საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა

საქართველოს ხელბურთის ეროვნულ ფედერაციას დატვირთული წელი ჰქონდა და ასეთივე 2026 წლის სამზადისშია. ქართული ხელბურთი საახალწლოდ 2026 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.

სასტუმრო „პულმანში“, სადაც ხელბურთის ეროვნული ფედერაციის შემაჯამებელ ყრილობას უმასპინძლეს, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვახტანგ მეიფარიანმა დამსწრეთ,2025 წლის შედეგები და მომავალი წლის სამოქმედო გეგმა გააცნო.

2025 წელი იმით იყო განსაკუთრებული, რომ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა მისთვის ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. გახდა „კარპატების თასის“ გამარჯვებული, ასევე ამავე გათამაშების ვერცხლის მედალოსანი.

გარდა ამისა, თელავში ჩატარდა 19-წლამდე გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატი. გოგონათა ნაკრებმა ამავე ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზა ერთა თასზე (პრიშტინა, კოსოვო), ხოლო 16 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა ნაკრებებმა ესპანეთში, ბორდილსის წარმომადგენლობით საერთაშორისო ტურნირზე მესამე ადგილები დაიკავეს.

განხორციელდა არაერთი საერთაშორისო პროგრამა. ჩატარდა სემინარები; გაიზარდა სასკოლო ფესტივალების მასშტაბები, მასში მოზარდთა ჩართულობა.

ასევე უნდა აღინიშნოს „ბარსელონას“ აკადემიასთან გაფორმებული მემორანდუმი, რაც უთუოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ხელბურთის განსავითარებლად.

საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ სპორტის მინისტრი, შალვა გოგოლაძე, მინისტრის მოადგილეები ირაკლი მეძმარიაშვილი და ირაკლი დოლაბერიძე.

ასევე ღონისძიებას ესწრებოდა ქართული ხელბურთის ლეგენდა, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ვერცხლის მედალოსანი, მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს და ვერცხლის მედალოსანი ალექსანდრე ანპილოგოვი.

ვეტერან ხელბურთელს, რომელიც რამდენიმე წელია საქართველოში არ ცხოვრობდა, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ბრძანებულებით საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა და ამის აღსანიშნად, სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ მას სიმბოლურად, საქართველოს პასპორტი გადასცა.

გაიმართა ხელბურთის ეროვნული ფედერაციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ახალი ლოგოს პრეზენტაციაც, ასევე ერთგვარი პრომო რგოლის სახით საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა წარადგინეს საგანგებოდ საიუბილეო წლისთვის შექმნილი ეროვნული ნაკრების სათამაშო ფორმა, რომლითაც ჩვენი უმთავრესი გუნდი მალმოში (შვედეთი) ევროპის ჩემპიონატზე წარდგება.

სპორტის მინისტრმა ნაკრების წევრებს, რომლებიც სრული შემადგენლობით იყვნენ წარმოდგენილი ყრილობაზე, ამცნო, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლისთვის, როგორც ეს იყო გაზაფხულზე ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემთხვევაში, მათ წამახალისებელი სიურპრიზი ელით.

Leave a Reply