ჩიქოვანი რუმინეთის ჩემპიონობისთვის იბრძვის
საქართველოს ნაკრების ხელბურთელის, ირაკლი ჩიქოვანის კლუბი, კონსტანცა რუმინეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. კლუბმა პირველი მატჩი ბუქარესტის დინამოსთან 26-33 წააგო. ფინალში ბრძოლა 2 მოგებამდეა, მეორე თამაში 22 მაისსაა ბუქარესტში.
კონსტანცას აუცილებლად სჭირდება მოგება და ამ შემთხვევაში, მესამე, გადამწყვეტ შეხვედრას 29 მაისს საკუთარ მოედანზე გამართავს. ეს უპირატესობა გუნდმა რეგულარულ სეზონში პირველი ადგილის დაკავებით მოიპოვა.
26-ტურიანი ძირითადი სეზონის შემდეგ 8 საუკეთესო გუნდი გავიდა მეორე ეტაპზე და ორ ჯგუფად დაიყო. ჯგუფების გამარჯვებულები გახდნენ კონსტანცა და ქვეყნის შარშანდელი ჩემპიონი, დინამო. მეორე ეტაპზე სამ გამარჯვებას კონსტანცამ სამი ფრე მიაყოლა, რაც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა პირველი ადგილის დასაკავებლად და ფინალში გასასვლელად. აქ ჩემპიონის ტიტულთან ერთად ჩემპიონთა ლიგის საგზურიც თამაშდება.
ქართველმა უკანახაზელმა ფინალის პირველ მატჩში 4 გოლი გაიტანა, სულ სეზონში უკვე 112 გოლი აქვს გატანილიდა ამ მაჩვენებლით კონსტანცაში მხოლოდ ერთ მოთამაშეს, ჩერნოგორიელ ნიკოლა ჩერნოგლავაცს (120) ჩამორჩება.
ჩვენი ნაკრების მეკარის, შოთა თევზაძის კლუბი, ფოჩანი ფინალურ ეტაპზე მეშვიდე ადგილისთვის თამაშობს ტიმიშოარას წინააღმდეგ. პირველი მატჩი ტიმიშოარამ მოიგო, 33-28.
ხელბურთი. რუმინეთის ეროვნული ლიგა. პლეიოფი
A ჯგუფი: კონსტანცა 18 ქულა – CSM ბუკურეშტი 11, კელერაში 9, ტიმიშოარა 7
B ჯგუფი: დინამო ბუკურეშტი 19 – პოტაისა ტურდა 14, სტიაუა 9, ფოჩანი 4
ფინალი. პირველი მატჩი. კონსტანცა – დინამო 26-33