საქართველოს ნაკრებმა „კარპატის თასზე“ თურქეთი დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთში, „კარპატის თასზე“, მეორე მატჩი თურქეთის ნაკრებთან ჩაატარა და 32:27 გაიმარჯვა.

პირველმა ტაიმმა საქართველოს ნაკრების უპირატესობით ჩაიარა, ქართველმა ხელბურთელებმა გიორგი ცხოვრებაძისა (8 გოლი) და გიორგი დიხამინჯიას (5) შედეგიანი თამაშით პირველი ნახევარი 19:11 მოიგეს.

თამაშის სურათი არც მეორე ნახევარში შეცვლილა, ქართველი ხელბურთელები უპირატესობას ფლობდნენ და საბოლოოდ ხუთბურთიანი უპირატესობით იმარჯვეს – 32:27.

თურქეთთან, ისევე როგორც სერბეთთან, ქართელებიდან ყველაზე მეტი გიორგი ცხოვრებაძემ გაიტანა – 13.

შეგახსენებთ, რომ „კარპატის თასის“ პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები სერბეთთან 25:35 დამარცხდა.

ტურნირის დასკვნით შეხვედრას ქართველი ხელბურთელები 5 იანვარს მასპინძელ რუმინეთთან ჩაატარებენ – მატჩი 19:30 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და სტატისტიკა თურქეთთან მატჩში:

დავით ნიქაბაძე (6 მოგერიება), ზურაბ ცინცაძე (3); გიორგი ცხოვრებაძე (13 გოლი), გიორგი დიხამინჯია (7), თეიმურაზ ორჯონიკიძე (4), ზურაბ აბრამიშვილი (3), მიარიან გავაშელიშვილი (2), გიორგი ლაპიაშვილი (1), გიორგი გრიშიკაშვილი (1), გიორგი არეშიძე (1), ვახტანგ ხელისუფალი, აკაკი პატაშური,  ირაკლი გოგოლაძე, ზურაბ გოგავა, დავით გრიშიკაშვილი, გიგა მელიავა.

Leave a Reply