ქართველი ლეგიონერების მონაგარი სანაკრებო პაუზამდე

სანაკრებო პაუზის დაწყებამდე საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების წევრებმა ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი მატჩები ჩაატარეს.

გერმანიის ბუნდესლიგში „გუმერსბახი“ სტუმრად „ლემგოს“ დაუპირისპირდა. მატჩში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ნაკრების ლიდერმა, გიორგი ცხიოვრებაძემ, რომელმაც „გუმერსბახის“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, ექვსი გოლი გაიტანა, მაგრამ მისი გუნდი მაინც დამარცხდა –  26:35.

ჩრდილოეთ მაკედონიის პირველობის საჩემპიონო ჯგუფში „ოჰრიდმა“ სტუმრად ორი ბურთით წააგო „სკოპიესთან“ – 29:31. „ოჰრიდის“ შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თეიმურაზ ორჯონიკიძემ ხუთი გოლი მიითვალა.

რუმინეთის ჩემპიონატის ლიდერების მატჩში ლიდერმა  ბუქარესტის „დინამომ“ მეორეადგილოსან „ტურდას“ უმასპინძლა და 42:30 დაამარცხა. „ტურდას“ შემადგენლობაში ირაკლი კბილაშვილის ანგარიშზე ორი გოლი და ერთი ასისტია.

სერბეთის ჩემპიონატის პლეი ოფში, მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედარში, „მეტალოპლასტიკამ“ საკუთარ მოედანზე „რადნიჩკი“ 27:25 დაამარცხა (ამ გუნდების პირველი შეხვედრა 25:25 დასრულდა) და ნახევარფინალში გავიდა, სადაც „ვოივოდინას“ შეხვდება.

მასპინძელთა რიგებში მირიან გავაშელიშვილმა ერთი გოლი გაიტანა.

Leave a Reply