
საქართველოს ნაკრებმა ბოსნია გასვლით მატჩში 22:20 დაამარცხა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გასვლითი მატჩი გამართა ბოსნიაში და 22:20 გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა 13 მარტს თბილისშიც და საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა – 28:26.
ბოსნიაში გამართული მატჩის პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით, ქულა-ქულაში წარიმართა, საქართველოს ნაკრებმა ბოლოს მოახერხა ორბურთიანი უპირატესობის მოპოვება და პირველი ნახევარი – 12:10 მოიგო.
თამაშის სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა, ქართველი ხელბურთელები შეტევაში შედეგიანად თამაშობდნენ და თავსაც კარგად იცავდნენ, საბოლოოდ მოახერხეს კიდეც უმნიშვნელოვანესი თამაშის მოგება და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად დიდი ნაბიჯი გადადგეს.
ბოსნია: გრგიჩი (6 გოლი), ალილოვიჩი (4), ბურიჩი (3), პერიჩი (3), ჰადზიჩი (2), მეჰმედოვიჩი (1), ვუკშიჩი (1),.
საქართველო: ორჯონიკიძე (6 გოლი), ცხოვრებაძე (5), დიხამინჯია (5), კბილაშვილი (3), არსენაშვილი (3), ლაპიაშვილი, რუსტამოვი, არეშიძე, ზარნაძე, გოგოლაძე, გოგავა, აბრამიშვილი, გავაშელიშვილი, მელიავა.
ბოსნიაში გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს ერთ-ერთ ლიდერად გუნდის კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე მოევლინა, რომელმაც 6 გოლი გაიტანა, 5-5 ბურთი გიორგი დიხამინჯიამ და გიორგი ცხვორებაძემ მიითვალეს, ირაკლი კბილაშვილმა კი გარდა იმისა, რომ სამი გოლოი გაიტანა, არაერთი ჩინებული ასისტი შეასრულა და საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა დამსახურებულად მოიგო.
ქართველი ხელბურთელები მომდევნო შეხვედრას 8 მაისს თბილისში, საბერძნეთის ნაკრებთან გამართავენ, შესარჩევ ეტაპს კი 11 მაისს ისლანდიაში შეხვედრით დააასრულებენ.
ჩვენს ჯგუფში ისლანდიამ 15 მარტს საბერძნეთის ნაკრებს 33:21 მოუგო და ოფიციალურად გაინაღდა ევროპის ჩემპიონატზე თამაში.
სატურნირო მდგომარეობა ჩვენს ჯგუფში: ისლანდია – 8 ქულა, საქართველო – 4, ბოსნია – 2, საბერძნეთი – 2.