ჩიქოვანის კლუბმა ერთი წრე გაიარა

ევროპის კლუბებში მოთამაშე 13 ქართველი ხელბურთელი სეზონს განაგრძობს.  ამ კვირაში ევროტურნირების მატჩებია. ჩელენჯ კაპზე ერეკლე არსენაშვილის კლუბი დიომიდის არგუსი 13 და 14 ოქტომბერს სტავროპოლში ორჯერ ეთამაშება რუსეთის დინამო-ვიქტორს. 12 და 13 ოქტომბერს თელავის იმედს მატჩები აქვს ლუქსემბურგში, დუდელანჟთან, ხოლო  ლატვიის სალასპოლისში, ცელტნიექსისა და ისრაელის ჰოლონის მატჩების დელეგატი იქნება ლევან გელაშვილი, რომლისთვისაც ეს დებიუტია ევროტურნირებზე. 

EHF თასზე ერთი წრე უკვე გაიარა ირაკლი ჩიქოვანის რუმინულმა კლუბმა, კონსტანცამ, რომელმაც შინ ორჯერ დაამარცხა ჩეხეთის პლზენი: 28-21 და 29-23. ჩიქოვანმა პირველ თამაშში 2 გოლი გაიტანა, მეორეში – 3.  კიდევ ერთი რაუნდის გავლის შემთხვევაში, კონსტანცა ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება.

რუმინეთის ჩემპიონატზე კონსტანცას 5 თამაშიდან 3 მოგება აქვს და ერთი თამაში – მარაგში. კლუბი ჯერჯერობით მე-9 ადგილზეა. ბოლო 2 ტურში კონსტანცა დამარცხდა ბაია მარესთან (23-28), შემდეგ კი მოუგო სტიაუას (30-25), ჩიქოვანმა ორივე მატჩში 2-2 გოლი გაიტანა და 5 თამაშში 14 დაუგროვდა. უკეთესი შედეგი აქვს მეკარე შოთა თევზაძის კლუბს, ფოჩანის, რომელიც 3 ტურის შემდეგ სამი მოგებით ლიდერობდა, მომდევნო სამში კი თითო მოიგო, წააგო და ფრედ ითამაშა და 13 ქულით მე-3-4 ადგილებს იყოფს. 16 ქულით ლიდერობს CSM ბუკურეშტი.  

უნგრეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში თეიმურაზ ორჯონიკიძის ფერენცვაროში 22-35 დამარცხდა სეგედთან, რომელიც შინაურ პირველობაზეც და ჩემპიონათა ლიგაშიც უდანაკარგოდ ლიდერობს, ფერენცვაროშს 4 თამაშიდან 1 მოგება აქვს, ორჯონიკიძის პირად ანგარიშზე 12 გოლია.

ყველაზე დიდი წარმომადგენლობა მაკედონიაში გვყავს – 4 მოთამაშე. მედეა ჩოხელის კლუბს, პელისტერს 5 თამაშის შემდეგ 3 მოგება აქვს, ქართველ ხაზის მოთამაშეს კი 6 მატჩში 18  გოლი აქვს გატანილი. ყველაზე მეტი, 7, მედეამ ბოლო ტურში გაუტანა სკოპიეს მეტალურგს, თუმცა, პელისტერმა წააგო – 24-30.

პელისტერის ვაჟთა გუნდი 4 თამაშში 2 მოგებით მე-5 ადგილზეა, ხოლო რევაზ ჭანტურიამ ბოლო 2 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ჯერჯერობით მეოთხეა ლიგის დებიუტანტი სტრუგა – 4 მატჩში 3 მოგება. გიორგი დიხამინჯია პირველივე მატჩში გატანილი 7 გოლის შემდეგ, მაკედონიური სახელბურთო ვებ-გვერდის მკითხველთა გამოკითხვის შედეგად ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, შემდეგ ტურში კი თავი გამოიჩინა მისმა თანაგუნდელმა ლექსო წითელიშვილმა – სტრუგამ სტუმრად დაამარცხა რადოვიში (35-32), ქართველმა უკანახაზელმა კი 8 გოლი გაიტანა და  ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. პირველი დამარცხება სტრუგამ მე-4 ტურში, ლიდერ ეუროფარმთან იწვნია (16-34), წითელიშვილმა აქაც გაიტანა ხუთჯერ და 3 ნათამაშებ შეხვედრაში 17 გოლი დაუგროვდა, დიხამინჯიას – 10.

საბერძნეთის ჩემპიონატში ითამაშა ერეკლე არსენაშვილმა. პირველი ტური მან გამოტოვა, მეორეში მის კლუბს, დიომიდის არგუსს ტექნიკური მოგება ჩაეთვალა (10-0), მესამეში კი სტუმრად დაამარცხა ფილიპოს ვერიასი 35-28, ქართველმა ხაზის მოთამაშემ კი თავის ყოფილ კლუბს 2 გოლი გაუტანა.

თურქეთის ჩემპიონატში უჩა მაისურაძის კლუბ MYK  ჰანტბოლს სამი მატჩიდან 1 ფრე აქვს, ქართველის აქტივში კი 7 გოლია.  ქალთა პირველობაზე სამი მოგების შემდეგ პირველი მარცხი იწვნია ქეთი კუნელაშვილის კლუბმა, არდაშენმა, რომელიც შინ დამარცხდა უსკუდართან, 28-33. კუნელაშვილი მეორედ იყო მატჩის განაცხადში, თუმცა, გოლების ანგარიში ჯერ გახსნილი არა აქვს.

ირაკლი კბილაშვილმა ოდესის კლუბში სეზონი 11 გოლით დაიწყო, მეორე თამაშში,  ზაპოროჟიეს ზას-თან კი ერთის გატანა მოასწრო და ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც შემდეგი მატჩი, ზაპოროჟიე ზტრ-სთან გამოტოვა. ოდესამ ეს ორი მატჩი წააგო, ისევე როგორც მესამე ზაპოროჟიულ გრანდთან, ჩემპიონთა ლიგის მონაწილე მოტორთან 18-49. კბილაშვილი ამ თამაშში მოედანზე დაბრუნდა და 5 გოლიც გაიტანა, შემდეგ კი მისმა გუნდმა კიევში დაამარცხა ცსკა 24-21 – ქართველი გამთამაშებლის ანგარიშზე 1 გოლი იყო. ოდესა 5 მატჩიდან 2 მოგებით მე-6 ადგილზეა.

კოსოვოს ქალთა ჩემპიონატზე 3 თამაშიდან 4 ქულით მეოთხე ადგილზეა ქეთევან ვენეცკის კლუბი, ისტოგუ. მეორე ტურში,  ქალაქ ჯაკოვეს დერბიში ისტოგუ 26-28 დამარცხდა ვუშტრიასთან, ხოლო შემდეგ სტუმრად მოუგო  კასტრიოტის – 27-11. ვენეცკიმ წაგებულ მატჩში 3 გოლი გაიტანა, მოგებულში – 3 და სამ მატჩში 10 დაუგროვდა. ნოემბერში მის კლუბს, ისევე როგორც მედეა ჩოხელის პელისტერს, ევროტურნირის მატჩები აქვს ჩელენჯ კაპზე.

დაბოლოს, მონპელიეს ძირითად გუნდში ჯერ არ უთამაშია 17 წლია გიორგი ცხოვრებაძეს, რომელიც ჯერჯერობით ნაციონალურ ლიგაში გამოდის კლუბის მეორე შემადგენლობასთან ერთად. ჩემპიონთა ლიგაზე თასის მფლობელმა სეზონი 4 წაგებით დაიწყო, საფრანგეთის ჩემპიონატში კი 6 მატჩიდან მხოლოდ ნანტთან დამარცხდა და 10 ქულით მეოთხე ადგილზეა. უდანაკარგოდ აქ მხოლოდ ორი გუნდია, ნანტი და შამბერი.

Leave a Reply