
საქართველოს პრეზიდენტმა ხელბურთელთა ნაკრების წევრები და ფედერაციის ხელმძღვანელები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე დააჯილდოვა.
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები სპორტსმენებს განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისთვის – კერძოდ, ხელბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისტორიული შედეგის მიღწევისა და აღნიშნული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე წარმატებული ასპარეზობისთვის გადაეცათ.






„მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს იმ ისტორიული შედეგისთვის, რომელიც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე აჩვენეთ. ეს თქვენი შრომის, მიზანდასახულობისა და საკუთარი თავის რწმენის შედეგია“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მინდა, წარმატება გისურვოთ მომავალ ასპარეზობაში, რომელიც 13 მარტს გაიმართება. გახსოვდეთ, რომ მოედანზე გასვლისას თქვენ უკან დგას ქართველი გულშემატკივარი, რომლის სიყვარული და მხარდაჭერა აუცილებლად დაგეხმარებათ გამარჯვების მოპოვებაში“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს, მწვრთნელებსა და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ მიულოცეს.