ტურნირის MVP ირაკლი კბილაშვილი გახდა
ახალი საკლუბო სეზონისთვის ემზადება ქართველი ხელბურთელების, ირაკლი კბილაშვილისა და რეზო ჭანტურიას მაკედონიური გუნდი, სკოპიეს მეტალურგი, რომელმაც ახლახან სეზონისწინა შეჯიბრებაზე, სერბეთის ქალაქ კანიჟაში მესამე ადგილი დაიკავა, საქართველოს ნაკრებისა და მეტალურგის გამთამაშებელი, კბილაშვილი კი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
21 წლის კბილაშვილმა რომელიც საქართველოში ქუთაისსა და ქარიშხალაში თამაშობდა, ხოლო ერთი სეზონი საბერძნეთშიც აქვს გატარებული, წინა სეზონი უკრაინის სუპერლიგის კლუბ ოდესაში დაასრულა, ამ ზაფხულს კი მაკედონიის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდს შეუერთდა.
კანიჟას თასზე თამაშობდნენ სერბეთის პარტიზანი, ხორვატიის ნექსე, ისრაელის რამათ ჰაშრონი და მეტალურგი. ქართველების კლუბმა წააგო ნექსესთან (27-29) და რამათ ჰაშრონთან (30-32), ბოლო დღეს კი პარტიზანი 28-23 დაამარცხა და მესამე ადგილი დაიკავა.
ორი წაგების მიუხედავად, ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) კბილაშვილი დასახელდა. მეტალურგის ოფიციალური ვებგვერდი წერს: „ქართველმა გამთამაშებელმა მოედანზე ყველაზე მეტი დრო გაატარა და თავისი გულიანი და დამაჯერებელი გამოსვლით მეტალურგის თამაშის ხარისხი გამოაკეთა. ქართველი ჯერჯერობით სრულად ამართლებს იმედს, რომელსაც მასზე კლუბი ამყარებს“.
ტურნირის შემდეგ მეტალურგმა კიდევ ერთი ამხანაგური თამაში გამართ სერბეთში და 34-25 დაამარცხა ქალაქ დუბოჩიცას გუნდი. კბილაშვილმა გაიტანა 2 გოლი, ხოლო რეზო ჭანტურია, რომელიც სეზონის წინ დაუბრუნდა თავი ძველ კლუბს, ტრავმას იშუშებს და ამხანაგურ მატჩებში არ უთამაშია.
მაკედონიის ჩემპიონატი 7 სექტემბერს იწყება. მეტალურგი ნოემბერში ჩაებმება რანგით მეორე ევროტურნირშიც, EHF თასზე, სადაც ერთი ეტაპის გავლა დასჭირდება ჯგუფურ რაუნდში მოსახვედრად.