საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის სლოვენიაში ემზადება, ბოლო საკონტროლო შეხვედრა აფრიკის შვიდგზის ჩემპიონ, ალჟირთან ჩაატარა და დაძაბულ ორთაბრძოლაში ორბურთიანი სხვაობით – 30-32 დამარცხდა.
ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო “ზაგრების” ქართველი ინსაიდი გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც მეტოქეს 15 ბურთი (!) გაუტანა. ოთხ-ოთხი გოლი გაიტანეს გიორგი არეშიძემ, ერეკლე არსენაშვილმა და გიორგი დიხამინჯიამ.
საქართველოს ნაკრებს უმთავრესი გამოცდა 17 იანვარს, 2025 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტ, ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონ, 2003 წლის მსოფლიოს ჩემპიონ და მრავალგზის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორ ხორვატიასთან ელის. სწორედ საქართველოსა და ხორვატიის შეხვედრით გაიხსნება E ჯგუფის მატჩები. ჩვენი გუნდი 19 იანვარს ევროპის ხუთგზის და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ, არაერთი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელ და ოლიმპიური თამაშების ოთხგზის ფინალისტ, მასპინძელ შვედეთს დაუპირისპირდება, ხოლო 21 იანვარს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების სამგზის მონაწილე ნიდერლანდებთან მატჩია ჩანიშნული.
საქართველოს ნაკრები: ზურაბ ცინცაძე, დავით ნიქაბაძე, გიგი რუხაძე, ხაზეინ რუსტამოვი (1), ვახტანგ ხარებაშვილი, დავით გრიშიკაშვილი, გიორგი ლაპიაშვილი, მირიან გავაშელიშვილი (1), ვახტანგ ხელისუფალი, გიორგი არეშიძე (4), ირაკლი კბილაშვილი, ერეკლე არსენაშვილი (4), გიორგი დიხამინჯია (4), ზურაბ გოგავა, გიორგი ცხოვრებაძე (15), ნიკოლოზ კალანდაძე (1).