ფინალური ოთხეული უგერმანელებოდ შედგა
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, 3 ივნისს, კიოლნში ითამაშებენ უნგრეთის ვესპრემი – საფრანგეთის პსჟ, მაკედონიის ვარდარი – ესპანეთის ბარსელონა. ფინალური ოთხულის ფორმატზე გადასვლის შემდეგ, 2010 წლიდან, პირველად მოხდა, რომ ნახევარფინალში ვერცერთმა გერმანულმა კლუბმა ვერ გააღწია.
კაცები. მეოთხედფინალის საპასუხო მატჩები, მიმოხილვა:
http://www.ehftv.com/int/video/2017-04-30-rewind-episode-18
ბუნდესლიგის ორი დარჩენილი გუნდიდან პირველი ფლენზბურგი გავარდა – შინ 24-26 წაგების შემდეგ ლიგის 2014 წლის გამარჯვებული სკოპიეში 27-35 განადგურდა ვარდართან, რომელიც გახდა პირველი ექს-იუგოსლავიური გუნდი, ვინც ოთხთა ფინალში გავიდა. კილი, შინ 28-26 მოგების შემდეგ ბარსელონაში 18-23 დამარცხდა, ძირითადად ბარსას მეკარის, გონსალო პერეს დე ვარგასის ბრწყინვალე თამაშის (56%) გამო.
ლიგის 2003 წლის ჩემპიონს, მონპელიეს, ვესპრემთან საპასუხო მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ უკვე დაძლეული ჰქონდა პირველი მატჩის ჩამორჩენა – 23-26, 15-11. მაგრამ, შესვენების შემდეგ ვესპრემმა დაცვა გაამკაცრა და მეორე ნახევრის პირველ 10 წუთში ფრანგებმა სულ სამჯერ მოახერხეს კარში დარტყმა. 39-ე წუთზე წინ უკვე ვესპრემი იყო, 19-18 და, საბოლოოდ, 30-25.
მეორე ფრანგულ კლუბს პარი-სენ ჟერმენს სტუმრად 30-27 ჰქონდა მოგებული უნგრეთის სეგედთან, მაგრამ საპასუხო მატჩის დასრულებამდე ოცი წუთით ადრე შინ 21-25 აგებდა. მაგრამ, მომდევნო 14 წუთში სენ-ჟერმენს გოლი აღრ გაუშვია, თავად კი 6 გაიტანა – 27-25. ჯამში, მატჩი ფრედ დასრულდა, 30-30.
ოთხი ნახევარფინალისტიდან ჩემპიონთა თასი მხოლოდ ბარსელონას აქვს მოგებული. ვესპრემს სამჯერ წაუგია ფინალში, მათ შორის – ბოლო ორ სეზონში, პსჟ პირველად შარშან მოხვდა ფინალურ ოთხეულში და ნახევარფინალში დამარცდა მომავალ ჩემპიონ კელცესთან. ვარდარი ნახევარფინალში პირველადაა.
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2016-17, კაცები
მეოთხედფინალის საპასუხო მატჩები. 27-40 აპრილი
ვარდარ სკოპიე (მკდ) – ფლენზბურგი (გერ) 35-27 (26-24)
ცინდრიჩი 7, დუიშებაევი, შიშკარევი 5 – ეგერტი 8
ბარსელონა (ესპ) – კილი (გერ) 23-18 (26-28)
რივერა 7, ტომასი 4, ლაზაროვი 3 – ეკბერგი, ვუინი 4
პსჟ (საფ) – სეგედი (უნგ) 30-30 (30-27)
ჰანსენი, ლ. კარაბატიჩი 6, აბალო, გენსჰაიმერი, ნ. კარაბატიჩი 4 – ბალოგი 8
მონპელიე (საფ) – ვესპრემი (უნგ)25-30 (23-26)
დოლენეცი 9, ფაბრეგასი, პორტი 4 – პალმარსონი 7, გაიჩი 5, ნადი, ა. ნილსონი 4
ფინალური ოთხეული: 3-4 ივნისს კიოლნში, გერმანია
3 ივნისი, ნახევარფინალი. ვესპრემი-პსჟ, ვარდარი-ბარსელონა
ქალები. ფინალური ოთხეული, 6-7 მაისი, ბუდაპეშტი
6 მაისი, ნახევარფინალი. ბუდუჩნოსტი-დიორი, ბუკურეშტი-ვარდარი