
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის გადამწყვეტ მატჩში, თბილისში, საბერძნეთი 29:26 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს.
ქართველმა ხელბურთელებმა გამარჯვება დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვეს. პირველ ტაიმში ჩვენი გუნდის მდგომარეობა კაპიტნის, თეიმურაზ ორჯონიკიძის ტრავმამ გაართულა, რომელმაც თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
პირველი ტაიმი სტუმრებმა ორბურთიანი უპირატესობით, 16:14 მოიგეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში ბერძნებმა სამბურთიანი ჰანდიკაპიც მოიპოვეს, მაგრამ ამის შემდეგ ქართველმა ხელბურთელებმა ძალების მობილიზება შეძლეს და თანდათან უპირატესობასაც დაეუფლნენ. მატჩის დასრულებამდე 9 წუთით ადრე ქართელებმა ანგარიში გაათანაბრეს, აქედან მოყოლებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ, საბოლოოდ, მეტოქე 29:26 დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშე მეკარე დავით ნიქაბაძე გახდა, რომელმაც მეორე ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარა და ურთულესი ბურთები მოიგერია (სულ 6 სეივი).
საქართველოს ნაკრები: დავით ნიქაბაძე (6 სეივი), ზურაბ ცინცაძე (5 სეივი); გიორგი დიხამინჯია (7 გოლი), ირაკლი კბილაშვილი (6), ერეკლე არსენაშვილი (5), გიორგი ცხოვრებაძე (4), ვახტანგ ხელისუფალი (2), გიორგი არეშიძე (2), თეიმურაზ ორჯონიკიძე (2), მირიან გავაშელიშვილი (1), გიორგი ლაპიაშვილი, გიგა ზარნაძე, ირაკლი გოგოლაძე, ზირაბ გოგავა, ზურაბ აბრამიშვილი, გიგა მელიავა.
შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები 11 მაისს ისლანდიაში გამართავს – მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2026 წლის 15 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში ჩატარდება.
