპროსი – აზერბაიჯანი 25-17, საქართველო – მალტა 48-21

12 იანვარი. აზერბაიჯანი – საქართველო 25-30, მალტა – კვიპროსი 20-38

A ჯგუფი, ლუქსემბურგში: ლუქსემბურგი 6, ბულგარეთი 4, ბრიტანეთი 2, ირლანდია 0

13 იანვარი. ირლანდია – ბულგარეთი 28-35, ლუქსემბურგი – ბრიტანეთი 29-19

12 იანვარი. ირლანდია – ბრიტანეთი 26-32, ბულგარეთი – ლუქსემბურგი 17-36

11 იანვარი.  ბრიტანეთი – ბულგარეთი 20-24, ლუქსემბურგი – ირლანდია 35-18

ევრო 2022. მეორე ეტაპი, პლეიოფი (აპრილი, 2020. შინ-სტუმრად)

ჩელენჯ ტროფი მესამე საგზურისთვის. უნდა გაიმართოს 2019 წლის ივნისამდე

Leave a Reply