ღირსეული დაბრუნება 23 წლის შემდეგ

ხელბურთელ ქალთა ეროვნული ნაკრები 23-წლიანი შესვენების შემდეგ ჩაება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში და გუნდით, რომლის ყველაზე უფროსი წევრი 19 წლისაა, 27-31 წააგო ისრაელის ქალთა ნაკრებთან. ეს მოხდა კოსოვოს ქალაქ ჯაკოვეში, 10 ივნისს კი უკვე დედაქალაქ პრიშტინაში მასპინძლებს ვეთამაშებით. 

ქალთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაცია ბოლოს 1994 წელს უთამაშია, შემდეგ ერთხელ გამოვიდა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში, ორჯერ – ჩელენჯ ტროფიზე, 2006 წლის შემდეგ ქალთა ხელბურთში დიდი ხნის პაუზა გვქონდა.

2015 წლიდან 1998-99 წლებში დაბადებულ გოგონათა გუნდი ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატებში ჩაება და 2016 წელს, ქალთა ტროფიზე, თბილისში, მეორე ადგილიც დაიკავა, დღეს კი უკვე ეროვნულ ნაკრებთა დონეზე გადავიდა.  ხელბურთის ფედერაციაში კარგა ხანს ფიქრობდნენ, ნაადრევი ხომ არ იქნებოდა ქალთა ტურნირებში ჩაბმა, მაგრამ, საბოლოოდ, თვითონ გუნდმა მოითხოვა თამაში.

სამწუხაროდ, კოსოვოში სულ 11 ხელბურთელი გაემგზავრა. დაშავებულები არიან ჩოგოვაძე, გადელია და ჯავახიშვილი. შემადგენლობიდან 7 ხელბურთელი 19-წლამდელთა ნაკრების წევრია, 3 – ჩვიდმეტწლამდელების.  უმცროსი  ნაკრებიდან მეტი არავის დამატება არ მოხერხდა, რადგანაც ბავშვებს სკოლის გამოცდები ჰქონდათ, 14-15 წლიანების თამაში კი ჯერ ნაადრევია. ამ 10 ხელბურთელს დაემატა 32 წლის ინა ჭკუასელი, რომელიც მოქმედი მოთამაშე აღარაა, ნაკრების მეორე მწვრთნელია და გამოუვალი აუცილებლობის გამო მოუწია მოედანზე გასვლა.

ისრაელი, რა თქმა უნდა, ხელბურთის გრანდებს არ განეკუთვნება. ამ ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებს შარშან ორი თამაში მოვუგეთ, მაგრამ ეს უკვე ზრდასრულ ქალთა გუნდი იყო, რომლის ყველაზე ახალგაზრდა წევრი იყო 20 წლის, თანაც მეტოქე სრული, 16-კაციანი შემადგენლობით ჩავიდა კოსოვოში და ეს, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი ფაქტორიც გამოდგა.

ქართველებმა ყოჩაღად დაიწყეს. ქიტესაშვილისა და კუნელაშვილის გოლების შემდეგ 2-0 დავწინაურდით  და მეტოქემ პირველი გოლი მეხუთე წუთზე გაგვიტანა. მე-13 წუთისთვის საქართველოს ნაკრები ლიდერობდა – 6-5. აქ ისრაელმა მცირე სპურტი მოაწყო და 12-7 დაწინაურდა, მაგრამ ყველაშვილმა და ვენეცკიმ სხვაობა სამამდე შეამცირეს – 9-12. ტაიმი 4 ბურთით წავაგეთ – 10-14.                           

33-ე წუთზე სხვაობა ისევ დავიდა სამამდე (13-16), მაგრამ მოსალოდნელი იყო, რომ სრული  შემადგენლობით მოთამაშე, თანაც ბევრად გამოცდილი გუნდი სხვაობას ნელ-ნელა გაზრდიდა. თავიდან ასეც მოხდა, და ისრაელის მაქსიმალურმა უპირატესობამ 7 ბურთს მიაღწია (30-23, 55-ე წუთი), მაგრამ, ჩვენი ქალთა ნაკრები ყოველთვის ბოლო წამამდე იბრძვის – ჩოხელმა და კუნელაშვილმა 2-2 გოლი გაიტანეს და აღდგინეს პირველი ტაიმის სხვაობა – 27-31.

მატჩის ძირითადმა სიმძიმემ გადაიარა 7 მოთამაშეზე. მეკარეებმა, ჯავახიამ და ვარდიშვილმა მოიგერიეს ჩვენს კარში დანიშნული ოთხივე შვიდმეტრიანი (ამ მხრივ საქართველოს ნაკრბს მაქსიმალური შედეგი ჰქონდა – ექვსიდან ექვსი), 7 გოლი გაიტანა ყვარლელმა კუნელაშვილმა, 5-5 –  გუნდი კაპიტანმა ჩოხელმა, ყველაშვილმა, ვენეცკიმ,  4 – ქიტესაშვილმა. გუნდს ერთი გოლით შეეშველა ვეტერანი ჭკუასელი, ამათ გარდა კი მოედანზე იყვნენ 17 წლის ქებაძე და 16-16 წლის გვათუა და ჩირგაძე.

კოსოვოს ტურნირის გამარჯვებული გავა მეორე ეტაპზე და მოხვდება მეშვიდე ჯგუფში,  ჰოლანდიასთან, უნგრეთთან და ბელარუსთან. 10 ივნისს კოსოვო-საქართველოს მატჩია, ხოლო შეჯიბრებას დაასრულებს კოსოვო-ისრაელის თამაში 11 ივნისს. მეორე ჯგუფის პირველ მატჩში საბერძნეთმა ათენში დაამარცხა ფინეთი, 29-20.

ხელბურთი. ევრო 2018, ქალები. პირველი შესარჩევი ეტაპი. 9-11 ივნისი, 2017

მეორე ეტაპზე გადიან ჯგუფების გამარჯვებულები

B ჯგუფი: ისრაელი, კოსოვო, საქართველო (კოსოვოში)

9 ივნისი, 20:00, ჯაკოვე

საქართველო – ისრაელი 27-31

საქ: ჯავახია, ვარდიშვილი – კუნელაშვილი 7, ყველაშვილი 5, ვენეცკი 5, ჩოხელი 5, ქიტესაშვილი 4, ჭკუასელი 1, გვათუა, ჩირგაძე, ქებაძე

ისრ: გერშონი,  ბენ ზიქრი – ბენ იცჰაკი 9, ამინოვი 6, ეპელბოიმი 5, შაული 3, იზაკი 3, ოშრი კოენი 2, ოშერ კოენი 1,  ლევი 1, ბაჩში 1, ბენ შოშანი, ვაგენფელდი, ბარელი, აუიზერატი, ვაკრატი

მსაჯები: მარკოვსკა, ვუტოვი (ბულ), დელეგატი: სივრიქაია (თურ)

10 ივნისი, 20:00, პრიშტინა. კოსოვო – საქართველო

11 ივნისი, 19:00, ისრაელი – კოსოვო

A ჯგუფი: ფინეთი, ფარერის კუნძულები, საბერძნეთი (საბერძნეთში)

9 ივნისი. საბერძნეთი-ფინეთი 29-20.

მეორე შესარჩევი ეტაპი. სექტემბერი 2017-ივნისი  2018

1 ჯგუფი: ნორვეგია, ხორვატია, უკრაინა, შვეიცარია

2 ჯგუფი: მონტენეგრო, პოლონეთი, სლოვაკეთი, იტალია

3 ჯგუფი: შვედეთი, სერბეთი, მაკედონია, A ჯგუფის გამარჯვებული

4 ჯგუფი: რუმინეთი, რუსეთი, ავსტრია, პორტუგალია

5 ჯგუფი: დანია, ჩეხეთი, სლოვენია, ისლანდია

6 ჯგუფი: ესპანეთი, გერმანია, თურქეთი, ლიტვა

7 ჯგუფი: ჰოლანდია, უნგრეთი, ბელარუსი, B ჯგუფის გამარჯვებული

ფინალურ სტადიაზე გავა 2-2 გამარჯვებული და საუკეთესო მესამე ადგილი.

ევრო 2018: საფრანგეთი, 2018 წლის დეკემბერი

ქალთა ეროვნული ნაკრები კოსოვოში

მეკარეები: 12. ანა ვარდიშვილი (მამული, 1999) 16. ქრისტინე ჯავახია (ფოთი, 1998) – მოთამაშეები: 5. მარიამ გვათუა (ფოთი, 2001) 7. თინა ქიტესაშვილი (ყვარელი, 1999) 17. მედეა ჩოხელი (პეგასი, 1999) 18. ქეთევან ვენეცკი (პეგასი, 1998) 19. ანა ყველაშვილი (მამული, 1998) 23. ანა ქებაძე (პეგასი, 2000) 24. ჯულია ჩირგაძე (წყალტუბო, 2001) 28. ინა ჭკუასელი (მამული, 1985) 29. ქეთი კუნელაშვილი (ყვარელი, 1999)

მწვრთნელი გიორგი გვაზავა, გუნდის უფროსი ლანა მარგიანი, ექიმი ლევან ლინნიკი

სტატია ევროპის ხელბურთის ფედერაციის ვებგვერდზე:

http://www.eurohandball.com/article/28928

Leave a Reply