საქართველოს ნაკრების მეტოქე | ისლანდიის ნაკრებმა სლოვენია დაამარცხა და ძირითად ეტაპზე ითამაშებს

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქემ, ისლანდიის ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატის წინასწარ ეტაპზე მესამე მატჩი ჩაატარა, სლოვენია 23:18 დაამარცხა, ჯგუფში სამიდან სამი თამაში მოიგო და ძირითად ეტაპზე გააგრძელებს ბრძოლას.

ისლანდიის ნაკრების შემადგენლობა:

ვ. კრისტიანსონი (7 გოლი), პალმარსონი (5), სმარასონი (3), ტორკელსონი (3), ვიდარსონი (2), რიჰარდსონი (1), გ. კრისტიანსონი (1), იონსონი (1), ეინარსონი, ელისონი, გისლასონი, გუდიონსონი, გუსტავსონი, ჰალგრიმსონი.

შეგახსენებთ, რომ სლოვენიის გარდა, ისლანდიელებმა კაბო ვერდე (34:21) და კუბა (40:19) დაამარცხეს.

ძირითად ეტაპზე გასული 24 ნაკრები 4 ჯგუფში (თითო ექვსგუნდიანი) გადანაწილდება. G ჯგუფის სამ გუნდს (ისლანდია, სლოვენია, კაბო ვერდე) H ჯგუფის სამი წარმომადგენელი დაემატება (ეგვიპტე, ხორვატია, არგენტინა). გუნდებს პირველ ეტაპზე დაგროვილი ქულები (ბოლოადგილოსნებთან მოპოვებული ქულების გარდა) გადაჰყვებათ და მეოთხედფინალის საგზურისთვის განაგრძობენ ბრძოლას. წინასწარ ეტაპზე შეხვედრილი გუნდები ერთმანეთს აღარ ეთამაშებიან.

პლეი ოფის საგზურის მოსაპოვებლად ისლანდია ეგვიპტეს (22 იანვარი), ხორვატიას (24 იანვარი) და არგენტინას (26 იანვარი) შეხვდება.

მეოთხე ჯგუფში სატურნირო მდგომარეობა ასეთია: ეგვიპტე (4 ქულა), ისლანდია (4), ხორვატია (2), სლოვენია (2), კაბო ვერდე (0), არგენტინა (0).

მეოთხედფინალის საგზურს ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.

Leave a Reply