„საჭიროა ეს ჯგუფი დავძლიოთ და უფრო ძლიერ მეტოქეებს შევხვდეთ“ – სანდუ ფლორინ იაკობი
ხვალ, 5 ნოემბერს 22:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს გამართავს. ჰელსინკიში ჩვენი გუნდის მეტოქე დიდი ბრიტანეთი იქნება. მომდევნო დღეს ადგილობრივ ფინეთის ნაკრებთან, 7 ნოემბერს კი ესტონეთთან მატჩი გაიმართება. ჯგუფში ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს.
ჰელსინკიში გამგზავრებამდე საქართველოს ნაკრებმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 4 დღე დაჰყო. საწვრთნელი პერიოდის ბოლოს საქართველოს ნაკრები ადგილობრივ ნაკრებს ამხანაგურ მატჩში შეხვდა. შეხვედრა რუმინელების გამარჯვებით, 37-25 დასრულდა.
ჩვენ საქართველოს ნაკრების რუმინელ მთავარ მწვრთნელს, სანდუ ფლორინ იაკობს ვესაუბრეთ და რამდენიმე საკითხზე აზრის გამოხატვა ვთხოვეთ:
ამხანაგური მატჩი რუმინეთთან
„ჯერჯერობით ჩვენი და რუმინეთის ნაკრებების დონეებს შორის განსხვავება არსებობს და ეს რიცხვებშიც აისახა. სხვა შეხვედრაში, რა თქმა უნდა, უფრო შედეგზე გავაკეთებდით აქცენტს, მაგრამ ახლა ამხანაგური მატჩი იყო, ბევრი მოთამაშე გამოვცადეთ და ეს აუცილებელიც იყო, რადგან წინ სამი მძიმე მატჩი გველის და საჭირო მომენტში უნდა ვიცოდეთ რომელ მოთამაშეს დავეყრდნოთ. გამოვცადეთ სხვადასხვა სათამაშო სისტემა და დავინახეთ რა კომპონენტებში გვაქვს მინუსები, ამ მხრივ ძალიან ნაყოფიერი მატჩი გამოვიდა.“
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
„ჩვენს მოთამაშეებს ვეუბნები, რომ ჩვენი გუნდის მთავარი ღირსება საბრძოლო შემართებაა. ყოველი ბურთისთვის თავდადებით ვიბრძვით, რაც შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ჩვენი მიზანი შემდეგ საკვალიფიკაციო რაუნდზე გადასვლაა.
ასევე, ბიჭებს ვუთხარი, რომ თუ გვსურს გამუდმებით დაბალი დონის გუნდებს ვეთამაშოთ, ეს მარტივი საქმეა. მაგრამ, თუ გვინდა საფრანგეთთან და გერმანიასთან მოგვიწიოს შეხვედრა, ამისთვის დიდი შრომა მოგვიწევს. საჭიროა ეს ჯგუფი წარმატებით დავძლიოთ და უფრო ძლიერ მეტოქეებს დავუპირისპირდეთ.“
ჩვენი ჯგუფი და მეტოქეები
„ვიტყვი, რომ ჩვენი მთავარი მეტოქე შეიძლება მხოლოდ საკუთარი თავი იყოს. ჩვენზეა დამოკიდებული როგორი კომუნიკაცია გვექნება ერთმანეთთან და შემდეგ უკვე როგორ პერფორმანსს შევთავაზებთ მეტოქეებს.
ჩვენ გვახსოვს, რომ შარშანწინ ფინეთთან მნიშვნელოვან მატჩში განვიცადეთ მარცხი, იმედი მაქვს აქედან სწორ დასკვნებს გამოვიტანთ. კარგი გუნდი ჰყავს ესტონეთსაც. დიდი ბრიტანეთის შესახებ ის ვიცი, რომ დიდი ხანია არ უთამაშიათ და ახალი გუნდი ჰყავთ.“
ტრავმირებული და ახალი მოთამაშეები
„როგორც იცით, ამ მატჩებში გუნდს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ცხოვრებაძე დააკლდება. იგი ვარჯიშის განახლებას შეუდგა, თუმცა სათამაშოდ ჯერ მზად არ არის, რაც ძალიან სამწუხაროა. ტრავმები სპორტის შემადგენელი ნაწილია, იმედი გვაქვს რომ იანვრის თამაშებში გიორგი უკვე ჩვენთან ერთად იქნება. მან თუ განვითარება განაგრძო აუცილებლად შეუძლია, რომ საქართველოს ხელბურთის ისტორია დაწეროს.
აღსანიშნავია, რომ დაგვიბრუნდნენ კალანდაძე და მსხვილიძე, მათ სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვეს.
რაც შეეხება სხვა ტრავმებს, არის რამდენიმე დაზიანება, თუმცა ყველა შემართულია საასპარეზოდ და პატარა ტკივილს დიდ ყურადღებას არავინ აქცევს.“ – ამბობს სანდუ ფლორინ იაკობი.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე:
5 ნოემბერი – დიდი ბრიტანეთი (22:00 საათი)
6 ნოემბერი – ფინეთი (18:00 საათი)
7 ნოემბერი – ესტონეთი (20:00 საათი)