ქართველი მსაჯები ევროპული ტურნირის ფინალში
ახალგაზრდა არბიტრებმა, ნიკა და თამაზ კევლიშვილებმა წარმატებით იმსაჯეს პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში, ევროპის უნივერსიტეტების სახელბურთო ჩემპიონატზე, სადაც 19 წლის ქართველებს ფინალური მატჩი ანდეს.
შეჯიბრება 2006 წლის შემდეგ მეათედ გაიმართა. 2012 წელს შეჯიბრება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა მოიგო, 2008 წელს კი მეორე ადგილი დაიკავა. წლეულს კაცებში გაიმარჯვა გრანადის (ესპანეთის) უნივერსიტეტმა, ვინც ფინალში 24-21 დაამარცხა კიოლნი (გერმანია), ქალთა შორის პოლონეთის ლიუბლინმა 31-25 მოუგო ჰამბურგის (გერმანია) უნივერსიტეტს.
ნიკა და თამაზ კევლიშვილები უკვე ერთი წელია, EHF ახალგაზრდა მსაჯების პროგრამაში ირიცხებიან. მსაჯობა 16 წლიდან დაიწყეს და უკვე საკმაო გამოცდილება დაუგროვდათ – საქართველოს ჩემპიონატების გარდა უმსაჯიათ თბილისის საერთაშორისო ტურნირზე 2018 წლის აპრილში, საქართველო-აზერბაიჯანის ქალთ ჩემპიონატში და პრეზიდენტ ალიევის მემორიალზე ბაქოში. ევროპის უნივერსიტეტების ჩემპიონატი მათი პირველი საერთაშორისო შეჯიბრება იყო EHF ეგიდით.
ბიდგოშჩში 20 ახალგაზრდა ევროპელი არბიტრი შეიკრიბა. მათ გაიარეს თეორიული მეცადინეობები, რომელსაც უძღვებოდნენ EHF ლექტორები ალექსანდრუ აქსინტე, კლაუს-დიტერ კონვენცი, ტომო ვოდოპიევიჩი და მარკოს ბესტილეირო. ოცივე არბიტრმა ჩააბარა თეორიული ტესტები. ქართველები საუკეთესოებს შორის იყვნენ – კევლიშვილებმა იმსაჯეს კაცების მეოთხედფინალი, ქალთა ნახევარფინალი და როდესაც ფინალის არბიტრების არჩევანი დადგა, შეჯიბრების დელეგატმა, პოლონელმა მიროსლავ ბაუმმა უყოყმანოდ ანდო გადამწყვეტი მატჩი ქართველ ახალგაზრდებს.
ტურნირი პირველი ნაბიჯი იყო EHF არბიტრის წოდების მოსაპოვებლად. EHF ახალგაზრდა რეფერის შემდგომი კატეგორიაა EHF კანდიდატი, შემდგომი კი ევროპის ხელბურთის ფედერაციის ოფიციალური არბიტრი.