ჩემპიონთა ლიგა უნგრულმა კლუბმა მოიგო

ქალთა ხელბურთის ჩემპიონთა ლიგა ბოლო ხუთ სეზონში მესამედ მოიგო უნგრეთის დიორმა, ვინც ფინალში, დამატებით დროში 31-30 მოუგო მაკედონიის ვარდარს. 

ქალები. ფინალური ოთხეული. მიმოხილვა:

http://www.ehftv.com/int/video/2017-05-07-rewind-women-episode-16

ფინალური ოთხეული ტრადიციულად ბუდაპეშტში, ლასლო პაპის არენაზე გაიმართა. ფინალში სეზონის ორი ლიდერი და ფავორიტი, დიორი და ვარდარი გავიდა. დიორმა ნახევარფინალში 2012 და 2015 წლების ჩემპიონი, ბუდუჩნოსტი დაამარცხა – 26-20, ხოლო ვარდარმა შარშანდელ ნახევარფინალში წაგებისთვის რევანში აუღო 2016 წლის გამარჯვებულს, CSM ბუკურეშტს – 38-33.

ვარდარი ზედიზედ მეოთხედ იყო ფინალურ ოთხეულში, თუმცა, ნახევარფინალი პირველად მოიგო. მასპინძელი, უნგრული კლუბი, ფინალის უმეტესი დრო წინ იყო, 2-4 ბურთით მაგრამ დასრულებამდე 7 წუთით ადრე ვარდარის გერმანელმა, ანია ალტჰაუსმა გაათანაბრა – 24-24. დიორი ისევ დაწინაურდა და  ბოლო 2 წუთი რიცხობრივი მეტობაც ჰქონდა, მაგრამ ვარდარმა უმეკარეოდ შეუტია, სლოვენიელმა თამარა მავშარმა კუთხიდან შეაგდო (26-26) და მაკედონიურ კლუბს ბოლო შეტევაც ჰქონდა, მაგრამ 20 წამში კარში დარტყმა ვერ მოასწრო.

დიორს მწარედ ახსოვდა შარშანდელი წაგება ფინალში, შვიდმეტრიანების სერიის შემდეგ, ამიტომაც ოვერტაიმის დასაწყისშივე გამეტებით შეუტია და სამი ბურთით დაწინაურდა – 29-26. ვარდარის ლიდერებმა, ლეკიჩმა და ლაკრაბერმა ისევ დაიყვანეს სხვაობა ერთამდე – 30-31, მაგრამ დარჩენილი იყო წუთზე ნაკლები – დიორმა ბოლო შეტევის სირენამდე გაწელვა მოახერხა და ჯილდო მესამედ მიიღო 2013 და 2014 წლების შემდეგ.

ლიგის საუკეთესო ბომბარდირი 98 გოლით გახდა ანდრეა პენეზიჩი (ვარდარი), საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიიღო დიორის ჰოლანდიელმა გამთამაშებელმა ნიკე ხროტმა, მაგრამ ფინალში უნგრული კლუბი ვერაფერს გახდებოდა, რომ არა ნორვეგიელი მეკარე კარი გრიმსბო და უნგრული ხელბურთის ვეტერანი ანიტა გორბიცი, რომელმაც ოვერტაიმის დასაწყისში პირადად გარდატეხა თამაში.  2014 წლის ტრიუმფის შემდეგ გორბიცმა ერთწლიანი ტაიმაუტი აიღო, შვილი გააჩინა და კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მესამედაც მოიგო.

ფინალი. მთელი მატჩი: http://www.ehftv.com/int/video/final-gyori-audi-eto-kc-hc-vardar

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2016-17, ქალები

ფინალური ოთხეული, 6-7 მაისი. ბუდაპეშტი, უნგრეთი

ნახევარფინალი

დიორი (უნგ) – ბუდუჩნოსტი (მნტ) 26-20

გორბიცი 9, ხროტი 5, ამორიმი 4 – ნიაგუ 7, ბულატოვიჩი 6

ვარდარი (მკდ) – CSM ბუკურეშტი (რუმ) 38-33

პენეზიჩი, რადიჩევიჩი 7, ლეკიჩი 6, ლაკრაბერი 5 – ნიომბლა 8

მესამე ადგილისთვის. CSM ბუკურეშტი – ბუდუჩნოსტი 20-26

გულდენი 9 – ბულატოვიჩი 5

ფინალი. დიორი – ვარდარი 31-30 (დ.დ. 26-26)

დიო: გრიმსბო, კიში – გორბიცი 7, ხროტი 6, მორკი 6, ამორიმი 3, ტომორი 3, ბოდი 2, ბროკი 2, კნედლიკოვა 2, ელღაუი, ჰარშფალვი, კორსოში, ჰუდაკი, პალი, პუჰალაკი – მწვ. ამბროს მარტინი (ესპ)

ვარ: სუსლინა, პესოა, ლენო – ალტჰაუსი 6, ლაკრაბერი 6, ლეკიჩი 4, პენეზიჩი 4, რადიჩევიჩი 4, მავშარი 3, ჰერემი 2, ლაზოვიჩი 1, ჩოვიჩი, დამნიანოვიჩი, ხმიროვა, კლიკოვაცი, რისტოვსკა

მსაჯები: კ. ქრისტიანსენი, ლ. ჰესელდალი (დან), 12 000 მაყურებელი

Leave a Reply