საქართველოს ნაკრები ერთა თასის გათამაშების გამარჯვებული გახდა
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული ერთა თასის (IHF/EHF Trophy 2021) გათამაშების გამარჯვებული გახდა. საქართველოს ნაკრებმა ფინალურ მატჩში კვიპროსის ნაკრები დაამარცხა – 32-18 და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო საფეხურზე გადაინაცვლა.
ქართველმა ხელბურთელებმა ფინალური შეხვედრის პირველი ტაიმი 14-6 მოიგეს, მეორე ნახევარში კი მეტოქეს კიდევ 18 გოლი გაუტანეს. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა გიორგი ცხოვრებაძე, რომელმაც კვიპროსელთა კარი 11-ჯერ აიღო.
საქართველოს ნაკრების ჩათვლით, ტურნირის მოსაგებად ევროპის 6 განვითარებადი ნაკრები იბრძოდა, საუკეთესო სამეული კი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო ეტაპზე გავიდა.
თბილისში გამართული ერთა თასის ჯგუფურ ეტაპზე ჩვენმა გუნდმა აზერბაიჯანი (36-16), მოლდოვა (27-20) და ბულგარეთი (32-19) დაამარცხა.