საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია ხელბურთის აკადემიების გახსნას აგრძელებს

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია ბარსელონას აკადემიასთან ერთად, ხელბურთის ტალანტების აღმოჩენის ერთგვარი პროგრამის ფარგლებში, საჯარო სკოლებში ხელბურთის აკადემიების გახსნას აგრძელებს.

სასკოლო ხელბურთის განვითარების მასშტაბური პროგრამის ფარგლებში ხელბურთის აკადემია ამჯერად თბილისის 127-ე საჯარო სკოლაში გაიხსნა.

მნიშვნელოვან ღონისძიებას საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვახტანგ მეიფარიანი და ფედერაციის სხვა წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

127-ე საჯარო სკოლა, სადაც თავის დროზე სწავლობდნენ საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი წევრები, ზურაბ ცინცაძე და ხაზეინ რუსტამოვი, ასევე ნაკრების ყოფილი მოთამაშე და ჩვენი ამჟამინდელი მასპინძელი ირაკლი გოგოლაძე, გვაძლევს იმის თქმის საბაბს, რომ ახლად გახსნილი აკადემია, სხვა არაერთ სახელოვან ხელბურთელს გაზრდის, რომლებიც შემდგომში ეროვნული ნაკრების მაისურს მოირგებენ.

ვახტანგ მეიფარიანმა სკოლის აღსაზრდელები, რომლებსაც საგანგებოდ საპატიო სტუმრებისთვის ხელბურთი გაეჩაღებინათ, სასკოლო ფესტივალზე სათამაშოდ მიიწვია და იქვე ამცნო, რომ მათ შორის საუკეთესოებს ზაფხულში „ბარსელონას“ კემპში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ.

გარდა ამისა, ფედერაციის პრეზიდენტი 127-ე სკოლის მოსწავლეებს ხელბურთის ინვენტარით თუ ეკიპირებით უზრუნველყოფას დაჰპირდა. ვახტანგ მეიფარიანმა ასევე აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში ხელბურთის აკადემიები სხვა სკოლებშიც გაიხსნება.

Leave a Reply