ჩიქოვანის შვიდმატჩიანი სერია
საკლუბო სეზონს ევროპაში ოთხი ქართველი ხელბურთელი აგრძელებს. შოთა თევზაძე, ირაკლი ჩიქოვანი და ვლადიმერ რუსია რუმინეთის ჩემპიონატში თამაშობენ, ხოლო რევაზ ჭანტურიამ მაკედონიაში კლუბი გამოიცვალა – სტრუმიცადან პელისტერში გადავიდა.
თურქეთის ჩემპიონატში, ტრაბზონ აქჩაბათში მოთამაშე რატი მსხვილიძე შინ დაბრუნდა, რადგანაც კლუბი საკონტრაქტო პირობებს ვერ უსრულებდა, ამავე მიზეზით ირანიდან წამოვიდა აკაკი ტალახაძე. ის და მსხვილიძე სეზონის ბოლომდე ვეღრსად ითამაშებენ. ჭანტურიას მიერ კლუბის შეცვლის მიზეზიც იგივე იყო – სეჰა ლიგაში მოთამაშე სტრუმიცას სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა, როს გამოც რეზომ თავის ყოფილ კლუბში, ქალაქ ბიტოლას პელისტერში არჩია დარბუნება. ერთ დროს მაკედონიური გრანდი, პელისტერი ახლა მეცხრე ადგილზეა (5 მოგება 15 მატჩიდან) და რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ პლეიაუტში მოუწევს თამაში. ჭანტურიას დამატების შემდეგ კლუბმა ერთხელ ითამაშა და ლიდერთან, სკოპიეს მეტალურგთნ დამარცხდა – 23-29.
რუმინეთის ჩემპიონატში ორწრიანი ტურნირის დასრულებამდე 2 ტური დარჩა, რის შემდეგაც 8 საუკეთესო გუნდი პლეიოფს დაიწყებს.
ვლადიმერ რუსიას კლუბი, ოდორჰეი შეკუიეცი მესამე ადგილზეა 52 ქულით და მხოლოდ ბუქარესტსა და ამავე ქალაქის დინამოს ჩამორჩება. მესამე ადგილი ოდორჰეის განაღდებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეოთხედფინალის მესამე მატჩს, თუ ის საჭირო გახდა (თამაში ორ მოგებამდეა), შინ ჩაატარებს. სანაკრებო პაუზის შემდეგ გამართულ 7 შეხვედრაში ოდორჰეიმ 4 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და ორჯერ დამარცხდა, ხოლო რუსიამ, რომელსაც სეზონის დიდი ნაწილი პირადი პრობლემების გამო გაუცდა, ამ 7 მატჩშიდან ხუთში ითამაშა და 15 გოლი გაიტანა, სულ კი 14 თამაშში 50 გოლი აქვს. 22-ე ტურის შეხვედრის შემდეგ, ბუქარესტის დინამოსთან (34-38), რუსიამ ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რომელიც უკვე მოიხადა.
ზედიზედ 7 თამაში მოიგო ირაკლი ჩიქოვანის ტიმიშოარამ, ქართველი შუამარბი კი კვლავაც კლუბის საუკეთესო ბომბარდირია 139 გოლით. ჩიქოვანი განსაკუთრებით გამოირჩა გალაცისთან (29-21) და ტარგუ ჟიუსთან (27-26) მატჩებში, სადაც 11 და 9 გოლი გაიტანა, მისი კლუბი კი მეოთხე ადგილამდე აღზევდა 47 ქულით და პლეიოფში თამაში გაინაღდა. 25-ე ტურში, 16 მარტს, ტიმიშოარამ მომგებიანი სერია შეწყვიტა ბუქარესტში, სადაც დამარცხდა ლიდერ დინამოსთან. ჩიქოვანი აქაც კლუბის საუკეთესო ბომბარდიდი იყო 5 ბურთით. მან ამ სეზონში 23-ჯერ ითამაშა და თამაშში საშუალოდ 6 გოლზე მეტი გააქვს.
ცოტათი შეფერხდა ეროვნული ნაკრები მეკარის, შოთა თევზაძის გუნდი, რეშიცა, რომელიც ახლა 36 ქულით მეშვიდე ადგილზეა, თუმცა, პლეიოფში გასვლა თითქმის განაღდებული აქვს, რადგანაც მეცხრეზე მყოფ კელერეშის 4 ქულით უსწრებს. რეგულარული სეზონი რუმინეთში 27 მარტს დასრულდება, ხოლო ოდორჰეი და რეშიცა თასის მეოთხედფინალშიც არიან გასულები.
და ბოლოს, ორი სიტყვა ქართული ხელბურთის ვეტერან სერგო დათუკაშვილზე, რომელმაც 2015-16 სეზონი ევროპაში დაიწყო. სერგო შუა სეზონში სერბული ვოივოდინადან ამავე ქვეყნის მეტალოპლასტიკაში გადავიდა, თუმცა მალევე ერაყულმა კლუბმა შესთავაზა ხელსაყრელი კონტრაქტი და კარიერას აზიაში აგრძელებს.