ტიტე კალანდაძე: საქართველოს ნაკრები თამაშიდან თამაშამდე უმატებს და გვინდა, რომ ეს პროგრესი გაგრძელდეს

საქართველოს ნაკრები ბოსნიასთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება. იანვრის დასაწყისში გუნდი რუმინეთში „კარპატების თასზე“ სათამაშოდ მიემგზავრება სადაც სამ შეხვედრას ჩაატარებს, 13 მარტს კი თბილისში ბოსნიის ნაკრებს უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების მომავალ მატჩებზე, მეტოქეებზე და სხვა საინტერესო თემებზე მთავარი მწვრთნელი ტიტე კალანდაძე საუბრობს:

საქართველოს ნაკრებზე

„რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა, ყველა თამაშზე მოსაგებად გავიდეთ, მაგრამ ამასთანავე, ჩვენი მიზანია, რომ გუნდი უფრო მეტად შეთამაშდეს. საქართველოს ნაკრები თამაშიდან თამაშამდე უმატებს, ძლიერი გუნდი ხდება და გვინდა, რომ ეს პროგრესი გაგრძელდეს. ახალგაზრდული გუნდია და მას ნამდვილად აქვს მომავალი“.

ბოსნია

„ევროპის ჩემპიონატზე ბოსნიასთან მოგებული გვაქვს, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, რომ ახლანდელი ბოსნიის ნაკრები გაცილებით ძლიერი გუნდია. მოთამაშეებზე არ მაქვს საუბარი, ამ მხრივ შეიძლება არაფერი შეცვლილა, მაგრამ მაშინ მათ გუნდში არეულობა იყო და ჩვენ ეს სიტუაცია კარგად გამოვიყენეთ“.

უნგრეთთან მოგება

„მოვიტყუები ვთქვა, რომ უნგრეთთან მოგებას ველოდი, ამის მოლოდინი, ალბათ, არავის ჰქონდა. მაგრამ ველოდით ჩვენი გუნდის კარგ თამაშს. ბიჭებს დავალება ჰქონდათ მიცემული და ის გადაჭარბებით შეასრულეს.  

ხელბურთში ხდება ხოლმე, რომ ძლიერი გუნდი, ასე ვთქვათ, „ახალ“ გუნდს დიდი ანგარიშით ამარცხებს. ჩვენი ამოცანა იყო, რომ დიდი ანგარიშით არ წაგვეგო, მაგრამ ბიჭებმა მოინდომეს და ისე ითამაშეს, რომ უნგრეთის უძლიერეს ნაკრებს აქეთ მოვუგეთ“.

ხელბურთი ოჯახში

„არა მარტო მე და ჩემი შვილი, ნიკოლოზი, ვართ დაკავებული ხელბურთით. მამაჩემიც ხელბურთის მწვრთნელი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ორჯერ დავიწყე ხელბურთის თამაში. ჯერ პატარა ასაკში მამაჩემის კლუბში გამოვდიოდი, მაგრამ თავი დავანებე.

შემდეგ 77-ე სკოლაში ვთამაშობდით და კარგად გამომდიოდა ეს სპორტი. ერთხელ ერთ-ერთი ხელბურთელი მოვიდა, მითხრა, რომ დამეწყო თამაში და მივედი მერაბ მეტრეველთან. იმის მერე ხელბურთში ვარ და ხელბურთით ვცხოვრობ“.

ნიკოლოზ კალანდაძის ტრავმა

„არასასიამოვნო იქნება ამაზე საუბარი, მაგრამ არაპროფესიონალიზმთან და უცოდინრობასთან გვაქვს საქმე, რადგან ტრავმა ბოლომდე არ ჰქონდა მორჩენილი და არასწორ დროს დააწყებინეს თამაში“.

საყვარელი სპორტის სახეობა

„ვერცერთს გამოვარჩევ, ბურთიანი სპორტი ყველა მიყვარს და ასე ვიტყოდი, რომ ყველა კარგი თამაში სანახაობრივია. მიყვარს ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი…

ფრენბურთში ცოტა სუბიექტური ვიქნები, რადგან ჩემი შვილი, ანა კალანდაძე, ფრენბურთელია, ხშირად ვუყურებ და ვტკბები მისი თამაშით.

საყვარელი სპორტსმენი

„ძნელია ვინმეს გამორჩევა, მაგრამ ხელბურთიდან ვიტყვი – ეს არის არონ პალმერსონი“

საყვარელი კერძი

„ძნელია რომელიმეს გამორჩევა, განსაკუთრებით ქართული სამზარეულო მიყვარს. ყველა კარგად გაკეთებული ქართული კერძი შედევრია“.

Leave a Reply