საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები ესპანეთის საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. გოგონათა ნაკრები კატალონიის ნაკრებს დაუპირისპირდება
საქართველოს ჭაბუკთა და გოგონათა ეროვნულ გუნდებს (U16), რომლებიც ესპანეთში საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობენ, მეტად დატვირთული დღე ჰქონდათ. ითამაშეს როგორც გოგოებმა, ისე ბიჭებმა.
ჭაბუკთა ნაკრები ტურნირზე მონაწილეობას მასპინძელ ბორდილასთან შეხვედრით შეუდგა. მათდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენმა გუნდმა დებიუტშივე წარმატებას მიაღწია. საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებლად – 20-14 გაიმარჯვა.
მეორე მატჩში ჩვენს ბიჭებს მეტოქედ ჰყავდათ ბარსელონას გუნდი. კატალონიელ თანატოლებთან დაპირისპირება დაძაბული გამოდგა და ის მეტოქის გამარჯვებით, 26-24 დასრულდა. მიუხედავად წაგებისა, ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა და მნიშვნელოვანი გამოცდილებაც მიიღო. ესპანური ტურნეს მიზანიც სწორედ საერთაშორისო გამოცდილების შეძენაა.
საქართველოს ნაკრებს მესამე შეხვედრა ფრანგულ კლუბ “რივერსალტესთან” ჰქონდა. ფრანგებთან მატჩზე იყო დამოკიდებული ნახევარფინალის საგზურის ბედი. ასე რომ, გამარჯვება იყო საჭირო, რაც ჩვენმა გუნდმა შეძლო კიდეც, ამასთან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. თამაში ჩვენი გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით 24-15 დასრულდა.
21 დეკემბერს, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ნახევარფინალში “გრანოლერს” დაუპირისპირდება. მეორე წყვილში ფინალური საგზურისთვის ერთმანეთში გაარკვევენ ურთიერთობას “ბარსელონა” და “ბარბერა”.
ითამაშა გოგონათა ნაკრებმაც მათი მეტოქე “გრანოლერსი” იყო. პირველი ტაიმი ოთხი ბურთით დავთმეთ – 15-19. მეორე ნახევარში ჩვენმა გოგოებმა თამაშში გარდატეხის შეტანა ცადეს, ანგარიშიც გაათანაბრეს და დაწინაურდნენ კიდეც, მაგრამ დასკვნით ნაწილში მასპინძლებმა სამი ბურთით 37-34 გვაჯობეს.
საქართველოს გოგონათა ნაკრებს მომდევნო მეტოქედ კატალონიის ნაკრები ეყოლება.
ჩვენმა გოგოებმა პირველ შეხვედრაში სარიას რეგიონის გუნდთან დრამატულ შეხვედრაში გაიმარჯვეს.