შავი ზღვის ბიჭების მეტოქე გაირკვა
ხელბურთის ევროტურნირებზე 2019-20 სეზონში საქართველოს წარმოადგენს ქვეყნის ჩემპიონი, ბათუმის შავი ზღვის ბიჭები. EHF თასის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ბათუმელთა მეტოქე იქნება ლუქემბურგის ჩემპიონი, ეში.
წილისყრა დღეს გაიმართა ვენაში, ევროპის ხელბურთის ფედერაციის ოფისში. მატჩები გაიმართება 7-8 სექტემბერს. უკვე ცნობილია ამ წყვილში გამარჯვებულის მეტოქე მეორე შესარჩევ რაუნდში – პოლონეთის აზოტი-პულავი. მეორე რაუნდის მატჩები ოქტომბერშია.
კაცების EHF თასზე, ჩემპიონთა ლიგის შემდგომ, რანგით მეორე ევროტურნირზე, უცხოურ კლუბებში მოთამაშე სამი ქართველიც გამოვა. ირაკლი ჩიქოვანის რუმინული გუნდი, კონსტანცა პირველ რაუნდში შეხვდება თურქეთის ანთალიასფორს, გამარჯვების შემთხვევაში კი, მეორე რაუნდში – უნგრეთის ჩურგოის.
ბოლო, მესამე საკვალიფიკაციო რაუნდშია დაშვებული რევაზ ჭანტურიასა და ირაკლი კბილაშვილის მაკედონიური გუნდი, მეტალურგი. მესამე რაუნდის 16 წყვილის გამარჯვებული გავა ჯგუფურ ეტაპზე, საიდანაც გამოცლინდება 8 მეოთხედფინალისტი. შეჯიბრებას დაასრულებს ფინალური ოთხეულის ტურნირი.
მეტალურგის გარდა, მესამე ეტაპზე დაშვებულები არიან: ფუხსე ბერლინი, მელზუნგენი, რაინ ნეკარი, მაგდებურგი (გერ), შამბერი, ნანტი, ნიმი (საფ), ლოგრონიო, კუენკა (ესპ), სილკებორგი, ჰოლსტებრო (დან), ბალატონფურედი, ტატაბანია (უნგ), ნექსე (ხორ), გვარდია ოპოლე (პოლ).
EHF თასი ამ ფორმატით ამ სეზონში უკანასკნელად იმართება. 2020 წლიდან შეჯბრებას დაერქმევა ევროპის ხელბურთის ლიგა.