საქართველოს ნაკრებმა ისრაელის გუნდი დაამარცხა

საქართველოს ნაკრები ისრაელთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში 29-32 წაგების შემდეგ, განმეორებით შეხვედრას მინუს სამი ბურთით შეუდგა. ტიტე კალანდაძის გუნდი გარკვეული ვითარების გამო, ამჯერადაც მასპინძლის რანგში იყო, რაც მდგომარეობის გამოსასწორებლად შანსებს ზრდიდა, მაგრამ საბოლოო შედეგი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა.

საქართველოს ნაკრებმა განმეორებითი შეხვედრა ორი ბურთის სხვაობით – 30-28 მოიგო, ასევე ისტორიაში პირველად დავამარცხეთ ისრაელი, მაგრამ მთავარი მიზანი მიუღწეველი დარჩა – ოთხი ბურთის უპირატესობით მოგება და ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე ესპანეთთან თამაში.

ისრაელთან შეხვედრამდე ჩვენი გუნდისთვის ასევე დიდი გამოწვევა იყო დაშავებული ხელბურთელები: თეიმურაზ ორჯონიკიძე, ირაკლი არსენაშვილი და ზურაბ გოგავა. სამწუხაროდ, ამ მხრივ მდგომარეობა უფრო გართულდა, მას შემდეგ, რაც ტრავმირებულთა რიცხვს გიორგი დიხამინჯიაც შეემატა (პირველ მატჩში ჯვარედინი იოგები დაიშავა). არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში მყოფმა საქართველოს ნაკრებმა პირველი თამაშისგან განსხვავებით ხასიათი გამოავლინა, უფრო აგრესიულად ითამაშა და რამდენიმეჯერ სასურველი შედეგიც გაჩნდა ტაბლოზე, მაგრამ ოთხბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება მაინც რთული გამოდგა. ბოლო წამებზე ორი მატჩის ჯამში ანგარიშში გათანაბრების შანსიც გვქონდა, რაც თავისთავად პენალტებამდე მიგვიყვანდა, მაგრამ ბოლო შეტევა უშედეგო გამოდგა.

შედეგად ისრაელმა, რომელიც ნომინალური მასპინძელი იყო, ორი მატჩის ჯამში 60-59 გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის მაისში, ესპანეთს დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდიდან, ისევე როგორც პირველ მატჩში, საუკეთესო იყო გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც 8 გოლი გაიტანა. 7 ბურთით საქართველოდან მეორე საუკეთესო შედეგი ჰქონდა ნიკოლოზ კალანდაძეს.

ისრაელთან ორივე მატჩის საქართველოში ჩატარების მიზეზი, 28 თებერვალს აშშ-ის და ისრაელის მხრიდან ირანში დაწყებული საომარი მოქმედებებია.

საქართველოს ნაკრები: ზურაბ ცინცაძე (5 მოგერიება), დავით ნიქაბაძე (8 მოგერიება), გიორგი ლაპიაშვილი (4), ვახტანგ ხელისუფალი, ხაზეინ რუსტამოვი (2), ვახტანგ ხარებაშვილი, გიორგი არეშიძე, ირაკლი კბილაშვილი (5), გიორგი ცხოვრებაძე (8), ნიკოლოზ კალანდაძე (7), დავით გრიშიკაშვილი, ლუკა ლანჩავა, მირიან გავაშელიშვილი (3), ლევან იმნაძე (1), საბა ბუიგლიშვილი, ნიკოლოზ მამულაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ტიტე კალანდაძე

მწვრთნელები: მერაბ მეტრეველი, შოთა თევზაძე

Leave a Reply