საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა, მაგრამ “კარპატების თასი” დაისაკუთრა
„კარპატების თასი“ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ჩვენმა გუნდმა სამიდან ორი შეხვედრა მოიგო და ისტორიაში პირველად გათამაშების ტრიუმფატორი გახდა.
უკრაინასთან საერთაშორისო ტურნირის დასკვნით დღეს, როგორც მოსალოდნელი იყო, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ ლიდერები დიდად არ დატვირთა და ახალგაზრდებს თამაშის მეტი საშუალება მისცა. უკრაინასთან შეხვედრა, რომელიც სატურნირო მდგომარეობით არაფერს ცვლიდა, მეტოქის გამარჯვებით – 32-28 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებიდან შვიდი გატანილი ბურთით და სამი ასისტით საუკეთესო იყო მირიან გავაშელიშვილი. ოთხ-ოთხი ბურთი გაიტანეს გიორგი ლაპიაშვილმა, ვახტანგ ხარებაშვილმა და გიორგი დიხამინჯიამ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა „კარპატების თასი“ ტურნირის გათამაშებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა.
ჩვენმა გუნდმა გათამაშების პირველ დღეს სლოვაკეთი დაამარცხა, მეორე დღეს – მასპინძელი რუმინეთი. გათამაშების დასკვნით დღეს უქულოდ მყოფ უკრაინასთან შედეგის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები პირველ ადგილს შეინარჩუნებდა და შესაბამისად ტურნირის გამარჯვებულიც ის გახდებოდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა „კარპატების თასზე“ წლეულს, იანვრის დასაწყისშიც იასპარეზა და ოთხ გუნდს შორის მეორე ადგილი დაიკავა. პირველ შეხვედრაში სერბეთთან დავმარცხდით (25-35), მეორეში და მესამეში თურქეთს (32-27) და მასპინძელ რუმინეთს (35-34) მოვუგეთ.
საქართველოს ნაკრები:
დავით ნიქაბაძე (10 სეივი) მირიან გავაშელიშვილი (7 გოლი, 3 ასისტი), გიორგი ლაპიაშვილი (4), ვახტანგ ხარებაშვილი (4), გიორგი დიხამინჯია (4), ზურაბ გოგავა (3 გოლი, 2 ასისტი), გიგი მელიავა (2 გოლი, 1 ასისტი), გიორგი არეშიძე (2), ვახტანგ ხელისუფალი (1 გოლი, 2 ასისტი), ნიკოლოზ კალანდაძე (1), ირაკლი კბილაშვილი, ერეკლე არსენაშვილი, ხაზეინ რუსტამოვი, გუგა უთმელიძე, გიგი რუხაძე.