ჩიქოვანის გუნდი ფინალთან ახლოსაა
სანაკრებო პაუზის შემდეგ ევროპაში განახლდა ეროვნული სახელბურთო ჩემპიონატები. რუმინეთში ფინალში გასვლასთან ახლოსაა ირაკლი ჩიქოვანის კლუბი, კონსტანცა, რომელმაც მეორე ეტაპის მეორე ტურში 28-23 დაამარცხა უახლოესი მდევარი, CSM ბუკურეშტი. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა 4 გოლი გაიტანა.
26-ტურიანი რეგულარული სეზონი კონსტანცამ პირველ ადგილზე დაასრულა და ამის წყალობით მეორე ეტაპი, სადაც ორ ჯგუფად გაყოფილი 8 გუნდი თამაშობს, 6 ბონუს-ქულით დაიწყო. პირველ ტურში ჩიქოვანის გუნდმა 28-23 მოუგო ქვეყნის თასის მფლობელ ტიმიშოარას, ხოლო შემდეგ იმავე ანგარიშით დაამარცხა დედაქალაქის კლუბიც და მასთან სხვაობა 5 ქულამდე გაზარდა. სათამაშო კიდევ 4 ტურია, ამის შემდეგ კი ჯგუფების გამარჯვებულები ერთმანეთს საჩემპიონო ფინალში შეხვდებიან. მეორე ჯგუფს 12 ქულით ლიდერობს რუმინეთის ჩემპიონი, ბუქარესტის დინამო.
პლეიოფში თამაშობს საქართველოს ნაკრების მეკარის, შოთა თევზაძის ფოჩანიც, რომელმაც რეგულარული სეზონი მერვე ადგილზე დაარულა და მეორე ეტაპი უქულოდ დაიწყო, შემდეგ კი ორი მატჩი წააგო დედაქალაქის გუნდებთან – დინამოსთან 22-29 და სტიაუასთან 20-25.
ხელბურთი. რუმინეთის ეროვნული ლიგა. პლეიოფი
A ჯგუფი: კონსტანცა 12 ქულა – CSM ბუკურეშტი 7, ტიმიშოარა 3, კელერაში 2
B ჯგუფი: დინამო ბუკურეშტი 12 – პოტაისა ტურდა 7, სტიაუა 5, ფოჩანი 0