შეხვედრა ხელბურთის ფედერაციაში
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ხელბურთის ფედერაციის ოფისში შეხვდა სპორტის ამ სახეობის ხელმძღვანელებსა და მწვრთნელებს.
ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კაკაბაძემ, აღმასკომის წევრებმა, ნაკრებთა მწვრთნელებმა სეოკ-ის პრეზიდენტს დაწვრილებით გააცნეს ქართულ ხელბურთში არსებული მდგომარეობა. ისაუბრეს თავიანთ ხედვებზე სპორტის ამ სახეობის შემდგომი განვითარებისათვის. გულისტკივილით აღინიშნა, რომ ჯერ კიდევ არ არის სათანადო პირობები ნაკრები გუნდების ნორმალური ვარჯიშისათვის, ითქვა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების შესაძლებლობების უკეთ გამოყენების აუცილებლობაზე, მწვრთნელთა კადრების მომზადებაზე, უმაღლეს სასწავლებლებში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციაზე.
საუბრისას დიდი ადგილი დაეთმო 2017 წელს საქართველოში ჩასატარებელ 19-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მზადების საკითხებს.
ლერი ხაბელოვმა ისაუბრა ქართულ სპორტსა და ოლიმპიურ მოძრაობაში არსებულ გამოწვევებზე, პრობლემების გადაჭრის გზებზე. გამახვილდა ყურადღება ორმხრივი თანამშრომლობის აუცილებლობაზე.